Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 მაისს დაზარალებული ჟურნალისტების საქმე სასამართლოში განიხილება


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო
4 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის მოვლენების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ ჟურნალისტების სარჩელთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. მოსამზადებელ სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა ჟურნალისტთა ადვოკატების, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლების შუამდგომლობა დაიკითხონ მოწმეები.

საქმის არსებითი განხილვის დროს 10 მოწმე დაიკითხება. ადვოკატებმა მოსამართლეს ასევე წარუდგინეს დამატებითი მტკიცებულებები. 4 ოქტომბერს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ - შინაგან საქმეთა სამინისტრომ - სასამართლოში არ წარადგინა სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი, რის გამოც მოსამართლემ კიდევ ერთი მოსამზადებელი სხდომა 26 ოქტომბრისთვის ჩანიშნა.
მესროლეს ოთხჯერ. ერთხელ მესროლეს ზურგში. ცალ ხელში კამერა მეჭირა, ხოლო მეორე ხელში ჟურნაისტის ბარათი. ვყვიროდი, ჩვენ ჟურნალისტები ვართ მეთქი...

თაზო კუპრეიშვილი, ”ნეთ” გაზეთის ჟურნალისტი, 26 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე ”სახალხო კრების” მიერ ორგანიზებულ აქციებს კოლეგებთან ერთად აკვირდებოდა. 4 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ჭიშკართან ის კიდევ ერთხელ იხსენებს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს და იმ მიზეზებს, რის გამოც სასამართლოს მიმართა:

”მე და კოტე სტალინსკი მოვხვდით სპეცრაზმელების გარემოცვაში. ისინი ხელჯოხებით გამისწორდნენ, ძირს დამაგდეს, კამერა წამართვეს. მოგვიანებით ერთ-ერთმა პოლიციელმა გამიყვანა სპეცრაზმელების გარემოცვიდან. ძირითადი დაზიანებები თავის არეში მივიღე, თუმცა რეზინის ტყვიისგან მიყენებული ზიანი ახლაც მემჩნევა ფეხზე. ვყვიროდი, ჟურნალისტი ვარ-მეთქი და სპეცრაზმელებს ვეხვეწებოდი არ დაერტყათ.”

26 მაისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე ”სახალხო კრების” მიერ ორგანიზებული აქციის დაშლისას, თაზო კუპრეიშვილთან ერთად 20-ზე მეტი ჟურნალისტი დაზარალდა:

”მესროლეს ოთხჯერ. ერთხელ მესროლეს ზურგში. ცალ ხელში კამერა მეჭირა, ხოლო მეორე ხელში ჟურნალისტის ბარათი. ვყვიროდი, ჩვენ ჟურნალისტები ვართ-მეთქი, თუმცა მას მერე კიდევ მესროლეს რეზინის ტყვია...”

”გადავწყვიტე გადაღება შემეწყვიტა, რადგან აგრესიულად იყვნენ განწყობილები, და ის იყო იქაურობას უნდა გავცლოდი, რომ უკან ვიღაც მომადგა, ყელში მკლავი მომიჭირა, ვეღარ ვსუნთქავდი, გონებას ვკარგავდი, ხელში ძალა დამეკარგა და ინსტინქტურად გავუშვი კამერას ხელი...”

კონსტანტინე სტალინსკი, თაზო კუპრეიშვილი, ნატო გოგელია, ”რადიო ცენტრი პლუს”, შპს ”ახალი ამბები”, შპს ”ჩოხატაურის მოამბე”, გაზეთი ”ბათუმელები” - ეს ის ჟურნალისტები და მედიაორგანიზაციები არიან, რომლებმაც დახმარებისათვის ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” მიმართეს, შედეგად კი მიმდინარე წლის 24 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გაერთიანებული სარჩელი წარადგინეს და სამართალდამცველთა მიერ მათი ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისა და ტექნიკის დაკარგვით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს.
შიდა მოკვლევის შედეგად, შინაგან საქმეთა მინისტრის 14 ივლისის ბრძანებით, სამსახურიდან იქნა დათხოვნილი სამინისტროს ოთხი თანამშრომელი, თანამდებობიდან ჩამოქვეითდა ერთი თანამშრომელი, სასტიკი საყვედური გამოეცხადა სამ თანამშრომელს...

4 ოქტომბერს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე ჟურნალისტთა ინტერესებს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ორი წარმომადგენელი -თამარ კორძაია და ნათია კაპანაძე - იცავდა. როგორც სხდომიდან გამოსული ადვოკატები აცხადებენ, იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხე მხარემ - შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო წოწონავამ - სასამართლოში არ წარადგინა სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი და საკუთარი პოზიცია, მოსამართლე თეა თადაშვილმა კიდევ ერთი მოსამზადებელი სხდომა ახლა უკვე 26 ოქტომბრისთვის ჩანიშნა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი თამარ კორძაია ამბობს:

”ჟურნალისტები ითხოვენ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზარალის ანაზღაურებას. ანუ ზოგს ფიზიკური ზიანი მიადგა, ზოგს კი მატერიალური - დაკარგეს აპარატურა. ჩვენი გამოთვლებით, რაც მტკიცებულებებითაც დასტურდება, საუბარია 5 ათას ლარზე მეტ მატერიალურ ზარალზე.”

მოსამზადებელ სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა ჟურნალისტთა ადვოკატების, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლების შუამდგომლობა მოწმეების დაკითხვის თაობაზე. როგორც ადვოკატი ნათია კაპანაძე აცხადებს, სასამართლო პროცესზე სულ ათი მოწმე დაიკითხება:

”ათივე მოწმე არის მედიის წარმომადგენელი. მათ თვითონ ნახეს თავიანთი კოლეგები და ისინი უშუალოდ გააკეთებენ განმარტებებს, რადგან ისინი თავად ესწრებოდნენ კამერების ჩამორთმევის პროცესს, მათ საკუთარი თვალით ნახეს დაზარალებული ჟურნალისტები. მოწმეები დაიკითხებიან მთავარ სხდომაზე.”

ადვოკატებმა 4 ოქტომბერს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე მოსამართლეს ასევე წარუდგინეს დამატებითი მტკიცებულებები. ერთ-ერთ ასეთ მტკიცებულებად, ნათია კაპანაძის განმარტებით, მათ წარადგინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის 15 ივლისის განცხადება, რომლის მიხედვითაც, 26 მაისის ღამეს, აქციის დაშლის დროს, ადგილი ჰქონდა სამართალდამცველების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების დარღვევის ფაქტებს.

”შიდა მოკვლევის შედეგად, შინაგან საქმეთა მინისტრის 14 ივლისის ბრძანებით, სამსახურიდან იქნა დათხოვნილი სამინისტროს ოთხი თანამშრომელი, თანამდებობიდან ჩამოქვეითდა ერთი თანამშრომელი, სასტიკი საყვედური გამოეცხადა სამ თანამშრომელს, ხოლო საყვედური - რვა თანამშრომელს”, - განაცხადა შოთა უტიაშვილმა 15 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ 26 მაისის ღამეს დაზარალებულმა ჟურნალისტებმა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით საქართველოს მთავარ პროკურატურას არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათ მოთხოვნას ჯერჯერობით პასუხი არ მოჰყოლია.
XS
SM
MD
LG