Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის ამბები: დავქორწინდეთ?


ვის უნდა ჰქონდეს დაქორწინების უფლება? და ვინ უნდა გადაწყვიტოს ეს - ფედერალურმა მთავრობამ, ადგილობრივმა მთავრობებმა თუ საზოგადოებამ? ამ შეკითხვებზე პასუხის მოძებნას ამერიკის საზოგადოება უკვე წლებია ცდილობს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე დისკუსიაში იმის შესახებ, უნდა ჰქონდეთ თუ არა ერთსქესიან წყვილებს დაქორწინების კანონიერი უფლება.

არგუმენტები, რომლებსაც ერთსქესიანი ქორწინებების მომხრეები და მოწინააღმდეგეები ეყრდნობიან, ამერიკული საზოგადოებისთვის ყველაზე მწვავე და ყველაზე დიდი დაპირისპირების გამომწვევ თემებს ეყრდნობა - მორალს, რელიგიას, უმცირესობების უფლებებს და მთავრობის როლსა თუ ფუნქციებს. გამარჯვება ჯერჯერობით არც ერთ მხარეს არ მოუპოვებია.

თუმცა როდესაც ერთსქესიანი ქორწინება გასულ წელს ნიუ-იორკის შტატმა დააკანონა, მომხრეებმა ამას გარდამტეხი ეტაპი უწოდეს. ჰომოსექსუალთა ქორწინებებს უშვებს და აღიარებს აშშ-ის ექვსი შტატი და დედაქალაქი - ვაშინგტონი, მსოფლიოს თექვსმეტიოდე ქვეყანასთან ერთად. წელს, შესაძლოა, ასეთი შტატების რაოდენობა გაორმაგდეს - საკითხს კიდევ 6 შტატი განიხილავს.

სექსუალური უმცირესობებისთვის ყველაზე დიდ გამარჯვებად ერთსქესიანი ქორწინების კალიფორნიაში დაკანონება ჩაითვლება - აშშ-ის ყველაზე მრავალრიცხოვან შტატში, სადაც 98 000-ზე მეტი ერთსქესიანი წყვილი ცხოვრობს.
უკვე ის ფაქტი, რომ ჰომოსექსუალთა ქორწინების საკითხმა აშშ-ის ბევრი შტატის საკანონმდებლო პროგრამაში ასეთი აქტუალურობა შეიძინა, მოწმობს, რომ ამერიკელების შეხედულებები ბოლო წლების მანძილზე მნიშვნელოვნად შეიცვალა. არც ისე დიდი ხნის წინ მოსახლეობის უმრავლესობა თვლიდა, რომ ერთი სქესის ადამიანებს შორის ქორწინება უცნაური რამ იყო - არაბუნებრივიც კი. ამ ნეგატიური სტიგმის დასუსტება ბევრმა ფაქტორმა გამოიწვია.
იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რომ სამოქალაქო უფლებების შესახებ სამხრეთში ჩატარებული რეფერენდუმი წარმატებული იქნებოდა და უმცირესობებს სამართალს მოუტანდა...
შეილა ოლივერი


ჰომოსექსუალობის შესახებ მცდარი წარმოდგენები და ნეგატიური სტერეოტიპები, როგორც წესი, ინფორმაციის ნაკლებობისა და ირაციონალური შიშების ბრალია ხოლმე. შესაბამისად, ინფორმაციის გავრცელებამ, რომ დღევანდელი დასავლელი ექიმების მიერ მიღწეული კონსენსუსით ჰომოსექსუალობა არ ითვლება „გადახრად“ ან „ავადმყოფობად“, და რომ თანამედროვე მეცნიერთა უმრავლესობა მას მხოლოდ ადამიანის სექსუალობის ვარიაციად მიიჩნევს - მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ნეგატიური სტერეოტიპების გაფანტვას.

ამასთან, საჯარო სივრცეში - კულტურულ, პოლიტიკურ, ბიზნეს ცხოვრებაში - სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ინდივიდები, რომლებიც ღიად აცხადებენ თავიანთი ჰომოსექსუალობის შესახებ. სატელევიზიო გადაცემებში, ფილმებში ხშირად შეხვდებით ერთსქესიან წყვილებს. იანვრის ბოლოს პენსიაზე გასვლის ეტაპზე მყოფმა ცნობილმა კონგრესმენმა, მასაჩუსეტსელმა ბარნი ფრანკმა საჯაროდ განაცხადა, რომ თავის მამაკაც პარტნიორთან დაქორწინებას აპირებს. ფრანკი ამერიკის ისტორიაში პირველი კანონმდებელია, რომელმაც თავისი სექსუალობა არ დამალა და საჯაროდ გამოაცხადა.

