Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაარჩევნო ციებ-ცხელება სოხუმში


სოხუმი
სოხუმი
ერთ კვირაში აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტობისთის სამი კანდიდატი იბრძვის: ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბა, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი და პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა.

საქართველოში არ აღიარებენ აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში გამართული თუ გასამართი არჩევნების ლეგიტიმურობას, სავარაუდოდ, ამ არჩევნებს რუსეთის, ნიკარაგუას, ვენესუელასა და ნაურუს გარდა არავინ აღიარებს.
ჩვენ კარგად ვიცნობთ სამივე კანდიდატს და ვიცით, რომ ისინი რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობის განვითარების გულწრფელი მხარდამჭერები არიან...

ამ ყველაფრის მიუხედავად, სოხუმში წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაა; კანდიდატები პირველობისთვის და ამომრჩეველთა გულის მოსაგებად ყველა საშუალებით იბრძვიან. მაგალითად, წინასაარჩევნოდ სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ალექსანდრ ანქვაბმა პროვოკაციაში დაადანაშაულა სერგეი შამბას საარჩევნო შტაბი. ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა გაზეთ ”მოსკოვსკაია პრავდასთან” საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თენგიზ კიტოვანის ინტერვიუ.

თენგიზ კიტოვანი აცხადებს, რომ 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტისას ალექსანდრ ანქვაბი ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და მათ ინფორმაციას აწვდიდა აფხაზური შეიარაღებული ფორმირებების გადაადგილების შესახებ. 16 აგვისტოს სოხუმში თენგიზ კიტოვანის ინტერვიუს ვიდეოვარიანტის ჩვენებაც მოეწყო.

სოხუმში იმყოფება რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ თბილისელი კორენსპონდენტი ოლესია ვართანიანი, რომელიც ამ ჩვენებას დაესწრო:
ვიდეორგოლის ჩვენება

”ეს იყო პირველი, მასობრივი შეკრება წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას (აქ იყო დაახლოებით 800 ადამიანი). როგორც ამიხსნეს, აქაური სტანდარტით, ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ჩვენება. ვიდეორგოლის ნახვამდე დაახლოებით ორი საათის განმავლობაში სიტყვით გამოდიოდნენ ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილეები. რამდენიმე მათგანი სერგეი შამბას საარჩევნო შტაბში მუშაობს და ისინი თავიანთი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ ხალხს. ასე რომ, ვიდეორგოლის ჩვენებას საარჩევნო თემატიკის გარეშე არ ჩაუვლია... როგორც ჩვენების ორგანიზატორები ამბობენ, აფხაზეთში ბევრს ეს ინტერვიუ არ უნახავს, ამიტომ აუცილებელი იყო მათთვის საჯარო ჩვენება გამართულიყო, რადგან უნდა გადაწყვიტონ, ღირს თუ არა ანქვაბისთვის ხმის მიცემა...”

ვიდეორგოლის ჩვენების შემდეგ ალექსანდრ ანქვაბმა სააგენტო ”ინტერფაქსთან” ინტერვიუში კიტოვანის განცხადებას სიცრუე უწოდა, სოხუმში მისი ინტერვიუს ჩვენებას კი, მოსალოდნელი, რადგან ანქვაბის თქმით, მას ინფორმაცია ჰქონდა შამბას საარჩევნო შტაბის მიერ პროვოკაციის მზადების შესახებ. ”ეხო კავკაზასთან” მოკლე სატელეფონო საუბარში ალექსანდრ ანქვაბმა ასევე თქვა, რომ ამ ინტერვიუს ჩვენება მის წინააღმდეგ მიმართული ”შავი პიარ-კამპანიის” ნაწილია:

”ამის წარმოდგენა არც მე შემეძლო და არც ბევრ ჩვენს მოქალაქეს. სამწუხაროდ, თენგიზ კიტოვანი აღმოჩნდა პირი, რომელსაც ამ არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია. ეს ძალიან დასანანია”.

მოსკოვის ელჩი სოხუმში სემიონ გრიგორიევი კი ამბობს, რომ რუსეთი, როგორც ყოველთვის, ახლაც დაინტერესებულია არჩევნები დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარდეს ”დემოკრატიულად და მშვიდ სიტუაციაში”. „ეხო კავკაზას“ თბილისელ კორენსპონდენტთან, ოლესია ვართანიანთან ინტერვიუში სემიონ გრიგორიევი ამბობს:
სემიონ გრიგორიევი

”რუსეთი დაინტერესებულია, რომ სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები აფხაზეთში ჩატარდეს დემოკრატიულად, მშვიდ გარემოში, შიდაპოლიტიკური დესტაბილიზაციის გარეშე... ჩვენ კარგად ვიცნობთ სამივე კანდიდატს და ვიცით, რომ ისინი რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობის განვითარების გულწრფელი მხარდამჭერები არიან. ჩვენ არა გვაქვს იმის საფუძველი, რომ რომელიმე მათგანს უპიტარესობა მივანიჭოთ და ამით გავლენა მოვახდინოთ აფხაზი ხალხის არჩევანზე.”

თუმცა თენგიზ კიტოვანის ინტერვიუს მედიაში გავრცელების შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ რუსეთში სამივე კანდიდატს ერთნაირი მხარდაჭერა არა აქვს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, გია ყარყარაშვილმა, სააგენტო ”პირველს” უთხრა, რომ საქართველოს სპეცსამსახურებთან ალექსანდრ ანქვაბის თანამშრომლობის შესახებ თენგიზ კიტოვანის განცხადება აბსურდულია და რომ "როგორც ჩანს, გარკვეულ ძალებს, შესაძლოა, რუსულ მხარეს, ანქვაბის დისკრედიტაცია სურს."

ოფიციალური თბილისი თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები, რა შედეგითაც უნდა დასრულდეს, მაინც ვერაფერს შეცვლის.
ჩვენ გვაწყობს ის, რომ დავალაგოთ ურთიერთობა აფხაზებთან და სხვა დონეზე ავიყვანოთ, რათა არ მოხდეს მოვლენების განვითარება დესტრუქციული გზით...

„არჩევნების შედეგს განსაზღვრავს რუსეთი, როგორც ოკუპანტი. საკითხები არ წყდება მარიონეტების დონეზე. საკითხები წყდება საერთაშორისო დონეზე, სადაც მიმდინარეობს ზეწოლა რუსეთზე, რათა დაიწყოს დეოკუპაციის პროცესი, რომლის შემდეგაც ნებისმიერი მარიონეტი გამოვა კონტაქტზე საქართველოს ხელისუფლებასთან“, - განაცხადა ერთი კვირის წინ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, შოთა მალაშხიამ.

განსხვავებული მოსაზრება აქვს კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილს:

„ჩვენ გვაწყობს ის, რომ დავალაგოთ ურთიერთობა აფხაზებთან და სხვა დონეზე ავიყვანოთ, რათა არ მოხდეს მოვლენების განვითარება დესტრუქციული გზით. რომ გვქონდეს არჩევნების ჩაშლის საშუალება, ჩვენს ინტერესებშია, არ ჩავშალოთ, იმიტომ რომ მომავლისთვის გვჭირდება აფხაზური საზოგადოების ნდობა, რათა ოდესმე მაინც მოხდეს დეოკუპაცია.“

რაც შეეხება ნდობას, თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატები ჯერჯერობით არ შეხვედრიან გალში მცხოვრებ ქართველებს.
დაძაბულობა არ აწყობთ არც აფხაზებს. მათ სურთ მსოფლიოს შეუქმნან შთაბეჭდილება, რომ აფხაზეთში ყველაფერი მიდის დემოკრატიულად და შეეცდებიან ეს დაადასტურონ კიდევ ერთხელ...

„სოფელში არც ერთი კანდიდატი არ მოსულა ხალხთან შესახვედრად, საიდან უნდა ვიცნობდეთ კანდიდატებს?!“ - ამბობს გალის რაიონის სოფელ განახლებაში მცხოვრები ქალი. გალის მკვიდრმა, რომელმაც ჩაწერაზე უარი განაცხადა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შესაძლოა მოსახლეობას ამჯერადაც იძულებით მიაღებინონ არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა ვარაუდობენ, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები დაძაბულობისა და დაპირისპირების გარეშე ჩაივლის.

„მგონია, რომ პოლიტიკური კონტექსტი ჩაეტევა შიდააფხაზურ პოლიტიკურ სივრცეში და შეუქცევად დაძაბულობაში არ გადავა. დაძაბულობა არ აწყობთ არც აფხაზებს. მათ სურთ მსოფლიოს შეუქმნან შთაბეჭდილება, რომ აფხაზეთში ყველაფერი მიდის დემოკრატიულად და შეეცდებიან ეს დაადასტურონ კიდევ ერთხელ. არ აწყობს რუსეთსაც, რადგანაც ოლიმპიადა მოდის და ვინც გაიმარჯვებს, ის ოლიმპიადის დროს იქნება პრეზიდენტი. შესაბამისად, მოსკოვს არ აწყობს ისეთი ადამიანი მოვიდეს, რომელიც დაძაბულობას შემოიტანს. ამიტომ არ უნდათ პროცესებში აქტიური და უხეში ჩარევა“, - ამბობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
XS
SM
MD
LG