პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 04:00

რუბრიკები / კავკასიური გზაჯვარედინი

ემუქრება თუ არა რადიაციული საფრთხე საქართველოს?

ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგურიფუკუსიმის ატომური ელექტროსადგური
x
ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგური
ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგური
ტექსტის ზომა - +
იაპონიაში 11 მარტს მომხდარი 9 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ საქართველოში ჯერ იმის შესახებ გაჩნდა კითხვები, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს მიწისძვრამ ჩვენს ქვეყანაზე, შემდეგ კი უკვე რადიაციული საფრთხის შესახებ დაიწყო საუბარი. სპეციალისტები საფრთხეს მინიმალურს უწოდებენ, თუმცა ის მაინც არსებობს.

თავდაპირველად მიწისძვრის შესახებ ვთქვათ: ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, გეოფიზიკოსი მიხეილ ელაშვილი გვიხსნის, თუ რა მოხდა რეალურად იაპონიაში და რამ გამოიწვია მიწისძვრა:

”იაპონია მდებარეობს ძალიან მნიშვნელოვანი რღვევის გასწვრივ, სადაც ორი ფილაქნის საზღვარია. ეს არის წყნარი ოკეანის და ჩრდილოეთ ამერიკის ფილაქანი და წყნარი ოკეანის ფილაქანი იძირება ჩრდილოეთ ამერიკის ფილაქნის ქვეშ. მეცნიერულად ამას სუბდუქცია ეწოდება. და სწორედ აქ მოხდა მიწისძვრა. ეს არის ძალიან ძლიერი მაგნიტუდის მიწისძვრა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 1900 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც არსებობს სანდო სტატისტიკა, ეს არის თავისი სიძლიერით მეხუთე მიწისძვრა, ანუ დედამიწაზე 4 მასზე უფრო ძლიერი მიწისძვრა მომხდარა. და დამეთანხმებით, რომ დედამიწას ამის შედეგად გლობალური ცვლილებები არ განუცდია.”

მიხეილ ელაშვილის განმარტებით, საქართველო ტექტონიკურად სხვა ფილაქანს ეკუთვნის. ეს არის არაბეთისა და ევრაზიის ფილაქნის შეჯახების ზონა. ამდენად, სეისმურობის თვალსაზრისით ცვლილებები საერთოდ მოსალოდნელია. მისივე განცხადებით, ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც დედამიწაზე მუდმივად მიმდინარეობს.

რაც შეეხება ფუკუსიმა 1-ის ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ ვითარებას, როგორც ცნობილია, იქ მიწისძვრის შედეგად რეაქტორების გაგრილების სისტემას შეექმნა პრობლემა. ქართველი სპეციალისტები ამბობენ, რომ სწორედ ასეთი პრობლემა შეექმნა თავის დროზე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს, რამაც, საბოლოოდ, აფეთქება გამოიწვია. თუმცა აქვე დასძენენ, რომ იაპონური რეაქტორები ყოფილი საბჭოთა რეაქტორებისგან რადიკალურად განსხვავდება. იაპონურ რეაქტორებს დამცავი გარსი, ე.წ კონტინენტი იცავს, რაც აფეთქების საშიშროებას მინიმუმამდე ამცირებს.

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რეაქტიული უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სპეციალისტი გრიგოლ ბასილია ამბობს, იაპონურ ატომურ ელექტროსადგურზე ჯერ ბირთვული აფეთქება არ მომხდარა, მხოლოდ ტექტოგენური კატასტროფა ფიქსირდება. თუ მოხდა ბირთვული აფეთქება, ამ შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხებზე კი გრიგოლ ბასილია შემდეგ კომენტარს აკეთებს:

”რა თქმა უნდა, ამან შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი პრობლემები არა მარტო იაპონიაში, არამედ მთელ მსოფლიოში, ანუ აქ შეიძლება მოხდეს ის, რომ ძლიერმა გამოსხივებამ ააღწიოს ატმოსფეროს მაღალ ფენებამდე და იქიდან გააღწიოს დედამიწის მთელ ზედაპირზე. ჩვენ ძალიან შორს ვართ იაპონიისგან და ჩვენამდე მისი მოღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ თეორიულად დასაშვებია.”

გრიგოლ ბასილია აღნიშნავს, რომ ატმოსფეროს ზედა შრეებში რადიაციული ღრუბლის წარმოქმნის შემთხვევაშიც საქართველომდე საფრთხე ნაკლებად მოაღწევს. ამ მოსაზრებას იზიარებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი გია არაბიძე, თუმცა აღნოშნავს, რომ მნიშვნელობა აქვს ქარის მიმართულებას და იმას, რა მანძილზე წაიღებს ის რადიაქტიურ ნივთიერებებს. გია არაბიძე ამბობს, რომ, მაგალითად, ჩერნობილის აფეთქებამ საქართველო სერიოზულად დააზიანა. ჩვენი ქვეყანა რუსეთის, ბელორუსიისა და უკრაინის შემდეგ მეოთხე იყო, სადაც ქარის მიმართულებამ და წვიმებმა წერტილოვანი დაზიანება გამოიწვია გურიაში, აფხაზეთში:

”საქართველო პირდაპირი გამოსხივებით არ დაზიანდება, თუ ქარის მიმართულება იქნება იქიდან აქეთ. ამასთან, შესაძლებელია საქართველოში მოხდეს წერტილოვანი დაბინძურება, საქართველოში მოიმატებს ფონი, მაგრამ ეს არ იქნება ადამიანის სასიცოცხლო ფონზე უფრო ძლიერი, ანუ მე ვამბობ, რომ ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ამით საფრთხე არ შეექმნება.”

მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი რადიაციული საფრთხე საქართველოსთვის მინიმალურია, ბირთვული და რეაქტიული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ბასილიას შეფასებით,მისივე აზრით, იმ შემთხევავში, თუ იაპონიაში რეაქტორები აფეთქდა, რადიაციული დაბინძურება შეეხება იაპონიის მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის ჩინეთს, კორეას და შესაძლოა რუსეთის ფედერაციის ციმბირის ტერიტორიას, რაც ამ ქვეყნებში წარმოებულ პროდუქციაზეც აისახება. ეს კი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელშიც ამ ქვეყნებიდან სხვადასხვა პროდუქციის იმპორტი ხორციელდება, პრობლემა იქნება.

ამ ქვეყნების რიგში საქართველოცაა, სადაც, გრიგოლ ბასიალიასვე განმარტებით, რადიაციულ დაბინძურებაზე კონტროლი მინიმალურია:

”ჩინეთსა და კორეაში ნაწარმოები კომპიუტერული ტექნიკაც კი სერიოზულად შესამოწმებელი იქნება, ხომ არ შეიცავს რაიმე სახის დაბინძურებას, ანუ, ფიზიკური გავლენის გარდა, ამას ეკონომიკური საფუძველიც ექნება, ანუ ყოველი ნივთი, რომელიც ამ ქვეყნებიდან შემოვა, უნდა შემოწმდეს რადიაქტიულ შემცველობაზე, ანუ დამოკიდებული იქნება იმაზე, რითია დაბინძურებული, რამდენი აქვს ნახევარდაშლა, რამდენი ბეკერელი გამოსხივება აქვს, ვთქვათ, სათამაშოს, რომ, ვთქვათ, ჩვენთვის ან ჩვენი შვილებისთვის ეს საზიანო არ იყოს.”

გრიგოლ ბასილია ამბობს, რომ პროდუქციის რადიაციული დაბინძურება შეიძლება სხვადასხვა ნივთიერებამ გამოიწვიოს, მათ შორის ყველაზე სახიფათოა ურანი, რომლის ნახევარდაშლა ხუთას წელიწადს საჭიროებს და რომელიც სიმსივნურ და კუჭ-ნაწლავის დაავადებებს იწვევს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: გიორგი ტაბატაძე
15.04.2011 13:43

საქართველო და რადიაციის გაჟონვა ფუკუსიმა 1–ზე
იაპონიაში 11 მარტს მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას და ცუნამს მოჰყვა რიგი აფეთქებები ფუკუსიმა 1–ის ატომურ ელექტროსადგურზე და რადიაქტიური ნივთიერებების გაჟონვა ატმოსფეროში. საქართველოში ამის თაობაზე დაბეჭდილი სტატიების უმეტესობა სპეკულირებს იდეით, რომ რადიაციის “მოღწევა” საქართველომდე “პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ თეორიულად დასაშვებია.” თუმცა რა აძლევთ შესაძლებლობას ამ სტატიების ავტორებს გამოიტანონ ეს დასკვნები ჩემთვის გაუგებარია. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ვიცი რომ აღნიშნული დასკვნები არ ეფუძნება არანაირ გაზომვებსა თუ ცდებს. მინდა გაგაცნოთ მხოლოდ ფაქტები ფუკუსიმაში მიმდინარე მოვლენებზე და მათ ზაგავლენაზე რადიაციულ ფონზე მსოფლიოში, დასკვნები კი იმის შესახებ მიაღწევს თუ არა რადიაცია საქართველომდე მკითხველს მივანდოთ. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო რომ რადიაციული უსაფრთხოების სამსახური უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდოს საქართველოში რადიაციული ფონის ადგილზე შემოწმებას და ფილოსოფიური სპეკულაციების ნაცვლად დასკვნები გამოიტანონ რეალური მონაცემებიდან.
ამ დრომდე ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომუშავე ჯგუფი ცდილობს საწვავის გაგრილებას როგორც რეაქტორებში ასევე გადამუშავებული საწვავის გამაგრილებელ რეზერვუარებში იმისთვის რომ თავიდან იქნას აცილებული მორიგი რადიაქტიული მასალის გამოფრქვევა ატმოსფეროში. თუმცა ბოლო ინფორმაციით რეაქტორების მიმდებარე ტერიტორიაზე (20 კილომეტრის რადიუსში) რადიაციის დონე 1600–ჯერ აღემატება ნორმას. ასევე რადიოაქტიური იოდი (I-131) აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა საკვებ პროდუქტში, მაგალითად: რძეში და ისპანახში. იოდის კვალი ასევე აღმოჩენილია სასმელ წყალში. ფუკუსიმას თავზე წარმოქმნილი რადიოაქტიური ნივთიერებების ღრუბელი ქარმა გაავრცელა სხვასასხვა ქვეყნების მიმართულებით. დღესდღეობით ჰაერში რადიოაქტიური იოდის შემცველობა დაფიქსირდა ა.შ.შ–ში, კერძოდ კი შემდეგ შტატებში: კალიფორნია, ვაშინგტონი და აიდაჰო. აიდაჰოში იოდის კონცენტრაციამ ჰაერში მიაღწია 0.5 პიკოკიურის კუბურ მეტრში. მართალია ეს კონცენტრაცია ძალიან მცირეა და არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ რადიოაქტიური ფონის ყოველდღიური მონიტორინგი მნიშვნელოვანია უფრო დიდი საფრთხის შემთხვევაში დროული რეაგირებისთვის. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვეკითხები რადიაციული უსაფრთხოების სამსახურს: თუ რადიაციამ მიაღწია ამერიკამდე, რომელიც უფრო შორსაა იაპონიიდან ვიდრე საქართველო, რა გვაძლევს იმის საფუძველს ვიფიქროთ რომ საქართველო რადიაციისგან დაცულია?

ყველაზე პოპულარული