ალბათ არ არის გასაკვირი, რომ ქორწინების უფლების გაფართოებას ყველაზე მეტი მომხრე ახალგაზრდებში ჰყავს. ორი წლის წინ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, 30-45 წლამდე ასაკის მოსახლეობის თითქმის ნახევარი უჭერს მხარს ერთსქესიან ქორწინებას. 45-დან 65 წლის ასაკის ჯგუფში კი თითქმის 40 პროცენტი. პენსიონერებს შორის ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას 30 პროცენტი ემხრობა. ეს მონაცემები მოწმობს, რომ თანდათან სულ უფრო მეტი ამერიკელი იზიარებს უფლებადამცველების არგუმენტს, რომ ჰომოსექსუალი წყვილებისთვის იმ კანონიერი სტატუსის წართმევა, რომლითაც ჰეტეროსექსუალი წყვილები სარგებლობენ, სამოქალაქო უფლებების დარღვევას წარმოადგენს.

ამერიკაში ქორწინებას თან რიგი შეღავათები და უპირატესობები ახლავს - მათ შორის გადასახადების შემცირება, უკეთესი საპენსიო შეთანხმება, გაიაფებული დაზღვევა და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საკუთრების მემკვიდრეობით მიღების უფლება. დიდწილად სწორედ ამ შეღავათების გამო ხდება, რომ ქორწინების უფლების თანასწორობისთვის ბრძოლას ხშირად ადარებენ აფრიკული წარმოშობის ამერიკელების მოძრაობას სამოქალაქო უფლებებისთვის 1950-იან და 60-იან წლებში - ისევე როგორც ქალების მხრიდან 1970-იან წლებში წარმოებულ კამპანიას თანასწორუფლებიანობისთვის.

თუმცა, ზუსტად ისევე, როგორც იმ ისტორიული ბრძოლების დროს, ერთსქესიანი ქორწინებისთვის მოძრაობასაც ძლიერი წინააღმდეგობა ხვდება. ბევრი ამერიკელი თვლის, რომ ქორწინება ღმერთის წინაშე შემდგარი წმინდა კავშირია, რომელიც მხოლოდ კაცსა და ქალს შორის შეიძლება არსებობდეს. ამ შეხედულებას იზიარებს რესპუბლიკური პარტიის ოთხივე საპრეზიდენტო კანდიდატი. რაც შეეხება დემოკრატ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას, - მას ჰომოსექსუალი აქტივისტები მოკავშირედ და მხარდამჭერად მიიჩნევენ, თუმცა ქორწინების საკითხთან მიმართებით ობამაც აცხადებს, რომ მყარი პოზიცია არ აქვს და მისი შეხედულება „განვითარების პროცესშია“.
ადამიანის ფუძემდებლური უფლებების საკითხი არასოდეს არ უნდა გადაწყდეს რეფერენდუმის გზით...
ბონი უოტსონ კოულმანი

ერთსქესიანი ქორწინებისთვის ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, მოძრავი თეატრი ახორციელებს ტურნეს ამერიკის მასშტაბით. წარმოდგენა, რომელსაც თეატრი მაყურებელს სთავაზობს, ერთსქესიანი ქორწინების მხარდამჭერ არგუმენტებს უსვამს ხაზს. სპექტაკლი, სახელწოდებით „8“, დიდი წარმატებით დაიდგა ბროდვეიზე, მარტში კი მისი დებიუტი ლოს-ანჯელესში გაიმართება, ჯორჯ კლუნით მთავარ როლში...

მაგრამ მყარად ფესვგადგმული შეხედულებების შეცვლა მაინც ძალიან ძნელია.
ახლახან ნიუ-ჯერსის გუბერნატორი კრის კრისტი გახდა კრიტიკის ობიექტი - მან განაცხადა, სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლას შესაძლოა ძალადობრივი ფორმა არ მიეღო, ამერიკელებს შავკანიანებისთვის თანასწორი უფლებების მიცემის საკითხზე რეფერენდუმის გამართვის საშუალება რომ მისცემოდათო. ამ განცხადებამ ძალიან გააკვირვა შეილა ოლივერი - პირველი შავკანიანი ქალი, რომელიც ნიუ-ჯერსის საკრებულოს ხელმძღვანელი გახდა. ოლივერი, ამავდროულად, ქორწინების უფლების გაფართოების ცნობილი მხარდამჭერია.
„იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რომ სამოქალაქო უფლებების შესახებ სამხრეთში ჩატარებული რეფერენდუმი წარმატებული იქნებოდა და უმცირესობებს სამართალს მოუტანდაო“, - განაცხადა მან.

ოლივერის შეხედულებას იზიარებს კიდევ ერთი კანონმდებელი, ბონი უოტსონ კოულმანი, რომელმაც ნიუ-ჯერსის გუბერნატორის განცხადებებს „ისტორიის საწინააღმდეგო“ უწოდა.

„ის წლები საოცრად საშიში და მტრული იყო აფრიკული წარმოშობის ამერიკელებისა და სხვა უმცირესობებისთვის, რომლებიც სამხრეთში ცხოვრობდნენ. ადამიანის ფუძემდებლური უფლებების საკითხი არასოდეს არ უნდა გადაწყდეს რეფერენდუმის გზითო“, - განაცხადა მან.
XS
SM
MD
LG