Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული დესერტი


22 თებერვალს თბილისში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ”ქართული დესერტის” დღე აღინიშნა. ქართული ჩურჩხელის, თაფლის, გოზინაყის, ჩირის, ჩაის, სუნელებისა და ტკბილეულის მწარმოებელმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია გამოფინეს და მისულ სტუმრებს დააგემოვნებინეს კიდეც.

რამდენად პოპულარულია ქართული დესერტი საქართველოში და რა შანსები აქვს მას ევროპულ ბაზარზე?

ბარბარე ჯორჯაძის სამზარეულოს წიგნში, რომელიც პირველად 1874 წელს დაიბეჭდა, ვკითხულობთ:

”თეთრი ყურძნის ტკბილი აიღეთ, იქამდინ ადუღეთ, სანამდის ცოტათი სუნი მიეცემა ბადაგის. როცა ბაგადი გაცივდეს, გასწურეთ პარკში, ფქვილი კარგი ძარღვიანი უნდა იყოს და ორჯერ გამტკიცული. ისე წყნარ-წყნარა იდუღოს, რომ არ წამოდუღდეს, იმდენ ხანს უნდა იშუშოს წყნარ-წყნარა, რომ ფქვილის გემო არა ჰქონდეს და თათარამ კრიალი დაიწყოს... ჩურჩხელა არ გაახმოთ, ისევ რბილად ჩამოსჭერით, ყუთში ჩაუფინეთ რამე და შიგ ჩაალაგეთ, ზევიდან თბილად დაახურეთ...”
ქვეყნის შიგნით პროდუქციის პოპულარიზაცია პირდაპირ უწყობს ხელს ქვეყნის გარეთ მის პოპულარიზაციას...
ეთერ გამარაული

ტრადიციული ქართული ტკბილეული დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა, მაგრამ რაც გვაქვს, იმით თავის მოწონება და მისი როგორც ქართული, ისე უცხო ქვეყნების ბაზრებისათვის შეთავაზება თამამად შეგვიძლიაო, - ამ აზრის არიან როგორც ქართული ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიები, ისე სოფლის მეურნეობის სამინისტროც. თუმცა მინისტრის მოადგილე ეთერ გამარაული შენიშნავს, რომ ქართული დესერტი პოპულარული ჯერ საქართველოში უნდა გახდეს. გამოფენა, რომლითაც 22 თებერვალს ქართული დესერტის დღე აღინიშნა, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა:

”ქვეყნის შიგნით პროდუქციის პოპულარიზაცია პირდაპირ უწყობს ხელს ქვეყნის გარეთ მის პოპულარიზაციას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში მცხოვრებმა უცხოელებმა და საქართველოს მოქალაქეებმაც იცოდნენ რა პროდუქცია იწარმოება საქართველოში ნამდვილად ქართული. აი, მაგალითად, ჩურჩხელა უკვე დარეგისტრირებულია როგორც მხოლოდ ქართული პროდუქცია. არსებობს ქართული თაფლი, ქართული ჩირი, რომელსაც თავისი განსაკუთრებული თვისებები აქვს.”
გამოფენაზე ქართული დესერტის ნაირსახეობები დაახლოებით ათ მაგიდაზე განაწილდა. ერთგან თაფლის სურნელი ტრიალებს, მეორე მაგიდასთან ხილის წვენის თათარა იხარშება და ჩურჩხელებსაც იქვე ავლებენ, მესამესთან ქართული ხილის ჩაის აგემოვნებენ... კომპანია ”დოვლის” დირექტორი რუსუდან ფანცულაია მოგვითხრობს, რომ მათ ძველი ქართული რეცეპტი გაიხსენეს, ცოტა თავისი საიდუმლოც დაამატეს და უკვე რამდენიმე თვეა ბაზარზე ეს ნუგბარიც გამოჩნდა:

”ეს არის გამომშრალი ხილი, ნიგვზით - ძველი ქართული რეცეპტის მიხედვითაა მომზადებული, რომელიც ჩვენ მოვიძიეთ. ადრეც არსებობდა ეს ტექნოლოგია, უფრო დავხვეწეთ. გარგარი, ატამი, მსხალი და ქლიავია ამ კომპლექტში წარმოდგენილი.”

თაფლის კუთხესთან შპს ”მეთაფლიესა” და ლაურა ზირაქაშვილს ვხვდებით. ფუტკრის რძეს უცნაური მომჟავო გემო აქვს, იქვეა ცაცხვის და წაბლის თაფლიც:

”ქართული თაფლი იმითაც გამოირჩევა, რომ სუფთა ზონაა და თაფლიც ეკოლოგიურად სუფთაა. ქართულ თაფლსა და ფუტკრის რძეზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, მაგალითად, საფრანგეთისა და იაპონიისგან. თუმცა ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვაწარმოებთ დიდი რაოდენობით ამ პროდუქციას.”

ორი კვირის წინ ქართულ ბაზარზე ხილის ჩაი ”გურიელიც” გამოჩნდა, სულ სამი ნაირსახეობის: ქართული სუბტროპიკი, ქართული ტყის ხილი და ქართული კენკრა. ვნახოთ პირველი შთაბეჭდილებები:

”საკმაოდ პრეტენზიული მომხმარებელი ვარ, თუმცა საკმაოდ არომატული და გემრიელია.”

ხილის ჩაისათვის ტყის ვაშლს, ლიმონსა და ფეიხოს იყენებენ. ქართულ დესერტებს შორის არის ხილის პიურესაგან დამზადებული ტყლაპიც. მისი მწარმოებელი იური კოპაძე ამბობს, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა ტყემლისა და ვაშლის ტყლაპებზეა. ჯერჯერობით პოპულარობით სარგებლობს ხილის წვნისგან დამზადებული ჩურჩხელა და ფელამუშიც:

”ვიყენებთ ვაშლის წვენს, ქლიავის წვენს, შინდის წვენს. რომ იცოდეთ, არაფრით ჩამოუვარდება ყურძნის ჩურჩხელას, თუმცა ყველას შეუძლია თავად აირჩიოს.”

განსაკუთრებული ხალხმრავლობა ქართული სუნელების მაგიდასთანაა. სუნელების მწარმოებელი კომპანია ”გეოს” წარმომადგენელი ქრისტინე ბალანჩივაძე მთავარ ქართულ სუნელად სვანურ მარილს ასახელებს.

გაზეთ Weekend-ის ყოველკვირეული დამატების, ”მარნის” მიმომხილველი ქეთი ადეიშვილი გვეუბნება, რომ თუ ქართული კულინარიის ისტორიას გადავხედავთ, იქ ძნელად გადავაწყდებით ბევრნაირ ქართულ ტკბილეულს. და თუ მაინც ვლაპარაკობთ მის პოპულარიზაციაზე, პირველ რიგში ჩურჩხელა და გოზინაყი უნდა ვახსენოთ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG