Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ანძა 110 000 ლარად გაიყიდა


თბილისის ტელეანძა
თბილისის ტელეანძა
ონლაინ აუქციონში, რომელსაც თბილისის ანძის ახალი მმართველი უნდა გამოევლინა, მხოლოდ ერთი მყიდველი მონაწილეობდა, რომლის ვინაობაც ჯერ ცნობილი არ არის და რომელმაც ჯერ კიდევ 22 ივლისს გადაიხადა მოთხოვნილი ბიჯი - 10 000 ლარი, ხოლო ქონების მართვის მოპოვების ღირებულებად 110 000 ლარი დააფიქსირა. მეტოქე მას არც პირველ აგვისტოს - აუქციონის ბოლო დღეს - გამოსჩენია და ამავე ფასად შპს ”ალფა-კომი”-ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილიც 4 წლით მართვის უფლებით გადაიბარა.

ქ. თბილისი, ფუნიკულიორის ზედა პლატო - ასე იყო ონლაინ აუქციონზე წარდგენილი ქონება, რომლის შემადგენლობაშიც შედის თბილისის ანძა და მასთან დაკავშირებული არაერთი ობიექტი მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც 110 000 ლარად გაიყიდა.

1 აგვისტოს, ონლაინ აუქციონის დასრულებამდე ერთი საათით ადრე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მედიამ, არასამთავრობო სექტორის ნაწილმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა თბილისის ანძის გასხვისება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს - ამჯერად ლოზუნგით ” სტოპ ვერა”, რომლის ადრესატი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია გახლდათ. ქობალიას უწყება ამ დრომდე უპასუხოდ ტოვებს კოალიციის "მედიის ადვოკატირებისათვის" მიერ გაგზავნილ ოფიციალურ წერილს, რომელშიც სამოქალაქო სექტორი ონლაინ აუქციონის შეჩერებას და თბილისის ანძის გაყიდვის გარშემო საჯარო დისკუსიის გამართვას ითხოვს. საიას წარმომადგენელი, იურისტი ნათია კაპანაძე, კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების სახელით იმ კითხვებს ასახელებს, რომელზე პასუხიც საზოგადოებას აინტერესებს:

საპროტესტო აქცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინ
1. დეტალური აღწერა შპს "ალფა-კომის" საკუთრებისა, რომელიც გატანილი იქნება ონლაინ აუქციონზე მართვის უფლების გადაცემის პირობით;
2. შპს "ალფა-კომის" მართვის უფლებით გადაცემის გამომწევევი მიზეზები;
3. შეიცვლება თუ არა შპს "ალფა კომის" ტექნიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების დღეს არსებული პირობები, მათ შორის, სატარიფო პირობები?
4. სასურველი შედეგი, რომლის მიღწევა არის დასახული შპს "ალფა-კომის" მართვის უფლებით გადაცემით;
5. დახასიათება სასურველი მყიდველისა, რომელიც მისაღები იქნება შპს "ალფა-კომის" საქმიანობის პროფილის შესანარჩუნებლად;
6. მომავალი მყიდველის შესასრულებელი ფინანსური ვალდებულების დეტალური აღწერილობა;
7. ონლაინ აუქციონის პირობების შესასრულებლად მომზადების გონივრული ვადა”

თბილისის ანძის გაყიდვის საკითხს 1 აგვისტოს პარლამენტში ახლად შექმნილმა ფრაქციამ ”ერთობა სამართლიანობისათვის” საგანგებო სხდომაც მიუძღვნა, თუმცა მის მოთხოვნას პარლამენტის წინაშე წარმდგარიყო ეკონომიკის მინისტრი ან ამ უწყების რომელიმე ჩინოვნიკი მაინც, შესაბამისი სამინისტროდან არავინ გამოეხმაურა. ამიტომ ფრაქციის წევრები მხოლოდ საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამდნენ და შემხვედრი არგუმენტები არ მოუსმენიათ. ფრაქციის წევრმა პეტრე მამრაძემ, მაგალითად, განაცხადა, რომ მისთვის ანძის გაყიდვით მედიაზე ზეწოლის მიზანმიმართული პოლიტიკა გრძელდება:

”რეჟიმი პირდაპირ მართვაში იღებს ამ დარგს - მაუწყებლობას - და საყურადღებოა, რომ მასთან დაახლოებულ ფირმას კი არ აძლევს ყველაფერს, პირდაპირ ნიშნავს მენეჯერს, ისე როგორც ეს იყო ტელეკომპანია ” იმედის” და მისი დირექტორის, გიორგი არველაძის შემთხვევაში, რომელიც გახლდათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მინისტრი და რომელიც მორჩილად ასრულებს პრეზიდენტის ნებისმიერ სურვილს. ასევე იქნება ამ შემთხვევაშიც, ამ დარგშიც მოვა ადამიანი, რომელიც შეასრულებს იმ ბრძანებას, რასაც ეტყვიან - ტარიფის გაზრდა იქნება ეს თუ სხვა რამ. ხოლო თუ ვინმე გააპროტესტებს, ხელისუფლება თავს გაიმართლებს და იტყვის, რომ კერძო კომპანიის საქმიანობაში ის ვერ ჩაერევა”...

ახალი კომპანია, დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყებს ტარიფების გადახედვას. და ის ვალდებულება, რაც ყოფილ ”ტელერადიოცენტრს” ჰქონდა, ვერ გადავა ახალ მფლობელზე - და ამას ნებისმიერი იურისტი ადასტურებს - და, მეორე, რომც დარჩეს მათთვის ეს დათქმა, რაც დღეს არსებობს, რომ ხარჯზე ორიენტირებული ტარიფი უნდა იყოს, კერძო კომპანიას ჩვენ ხარჯებს ვერ გავუკონტროლებთ...
მედიის წარმომადგენლები ანძის გასხვისების საფრთხეებზე ლაპარაკისას ყურადღებას ამახვილებენ იმ ძირითად ბერკეტებზე, რომლებიც შესაძლოა ხელში ჩაუვარდეს ახალ მმართველს. და ამ საფრთხეებიდან ტარიფების გაზრდა არ არის ყველაზე მთავარი. ტელეკომპანია ”კავკასიის” ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი, რომელიც ცდილობდა მონაწილეობა მიეღო აუქციონში, -თუმცა მას შესაბამისი ინფორმაცია აუქციონის პირობებისა და გასაყიდი ქონების შესახებ, როგორც თავად აცხადებს, არ მიაწოდეს, - ამბობს, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, რომლის ყველაზე ლოგიკური შედეგი იქნება შემდეგი:

”ახლო მომავალში გეტყვით რა მოხდება: ეს კომპანია, რომელიც ახლა მოგვევლინება მმართველად, გააკეთებს მულტიპლექსს და გვეტყვის, რაღად გინდათ თქვენი გადმცემები და სიხშირეები, აქ არის კომპანია, რომელსაც აქვს ეს მულტიპლექსი და მისგან იქირავეთო... კანონმდებლობას მარტივად მოარგებენ რეალობას, რეალობა კი იქნება ძალიან მძიმე და ჩვენ სხვა გზა აღარ გვექნება, გარდა იმისა, რომ ყველანაირ პირობაზე დავთანხმდეთ. სიხშირეები აღარ გვექნება, დავიქირავებთ სააკაშვილის ძმაკაცების კომპანიისგან ამ მულტიპლექსს და ასე იქნება ათეულობით წელი. ანუ, გარდა იმისა, რომ მედიაზე ზეწოლას ცდილობენ, ასევე მათ გეგმაში აქვთ, ხელში ჩაიგდონ მილიონებიანი შემოსავალი.”

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ რა ქონებაზეა ლაპარაკი.
საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ შპს "ალფა-კომი"(ყოფილი ტელერადიოცენტრი), ქვეყნის მასშტაბით ექსპლუატაციას უწევს 36 ანძას, - მათ შორის, თბილისში ფუნიკულიორზე მდებარე ანძას, - რომელთა დახმარებითაც გადაიცემა ტელე-რადიო, სატელეფონო თუ სხვა საკომუნიკაციო სიგნალები და ემსახურება 30-ზე მეტ რადიოსა და 16 ტელეკომპანიას.

”ალფა-კომი” 4 წლიანი მართვის უფლებით გაიცემა, საინვესტიციო თანხა კი, რომელიც ახალმა მმართველმა უნდა დააბანდოს, 12 000 000 დოლარია. სამინისტროს ინფორმაციით, ”ალფა-კომის” დებიტორული დავალიანება 6 988 202 ლარია, ხოლო კრედიტორული – 2 917 158.59 ლარი.

რაც შეეხება ახალი მმართველის მიერ ტარიფის შესაძლო გაზრდას, ნინო ჯანგირაშვილს ამ საკითხზე ასეთი მოლოდინი აქვს:

”ახალი კომპანია, დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყებს ტარიფების გადახედვას. და ის ვალდებულება, რაც ყოფილ ”ტელერადიოცენტრს” ჰქონდა, ვერ გადავა ახალ მფლობელზე - და ამას ნებისმიერი იურისტი ადასტურებს - და, მეორე, რომც დარჩეს მათთვის ეს დათქმა, რაც დღეს არსებობს, რომ ხარჯზე ორიენტირებული ტარიფი უნდა იყოს, კერძო კომპანიას ჩვენ ხარჯებს ვერ გავუკონტროლებთ, ის კი იტყვის, ეს ჩვენი ხარჯი ხომ დიდია და ტარიფიც უნდა გავზარდოთო.”

ტელეკომპანია ”კავკასიის” ხელმძღვანელი უახლოეს მომავალშო აუქციონის შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG