Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”: ”სარეკლამო ბაზარი მონოპოლიზებულია”


საქართველოს სარეკლამო სექტორი კონკურენციის ნაკლებობითა და ბაზრის მძლავრი კონცენტრაციით ხასიათდება, ის მონოპოლიზებულია - ასეთ შეფასებას აძლევენ საქართველოს სარეკლამო ბაზარს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მედიამკვლევარები და მოუწოდებენ სამთავრობო სტრუქტურებს არ ჩაერიონ მედიისა და სარეკლამო ბაზრის ფუნქციონირებაში. გამოკვლევის პრეზენტაცია 13 დეკემბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა ჟურნალისტებმა და მედიაექსპერტებმა მიიღეს. პრეზენტაციაზე მიწვეული იყო მონოპოლისტად შეფასებული რეკლამების გაყიდვების სახლის ხელმძღვანელობა და ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, მაგრამ ისინი ”თბილისი მარიოტში” გამართულ პრეზენტაციაზე არ მისულან. საქართველოს სარეკლამო ბაზრის გამოკვლევა, IREX-ის G MEDIA პროგრამის ფარგლებში, USAID - ის მხარდაჭერით განხორციელდა.

დიდი რეკლამის დამკვეთები ხშირ შემთხვევაში იმდენად არიან ინტეგრირებულები სახელისუფლებო სტრუქტურებთან პერსონალურადაც და ფინანსურადაც, რომ მათ უკვე იციან, ვინ არის მათი გუნდის წევრი ...
საქართველოს სარეკლამო ბაზარი მონოპოლიზებულია - ასეთი დასკვნა გამოიტანეს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მკვლევარებმა მას შემდეგ, რაც მათ საქართველოს სარეკლამო ბაზარი შეისწავლეს. აღნიშნული აზრის გასამყარებლად ისინი არც კონკრეტული გვარ-სახელებისა თუ კომპანიების დასახელებას ერიდებიან. ერთ-ერთ მთავარ მონოპოლისტად რეკლამების გაყიდვების სახლი ”ჯენერალ მედია” სახელდება. როგორც მკვლევარები მიუთითებენ, 2010 წლის ბოლომდე საქართველოს სატელევიზიო რეკლამების ბაზარზე ორი გაყიდვების სახლი დომინირებდა. ერთ-ერთი მათგანია ”თაჩ მედია”, ”იმედის” ჰოლდინგური კომპანიის „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის” ნაწილი. ჰოლდინგის გენერალური დირექტორი გიორგი არველაძეა. მეორეა ”მედია ჰაუსი”, მისი მფლობელი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი იყო. 2011 წლიდან ბაზარზე ახალი კომპანია, ”ჯენერალ მედია” შემოდის. ის ამ ორი წამყვანი გაყიდვების სახლის აქტივობების დე ფაქტო შერწყმის შედეგია, ამბობენ მკვლევარები. მამუკა ანდღულაძე, მედიანალიტიკოსი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი, მიუთითებს, რომ ”ჯენერალ მედია” მხოლოდ იმ ტელეარხებთან თანამშრომლობს, რომლებიც ხელისუფლების მომხრეებად ითვლებიან.

”გამოვყოფდი ”ჯენერალ მედიას”. ის ექსკლუზიურად თანამშრომლობს „რუსთავი 2“- თან, ”იმედთან”, ”მზესთან”. თანამშრომლობს ასევე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“, ხოლო ე.წ. პროოპოზიციურ არხებთან არ აქვს თანამშრომლობა”, - ამბობს მამუკა ანდღულაძე.

როგორც გამოკვლევაშია მითითებული, იმ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც სენსიტიურ პოლიტიკურ მოვლენებს აშუქებენ, რეკლამების მოზიდვაში სირთულეები ექმნებათ. მკვლევარები კერძო სექტორის დიდ ნაწილში არსებულ თვითცენზურის გარემოზეც ლაპარაკობენ და ამბობენ, რომ ბიზნესის ლიდერები დამოუკიდებელ მედიასაშუალებებში რეკლამის განთავსებას თავიანთი საწარმოს წარმატებისათვის პოტენციურ რისკად აღიქვამენ. მკვლევარების აღნიშნულ დასკვნას ეთანხმება ტელეკომპანია ”კავკასიის” ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი და ის აღნიშნული მიმართულებით საკუთარი გამოცდილების მაგალითზე საუბრობს:

”დიდი რეკლამის დამკვეთები ხშირ შემთხვევაში იმდენად არიან ინტეგრირებულები სახელისუფლებო სტრუქტურებთან პერსონალურადაც და ფინანსურადაც, რომ მათ უკვე იციან, ვინ არის მათი გუნდის წევრი და ისიც იციან, რომ არამათი გუნდის წევრები არ უნდა გააძლიერონ ფინანსურად. ეს ყველაფერი ქმნის უმძიმეს გარემოს იმისათვის, რომ დამოუკიდებელ მედიას რაიმე შანსი დარჩეს განვითარების. რამდენიმე ხნის წინ ფინანსურ პოლიციაში სამმართველოს უფროსთან დაიბარეს რამდენიმე ათეული რეკლამის დამკვეთი კომპანიების წარმომადგენლები და გააფრთხილეს, რომ არ მოეტანათ ”კავკასიაში” რეკლამა.”
ამ შემთხვევაში კომპანიებისათვის მნიშვნელოვანია ჟურნალების ცნობადობა. მინდა გითხრათ, რომ ”ტაბულას” ცნობადობა გაცილებით მაღალია ...

თუკი ბეჭდურ მედიასა და მის ფურცლებზე მიმდინარე სარეკლამო გარემოზე გავამახვილებთ ყურადღებას, მაშინ აუცილებლად უნდა აღინიშნოს გამოკვლევის ერთ-ერთი თავი, სახელწოდებით ” ‘ტაბულა’ ‘ლიბერალის’ წინააღმდეგ”. როგორც მკვლევარები წერენ, ჟურნალ ”ტაბულაში”, რომლის რედაქტორიცაა თამარ ჩერგოლეიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას მეუღლე, რეკლამის დამკვეთები შთამბეჭდავი რაოდენობის რეკლამებს ათავსებენ, მაშინ როდესაც ”ტაბულას” უშუალო კონკურენტი ჟურნალი ”ლიბერალი” რეკლამის დამკვეთების მიზიდვას გაჭირვებით ახერხებს. მკვლევართა აღნიშნულ აზრს გამოკვლევის პრეზენტაციაზე მისული ჟურნალ ”ტაბულას” ად¬გი¬ლობ¬რი¬ვი პო¬ლი¬ტი¬კის განყოფი¬ლე¬ბის მი¬მომ¬ხილ¬ვე¬ლი სალომე უგულავა ეხმაურება და ამბობს, რომ სარეკლამო ბაზრის კვლევა ”ტაბულასთვის”, რომელიც ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანიამ „ეი სი თი“-მ ჩაატარა, იძლევა პასუხს კითხვაზე, თუ რატომ უკვეთენ კომპანიები რეკლამას ”ტაბულაში”.

”რაკი ”ლიბერალს” ადარებთ, მეც ამ ჟურნალთან დაკავშირებით ვიტყვი: ამ შემთხვევაში კომპანიებისათვის მნიშვნელოვანია ჟურნალების ცნობადობა. მინდა გითხრათ, რომ ”ტაბულას” ცნობადობა გაცილებით მაღალია და, ალბათ, დამეთანხმებით, რომ იმისათვის, რომ რეკლამა დაუკვეთო, კარგად უნდა იცნობდე ჟურნალს”, - ამბობს სალომე უგულავა.

”ჩვენი ცოდნა დაფუძნებული იყო ვარაუდებსა და ხმებზე, რომელიც მუდმივად ტრიალებდა სარეკლამო სფეროს გარშემო, აღნიშნულმა გამოკვლევამ კი მოგვცა საშუალება, რომ გვქონდეს კონკრეტული სქემები, ანალიზი და შედეგი, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია უფრო დაბეჯითებით ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოს სარეკლამო ბაზარზე”, - ასეთი შეფასება გააკეთა ჟურნალისტმა ია ანთაძემ მას შემდეგ, რაც გამოკვლევის პრეზენტაცია მოისმინა: ”ძალიან დაკვირვებით უნდა წავიკითხოთ ეს კვლევა და მართლა უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რა შეიძლება შეიცვალოს ამ სფეროში, რაც პირდაპირ აისახება საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებაზე. რაც შეეხება იმას, თუ ვის როგორი ცნობადობა აქვს, მინდა, რომ ტელეკომპანია ”მაესტროს” მაგალითზე ვიმსჯელო. მე არ მგონია, რომ ”ტაბულას” შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა იცოდეს, ვიდრე ”მაესტროს” შესახებ”, - ამბობს ია ანთაძე.

რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მედიამკვლევარების მიერ მონოპოლისტად დასახელებულ რეკლამების გაყიდვების სახლთან, ”ჯენერალ მედიასთან” დაკავშირებას, მაგრამ კომპანიას არც ინტერნეტსაიტი გააჩნია და არც სატელეფონო ზარს პასუხობს.

რაც შეეხება გამოკვლევის კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს, უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წელს სარეკლამო ბაზრის წმინდა მოცულობა 46 მილიონ ლარს აღწევს. ტელევიზია კი კვლავაც რჩება მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების მთავარ წყაროდ და, შესაბამისად, სარეკლამო ბაზრის ყველაზე დიდ სექტორად, რომელზეც მთლიანი სარეკლამო დანახარჯების 78 პროცენტი მოდის. შემდეგ პოზიციას 7 პროცენტით რადიოსადგურები იკავებენ, ჟურნალ-გაზეთების წილი კი 4 პროცენტს შეადგენს.
XS
SM
MD
LG