ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 03:45

საზოგადოება / საქართველო

ქალთა უფლებებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია დაიცავს

გაეროს ქალთა ორგანიზაციის - UN Women-ის - პრეზენტაცია თბილისში
გაეროს ქალთა ორგანიზაციის - UN Women-ის - პრეზენტაცია თბილისში
ტექსტის ზომა - +
გაეროს ქალთა ორგანიზაციის - UN Women-ის - ოფიციალური პრეზენტაცია ნიუ-იორკში თებერვლის ბოლოს გაიმართა, თბილისში კი ორგანიზაციის წარდგენა ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, დაემთხვა. ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, ქალის ჩართულობა ეროვნული პოლიტიკისა და ბიუჯეტის შემუშავებაში, ქალთა როლის გაზრდა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში - ეს მხოლოდ ნაწილია იმ მიზნებისა, რომელთა განხორციელებასაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში გეგმავს. 8 მარტს ახალი ორგანიზაციის პრეზენტაციის პარალელურად ფონდ „ტასოს“ თემატური ფოტოგამოფენაც გაიმართა, სახელწოდებით ”საქართველოს ქალები”.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა საკითხებზე მომუშავე ოთხი ორგანიზაცია გააერთიანა და ჩამოთვლილი მიზნების განხორციელებასაც ერთიანი რესურსით შეუდგა. გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკმა UN Women-ის წარდგენისას აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობისა და, ზოგადად, ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, საქართველომ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, თუმცა საბოლოო მიზნამდე მისასვლელი გზა საკმაოდ გრძელია:

”გაეროს ქალთა ორგანიზაცია, იმედი გვაქვს, უფრო აქტიურად იბრძოლებს ქალთა თანასწორობისათვის, მათი უფლებების დაცვისათვის. განსაკუთრებით გვსურს, რომ ეს მოძრაობა საქართველოში აქტიურად გაიშალოს, როგორც ათასწლეულის განვითარების მიზნების ნაწილი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში. ჩვენ გვსურს ეს ორგანიზცია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას, რომ მან გააუმჯობესოს გენდერული თანასწორობის და ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოში არსებული ვითარება.”

UN Women-ის პრეზენტაცია
საქართველოში ქალთა დისკრიმინაციაზე ლაპარაკობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მრჩეველი გენდერის საკითხებში თამარ საბედაშვილი. ის ამბობს, რომ რამდენიმე ასეული დასაქმებული და წარმატებული ქალი შეფასების საზომად არ გამოგვადგება ”იმიტომ, რომ საზოგადოების დამოკიდებულება, მენტალიტეტი ქალის მიმართ ჩვენთან მაინც დისკრიმინაციულია. აღქმულია, რომ ქალის მოვალეობაა მხოლოდ ოჯახზე ზრუნვა; თუ კარიერა აქვს, უნდა შეუთავსოს ერთმანეთს აუცილებლად; რომ შვილების გაზრდაა უმთავრესი მოვალეობა და ა.შ.. და ძალიან ხშირად, სწორედ ამ მიზეზით, ქალი უარს ამბობს თავის მისწრაფებებსა და სურვილებზე ოჯახის სასარგებლოდ.”

ქალთა უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფოს მიერ უკვე გაკეთებულ საქმედ მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე კანონს ოჯახური ძალადობის შესახებ, რომელიც პირველად საკანონმდებლო ორგანომ 2004 წელს მიიღო და 2009-ში შესწორებები შეიტანა.

თუმცა არის უამრავი პრობლემა, რომლის მოსაგვარებლად კანონი არ კმარა, - ამბობს ფონდ „ტასოს“ წარმომადგენელი მარიამ თაბუკაშვილი, რომელსაც სოფლის მკვიდრ, იძულებით გადაადგილებულ, კონფლქტის ზონაში მცხოვრებ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებთან უკვე მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს:

”ჩვენ ვერ ვებრძვით წარმატებით ვერც სოფლიდან ქალების მიგრაციას, ვერც ტრეფიკინგის პრობლემას, ვერც ძალადობას ოჯახში და ეს იქნება მანამ, სანამ არ იქნება მატერიალური კეთილდღეობა საქართველოში, ზოგადად, და განსაკუთრებით საქართველოს სოფლებში.”

საქართველოს სოფლად მცხოვრები ქალების ცხოვრება იყო აღბეჭდილი იმ ფოტოგამოფენაზეც, რომელიც ქალთა ორგანიზაციის პრეზენტაციის პარალელურად წარუდგინეს საზოგადოებას - ”პომიდვრის მკრეფავები ჩანთლისყურიდან”, ”ოლია თონესთან”, ”სააღდგომოდ მოლოკნებთან სოფელ ულიანოვკაში”...

გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით საქართველოს ხუთ რეგიონში შექმნილია და დღემდე მოქმედებს ე.წ. თვითდახმარების ჯგუფები, რომლებშიც დევნილი და კონფლიქტის გამო დაზარალებული ქალები არიან გაწევრიანებულები. ასეთი ჯგუფების არსებობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისათვის, რომ მათ გრანტი მიიღონ და მოკლევადიანი პროექტი განახორციელონ, არამედ იმისათვის, გვეუბნება თამარ საბედაშვილი, რომ ქალები მთელ საქართველოში იყვნენ უფრო აქტიურები და დამოუკიდებლები, ვიდრე ისინი დღეს არიან.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: anonimi
11.03.2011 09:08
ქალთა უფლებები...... ძალადობის მსხვერპლი ქალები და პრობლემათა დიდი ნუსხა, მაგრამ ცენტრ პოინტიდან გადანაცვლების და მცირე ნაწილისათვის შემოსავლების გაზრდის ხარჯზე არავითარ შემთხვევაში...

ავტორი: me საიდან გვწერთ: xan akedan xan ikidan
10.03.2011 20:21
გააუბედურა თუ გააბედნიერა. გააჩნია ქალის პერსპექტივიდან განვიხილავთ თუ კაცის.

ავტორი: ანონიმი
09.03.2011 00:59
ქალთა უფლებების დაცვა... კადრში (პრეზიდიუმში) რუსუდან კერვალიშვილი. რამდენი ქალი, ბავშვი და მამაკაცი გააუბედურა ამ ადამიანმა?