ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 10:24

პრესა / მსოფლიო

რუსული პრესის მიმოხილვა, 25 იანვარი 2011

x
ტექსტის ზომა - +
25 იანვარს რუსეთის პრესა მრავალ პრობლემაზე წერდა, მაგრამ ყველა გაზეთის მთავარი თემა ”დომოდედოვოს” აეროპორტში მომხდარი ტერაქტი იყო - ტრაგედია, რომლის შედეგადაც 35 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი კი დაიჭრა.

”ფრენისწინა დაუდევრობა”, ”მგზავრებს ტერორისტები შეეგებნენ”, ”აფრენა - დაშვება ტროტილის ეკვივალენტით”, ”5 კილოგრამი შემოწმების გარეშე”, ”შემხვედრი აფეთქება” და ასე შემდეგ - ასეთ სათურებს წაიკითხავთ რუსეთის გამოცემების პირველ გვერდებზე.

”ტერორისტები ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურას მისწვდნენ”, - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა” და აღნიშნავს, რომ ეს პირველი მსხვილი ტერორისტული აქტია რუსეთის აეროპორტებში.

”კომერსანტი” წერს, რომ თვითმკვლელ ტერორისტს არაფერი უშლიდა ხელს აეროპორტში მოხვედრილიყო, ამისათვის მას ვარგისიანი და მოქმედი მეტალის დეტექტორის გავლაც კი არ მოუწევდაო, - აღნიშნავს გაზეთი. „კომერსანტი“ ამ აფეთქებას ჩრდილოეთ კავკასიაში ვაჰაბიტების წინააღმდეგ ძალოვანთა ბოლო ოპერაციებს უკავშირებს.
სახელმწიფო დუმის უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ მაგომედ ვახაევმა გაზეთს უთხრა, რომ არ არის გამორიცხული, დომოდედოვოში აფეთქების უკან ეგრეთ წოდებული ” ემირატ კავკაზის” წარმომადგენლები იდგნენ: ”ეს შესაძლოა ყოფილიყო რეაქცია ჩვენი ძალოვნების წარმატებული ოპერაციების სერიაზე დაღესტანსა და ინგუშეთში, რომლის დროსაც დააპატიმრეს და გაანადგურეს ამ ორგანიზაციის თვალსაჩინო ლიდერები.”
კიდევ ერთმა დეპუტატმა, იმავე კომიტეტის მეორე მოადგილემ გენადი გუდკოვმა აღნიშნა, რომ თუ ადრე ტერაქტების ორგანიზატორები დიდხანს ეძებდნენ თვითმკვლელებს, შემდეგ კი თვეობით ამზადებდნენ, ახლა ჩრდილოეთ კავკასიაში თვითმკვლელთა რიგი დგას, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ ადგილას აიფეთქონ თავი. გუდკოვმა გაზეთს უთხრა, რომ ამის მიზეზი სამართალდამცავი ორგანოების არაეფექტური მუშაობაა:

”მათ მიაჩნიათ, რომ უსაფრთხოების ამაღლება შესაძლებელია ბლოკპოსტების რაოდენობის გაზრდით, საპასპორტო კონტროლის გამკაცრებით და მუდმივი ჩხრეკით, მაგრამ ეს ასე არ არის. მთავარია აგენტურა - და სწორედ ამან არ იმუშავა”.

”მოსკოვში ტერაქტები ყოველწლიური ხდება”, - წერს ”ვედომოსტი”, თუმცა ამჟამინდელი აქცია, მთელი რიგი პოლიტიკური პროცესების გააქტიურების ფონზე მოხდაო, - აღნიშნავს გაზეთი, რომლის მიხედვითაც ეს ვითარება, უპირველესად, უკავშირდება 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადებას. „ვედომოსტის“ მიხედვით, ტერაქტთან დაკავშირებით პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს იმ გამოსვლების შეცვლა მოუწევს, რომლებიც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე უნდა გააკეთოს.

„ვედომოსტი“ იმასაც აღნიშნავს, რომ ”ტრაგედიამ შესაძლოა შიდაპოლიტიკის გამკაცრებაც გამოიწვიოს. ამისათვის ერთ-ერთი საბაბი უკვე გამოჩნდა მოსკოვში 2010 წლის დეკემბერში (იგულისხმება მანეჟის მოედანზე მომხდარი ამბები) - ტერაქტებს მოაქვთ როგორც პოლიციური აქტივობის ზრდა და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვა, ისე ქსენოფობიის გაძლიერება საზოგადოებაში”.

„ვედომოსტი“ წერს, რომ ამ ტერაქტს აუცილებლად მოჰყვება მაღალი თანამდებობის პირთა განცხადებები: ”ტერაქტის ორგანიზატორები გამოავლენილი და განადგურებული იქნებიან”.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.

ყველაზე პოპულარული