Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიის დამდგენი კომისია არჩევნების შედეგების მაღალი ლეგიტიმაციისათვის


საარჩევნო სია
საარჩევნო სია
ამ ორიოდე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა 81 ხმით მიიღო კანონი ”საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე”. ცვლილებების თანახმად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნება კომისია, რომლის შემადგენლობაში, თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით, ხელისუფლების, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ. დაიწყო თუ არა კომისიის შექმნისათვის საჭირო პროცედურები?

ამომრჩეველთა სიის დაზუსტების მექანიზმს საარჩევნო კოდექსზე მომუშავე პარტიული ჯგუფის შეთანხმება ითვალისწინებს. ამ შეთანხმების თანახმად, სპეციალურ კომისიას სიების გადამოწმება 14 დღის წინ - 2011 წლის 1 ოქტომბერს - უნდა დაეწყო და 2012 წლის 1 ივლისს დაესრულებინა. ამ გარემოებით აიხსნება ის, რომ საქართველოს პარლამენტმა კომისიის შექმნის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განახორციელა. ამავე ლოგიკით, დაჩქარებულად უნდა წარიმართოს ჯგუფის მუშაობის დაწყებისათვის საჭირო პროცესიც. თუმცა, როგორც ს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი განმარტავს, საუბარია გონივრულ ვადებზე და არა პანიკურ სიჩქარეზე. მისი თქმით, კონსულტაციები კომისიის შექმნის საკითხზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დაიწყება:
თითოეულმა ოპოზიციონერმა პარტიამ, თუ მას სურვილი აქვს, შეუძლია წამოაყენოს თავისი კანდიდატურა თავმჯდომარის თანამდებობაზე...

”ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც მონაწილეობს ამ შეთანხმებაში, წარადგენს თავის კანდიდატურებს და, შესაბამისად, შევთანხმდებით ფორმატთან დაკავშირებით. რაც უფრო სწრაფად შესთავაზებენ პარტიები თავიანთ კანდიდატურებს, მით უფრო უკეთესი იქნება. მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება დროულად გაკონტროლდეს ის მექანიზმი, რომელიც სიების მონიტორინგს სჭირდება, ამისთვის დრო გვაქვს, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს დროში უნდა გავწელოთ.”

თავის მხრივ, უკვე მომავალ კვირაში ვარაუდობს კომისიის ჩამოყალიბებას „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატადაც სახელდება. კანონის თანახმად, კომისიას სათავეში ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა ჩაუდგეს:

”მე შემიძლია გითხრათ, რომ მე მაქვს მეშვიდედი შანსი, რომ ვიყო კომისიის თავმჯდომარე, ისე როგორც თითოეულმა ოპოზიციონერმა პარტიამ, თუ მას სურვილი აქვს, შეუძლია წამოაყენოს თავისი კანდიდატურა თავმჯდომარის თანამდებობაზე. შემდეგ უკვე მთლიანი კომისია ამ წარდგინების საფუძველზე უყრის კენჭს. შეიძლება არ იყოს ერთი კანდიდატი ოპოზიციიდან, შეიძლება იყოს ორი, სამი ალტერნატიული ვარიანტი, იმიტომ რომ ასე სრულად ერთგვაროვანი არც ოპოზიცია არ არის. და მერე უკვე მთლიანად სამოქალაქო სექტორთან და ხელისუფლებასთან ერთად თვითონ ეს ოპოზიციური შვიდეული, ანუ მთლინობაში კომისია, მიიღებს გადაწყვეტილებას კომისიის ხელმძღვანელთან დაკავშირებით. მე დღეს რომ გითხრათ, ამ საკითხზე მსჯელობა გვქონდა, მოგატყუებთ”, გვითხრა მამუკა კაციტაძემ.

საარჩევნო სიის დამდგენი სახელმწიფო კომისია გადაწყვეტილებებს უმრავლესობით მიიღებს. მას სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს. კომისიას ეყოლება ცენტრალური აპარატი და წარმომადგენლობები ქვეყნის რეგიონებში. ”კარდაკარის” განსახორციელებლად შეიქმნება სპეციალური მობილური ჯგუფები. ინფორმაციის ძირითად წყაროებად რჩებიან სახელმწიფო უწყებები - სამოქალაქო რეესტრი, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, დევნილთა სამინისტრო და სხვ. სახელმწიფო კომისია 1 ივლისისთვის ამომრჩეველთა დაზუსტებულ სიას ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადასცემს. კანონის თანახმად, კომისიის მიერ ცესკოსთვის გადაცემული სია ამომრჩეველთა ერთიანი სიაა და მასში არჩევნებამდე კორექტივები აღარ შევა, მცირედი გამონაკლისის გარდა.ეროვნულ-დემოკრატი გურამ ჩახვაძე ამ მიმართულებით სამ მომენტს გამოყოფს:

”ესენი არიან მოქალაქეები, რომელთაც 18 წელი უსრულდებათ; არიან მოქალაქეები, რომლებიც გარდაიცვლებიან. შეიძლება რომელიმე მოქალაქემ დაკარგოს არჩევნების უფლება და უუნარო გახდეს სხვადასხვა მიზეზის გამო და ეს კანონში არის. ასევე შეიძლება რიგმა მოქალაქეებმა დატოვონ იმ დროისთვის საქართველო, თუმცა ისინი იქნებიან ამომრჩეველთა სიაში. ანუ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ზუსტად დავადგინოთ რაოდენობა მოქალაქეების - რამდენი არის კონკრეტულად საქართველოში და რამდენია საზღვარგარეთ.“
კომისიის მიერ შედგენილი სია წარმოადგენს, საბოლოო ჯამში, ამომრჩეველთა ერთიან სიას...

საარჩევნო რეფორმის სარედაქციო ჯგუფში, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გარდა, 7 პოლიტიკური ორგანიზაცია შედის. ესენი არიან: „ნაციონალური მოძრაობა“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „სახალხო ქრისტიან-დემოკრატები“, „ახალი მემარჯვენეები“, „მრეწველები“, „დემოკრატიული პარტია“ და პარტია ”საქართველოს ევროპელი დემოკრატები.” არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სწორედ ეს პოლიტიკური ორგანიზაციები ქმნიან კომისიას, რომელიც პარიტეტული პრინციპით უნდა დაკომპლექტდეს. ჯგუფში შეთანხმების მონაწილე 7 ოპოზიციურ პარტიას თითო წევრი ეყოლება, 7 კაცით იქნება წარმოდგენილი მმართველი პარტია, ასეთივე კვოტა ერგება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ არასამთავრობო სექტორსაც. ამ სექტორის ნაწილი პოზიციას არც კანონში შესწორების შეტანის შემდეგ იცვლის და ამბობს, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით აპირებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა ამბობს:

” ნორმის ცალკეულ ფორმულირებებში საუბარია, რომ კომისია ახდენს სიების დაზუსტებას, თუმცა იქვე მითითებულია, რომ კომისიის მიერ შედგენილი სია წარმოადგენს, საბოლოო ჯამში, ამომრჩეველთა ერთიან სიას. ნორმათა ასეთი განმარტების შედეგად, პრინციპში გამოდის, რომ სიის დადგენის უფლებამოსილება ამ კომისიას ენიჭება, რაც, ჩვენი მოსაზრებით, არ არის სწორი. სახელმწიფოში უკვე არსებობენ ისეთი უწყებები, სტრუქტურები, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი რესურსი. კონკრეტულად ეს გახლავთ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო და ვფიქრობდით, რომ სწორედ მოქმედ უწყებას უნდა დაკისრებოდა სიების დადგენის უფლებამოსილება.”

არასამთავრობოები საარჩევნო სიის სიზუსტეზე პასუხისმგებლობის მათზე გადანაწილებას ასევე არამართებულად მიიჩნევენ და აღნიშნავენ იმასაც, რომ კომისიის მანდატი ბოლომდე გასაგები არ არის. ასეთი პოზიციის შესაბამისად, უკვე ნათელია, რომ კომისიის საქმიანობაში მინიმუმ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია - „ახალგაზდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“ - არ ჩაერთვება. მათ კვოტას, სავარაუდოდ, სხვები დაიკავებენ.
XS
SM
MD
LG