Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა შესუსტდა?


გერმანიაში დაფუძნებული ავტორიტეტიანი ორგანიზაციის “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ( Transparency International ) 2010 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ კორუფციასთან ბრძოლის გზაზე ნაბიჯი უკან გადადგა და 66-დან 68-ე ადგილზე გადაინაცვლა. მართალია, შარშანდელ მაჩვენებელთან (3.8 ქულა) შედარებით უკუსვლა მხოლოდ 0,3 ქულით განისაზღვრება, მაგრამ ეს არის ბოლო წლებში კორუფციასთან ბრძოლის პროცესში გამოვლენილი პირველი უკუსვლა. რა ფაქტორებითაა განპირობებული მიღებული სურათი?

”საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშის - ”კორუფციის აღქმის ინდექსის” - მიხედვით, 2010 წელს საქართველომ მაქსიმალური 10 ქულიდან 3,8 ქულა დაიმსახურა და, როგორც ვთქვით, 178 ქვეყნის ნუსხაში შარშანდელთან შედარებით 2 ადგილით უკან დაიხია. ეს მაშინ, როდესაც მანამდე, 2004 წლიდან მოყოლებული, ამ პროცესში საქართველო ყოველწლიურად საშუალოდ 0,5-ქულიან წინსვლას ახერხებდა. აქვე ვთქვათ, რომ ”კორუფციის აღქმის ინდექსი” შიდაპოლიტიკურ და საჯარო სექტორში არსებული კორუფციის საზომს წარმოადგენს და მით უფრო არაკორუმპირებულად მიიჩნევა ქვეყანა, რაც უფრო მაღალია მისთვის მინიჭებული ქულა. ინდექსი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საკონსულტაციო ჯგუფების კვლევებს ეყრდნობა.

ქვეყნის წლევანდელ უკუსვლას, საერთო ჯამში, ”არაარსებითს” უწოდებს ბერლინში მოქმედი ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა. თუმცა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მატიას ჰუტერისთვის წლევანდელი მაჩვენებელი აშკარად პრობლემის არსებობაზე მეტყველებს:

”საქართველოში კორუფცია კვლავაც რჩება პრობლემად და კვლავაც საჭიროა, რომ ხელისუფლებამ ამ საკითხზე რეაგირება მოახდინოს. არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორუფცია უკვე აღმოფხვრილია საქართველოში, რასაც ზოგჯერ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ ხოლმე... ”

მატიას ჰუტერი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს იმასაც, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მიღწეული გასაოცარი პროგრესის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში ერთგვარად მოადუნა ყურადღება კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.

ამგვარ შეფასებას, რომ კორუფციასთან ბრძოლა შესუსტებულია, არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი დავით დარჩიაშვილი. ის ამბობს, რომ კორუფციასთან ბრძოლა საქართველოში, ”ხშირ შემთხვევაში, უფრო აქტიური და ქმედითია, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში” და რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშთან მიმართებით არც ”მცირე სუბიექტივიზმი” გამოირიცხება:

”...მთელი რიგი პროცესები ამ სფეროში, სისხლის სამართლის პროცესები, შესუსტებას არ აჩვენებს - ბოლო დროს ტენდერების არასწორად ჩატარების გამო სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა, ხომ?! ... რაც შეეხება ინსტიტუციურ ცვლილებებს, აი ახლახან (და, სხვათა შორის, ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” ეს ანგარიშიც აღნიშნავს ამას) მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ტენდერების სისტემის შეცვლაზე - ამ ტენდერების ელექტრონულ ფორმატში ჩატარებაზე... რაც ხელს შეუწყობს გამჭვირვალობას. ანუ, ასეთი ტიპის ინსტიტუციური ცვლილებები აუცილებელია და გატარებულიც იქნება”.

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემას, რომელიც დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მართლაც წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. თუმცა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მატიას ჰუტერი ჩვენთან საუბარში იმ პრობლემებსაც ჩამოთვლის, რომელთა გამოც საქართველოს აშკარად ეშლება ხელი, კორუფციას უკეთესად ებრძოლოს:

”...კვლავაც არსებობს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს საჭიროება... ასევე გვჭირდება საკუთრების უფლების უკეთ დაცვა, უფრო გამჭვირვალე ბიუჯეტი და უფრო ღია საზოგადოებრივი ხარჯები... ისევ არსებობს ელიტური კორუფციის პრობლემა, ანუ ეს არის კორუფცია ხელისუფალთა უმაღლეს წრეებში... კიდევ ერთი საკითხი, რაც გვაღელვებს - ეს გახლავთ მედიის (და განსაკუთრებით ტელეარხების) მფლობელობის გასაიდუმლოება. ახლა ჩვენ გვესმის, რომ პარლამენტი ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ახალი კანონის შექმნას აპირებს და ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება”.

პრობლემების ამგვარი ნუსხის არსებობის მიუხედავად, დავით დარჩიაშვილი კმაყოფილებით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოს უკეთესი მაჩვენებელი აქვს მეზობლების უმრავლესობასთან შედარებით. აქვე ვთქვათ, რომ სომხეთი 123-ე ადგილს იკავებს, აზერბაიჯანი - 134-ეს, ხოლო რუსეთი 154-ე ადგილზეა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG