Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეის ბედი ისევ "დიადი მემკვიდრის" ხელში


ჩრდილოეთი კორეა. კიმების დინასტიის სამივე წარმომადგენელი: (მარცხნიდან) კიმ ირ სენი, კიმ ჩენ ირი და კიმ ჩენ ინი
ჩრდილოეთი კორეა. კიმების დინასტიის სამივე წარმომადგენელი: (მარცხნიდან) კიმ ირ სენი, კიმ ჩენ ირი და კიმ ჩენ ინი
ორშაბათს დილით ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის დიქტორმა შავებში გამოწყობილმა მიმართა მაყურებელს და აკანკალებული ხმით აუწყა „დიადი ლიდერის“ გარდაცვალების ამბავი: „ვაცხადებ უღრმესი მწუხარების განცდით, რომ უეცარი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა ჩვენი დიადი ლიდერი, კიმ ჩენ ირი, როცა იმყოფებოდა გზაში საველე დავალების გასაძღოლად 2011 წლის 17 დეკემბერს“.

ჩრდილოეთკორეელმა მაყურებელმა ამ მიმართვით შეიტყო ისიც, რომ 69 წლის კიმ ჩენ ირი გარდაიცვალა ფიზიკური და ფსიქიკური გადატვირთვის შედეგად. მოგვიანებით გავრცელებულ ცნობაში სიკვდილის მიზეზად დასახელდა გულის შეტევა.
ჩრდილოეთ კორეას ახალი ლიდერი ეყოლება
please wait

No media source currently available

0:00 0:01:02 0:00

ტელედიქტორის ხმააკანკალებულ, პათეტიკურ მიმართვაზე არანაკლებ დამთრგუნველ შთაბეჭდილებას სტოვებს ტელეკადრები, რომლებიც გვაჩვენებს ხალხის გლოვას ფხენიანის ქუჩებში...
„არ ვიცი, სიტყვებით როგორ გამოვთქვა ჩემი მწუხარება. ვეღარ ვლაპარაკობო“, ამბობს ფხენიანის მკვიდრი და ცრემლებს ვერ იკავებს რეპორტაჟში, რომელიც ჩინეთის ტელევიზიამ აჩვენა. კომუნისტური რეჟიმის გარდაცვლილ ლიდერს ფხენიანში დაკრძალავენ 28 დეკემბერს.

კიმ ჩენ ირის 17-წლიანი მმართველობის შემდეგ ჩრდილოეთ კორეელებისათვის დაიწყო გაურკვევლობის პერიოდი, რომელსაც ბევრი აღიქვამს სახიფათოდ ამ ქვეყანაშიც და მის საზღვრებს გარეთაც. საფრთხე უკავშირდება, უწინარეს ყოვლისა, ბირთვულ პროგრამას. კიმ ჩენ ირის დესპოტური რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ძალისხმევა მიმართული იყო ბირთვული იარაღის შექმნისაკენ, რისი საფასურიც გახდა ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია და ცხოვრების უმძიმესი პირობები თითქმის მთელი მოსახლეობისათვის.

უკვე გარკვეულია გარდაცვლილი ლიდერის მემკვიდრის ვინაობა: ახლა კიმ ჩენ ირის უმცროსი ვაჟიშვილის, კიმ ჩენ ინის ხელშია ჩრდილოეთ კორეის მკვიდრი 23 მილიონამდე ადამიანის ბედი. ახალი ლიდერი 30 წლისაც არ არის. ოფიციალური მედია მას მოიხსენიებს „დიად მემკვიდრედ“, „პარტიის, არმიისა და ხალხის გამოჩენილ ლიდერად“.

ძალაუფლება მემკვიდრეობით ერგო მამამისსაც, ამ უკანასკნელსაც „დიად მემკვიდრედ“ მოიხსენიებდნენ მას შემდეგ, რაც 1994 წელს გარდაიცვალა ჩრდილოეთ კორეის დამაარსებელი, კიმ ირ სენი. მაშინ 52 წლის კიმ ჩენ ირს ჰედონისტის რეპუტაცია ჰქონდა - ცნობილი იყო, როგორც ჭამა-სმისა და საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა დიდი მოტრფიალე. მისი მმართველობის პერიოდში კიდევ უფრო დამძიმდა ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკური მდგომარეობა. სავარაუდოდ, მილიონობით ადამიანი შეიწირა მარტო შიმშილმა 90-იან წლებში...

რა ბედი ელის ჩრდილოეთ კორეასა და მის მკვიდრთ ახლა, კიმ ჩენ ირის გარდაცვალებისა და ხელისუფლების სათავეში მისი შვილის ჩადგომის შემდეგ, მნიშვნელოვანი შეკითხვაა სხვა ქვეყნებისთვისაც. სამხრეთმა კორეამ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა შეიარაღებული ძალები. გაძლიერდა დაცვა 250-კილომეტრიან საზღვარზე, რომელიც 60 წელიწადზე მეტია, ჰყოფს ერთმანეთთან კონფლიქტის მქონე ორ კორეას. შეერთებულ შტატებში გაკეთებული განცხადებით, პრეზიდენტი ბარაკ ობამა ტელეფონით ესაუბრა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს და დაუდასტურა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა კორეელი მოკავშირის მიმართ. რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეასთან ვაშინგტონის ურთიერთობას, ცნობილია, რომ ის დაძაბულია, უწინარეს ყოვლისა, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის გამო. საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მოთხოვნისა და საგარეო-პოლიტიკური იზოლაციის მიუხედავად, კიმ ჩენ ირის რეჟიმმა შექმნა და 2006 წელს გამოსცადა კიდეც ბირთვული იარაღი, რომელიც დაემატა კონვენციური იარაღის დიდ არსენალს ამ ქვეყანაში.

საერთაშორისო სარბიელზე ჩრდილოეთ კორეის მოკავშირედ მიჩნეული მეზობელი ჩინეთი დღეს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა კიმ ჩენ ირის გარდაცვალებას. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მწუხარება გამოთქვა და მიუსამძიმრა ჩრდილოეთკორეელ ხალხს.

ჩინეთი შეერთებულ შტატებთან, რუსეთთან, იაპონიასთან და ორ კორეასთან ერთად მონაწილეობდა ე.წ. ექვსმხრივ მოლაპარაკებაში, რომელიც ეხებოდა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამას და რომელიც 2009 წელს შეწყდა.

განახლდება თუ არა ეს მოლაპარაკება, ახლა დამოკიდებულია კიმ ჩენ ინზე. ის უკვე რამდენიმე მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მაგრამ არასოდეს შეხვედრია მსოფლიოს ლიდერებს. უცხოეთში თითქმის არაფერი იციან ჩრდილოეთ კორეის მმართველი კომუნისტური დინასტიის ამ გამგრძელებელზე.
XS
SM
MD
LG