Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18 ერთეულით გაუარესებული რეიტინგი


პრესის თავისუფლების რუკა
პრესის თავისუფლების რუკა
საერთაშორისო ორგანიზაციამ ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ” პრესის თავისუფლების 2010 წლის რეიტინგში საქართველოს 99-ე ადგილი განუსაზღვრა, რაც, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ამავე ორგანიზაციის კვლევების თანახმად, გასულ წელთან შედარებით მედიის თავისუფლების მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესებულია. რეიტინგში სხვაობა გასულ და მიმდინარე წლებში 18 ერთეულს შეადგენს. გასულ წელს საქართველო 175 ქვეყანას შორის 81-ე ადგილს იკავებდა. წელს კვლევამ მსოფლიოს 178 ქვეყანა მოიცვა.

ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორის მოადგილე, საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის შეფასებას ერთი კონკრეტული მაგალითით იწყებს: მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციის მოპოვების მიზნით, მან ერთდროულად 10 სამინისტროს მიმართა. 10 სამინისტროდან კი 20 განცხადებაზე მხოლოდ სამი პასუხი მიიღო. ელისო ჩაფიძე განსაკუთრებით გამოყოფს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ვრცელ პასუხს. ჟურნალისტი აღნიშნული სამინისტროდან მინისტრისა და მისი მოადგილეების ხელფასისა და პრემიის ოდენობის დასახელებას ითხოვდა. მისი მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სამინისტროდან მიღებული განმარტება მხოლოდ სახელფასო ინფორმაციას მოიცავდა. რაც შეეხება დანარჩენ სამინისტროებს, ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ ამავე შეკითხვაზე მათ ცინიკური პასუხი აქვთ, ანუ მიგითითებენ პრეზიდენტის 2005 წლის 26 იანვრის ბრძანებულებაზე, რომელიც პრეზიდენტის ვებგვერდზე არ დევს და, შესაბამისად, ასევე ხელმიუწვდომელია.

ელისო ჩაფიძე, გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორის მოადგილე
”სერიოზულად გაუარესდა სახელმწიფო უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის გაცემა. ამ თემასთან დაკავშირებით 2 თვის განმავლობაში ვატარებდი კვლევას და კატასტროფული შედეგები მივიღე. პესიმისტურიც კი. აღმოჩნდა, რომ 2009-2010 წლებში ჟურნალისტებმა სასამართლოს მიმართეს მხოლოდ 54 შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით და სასამართლოს მიერ მხოლოდ ერთი სარჩელია დაკმაყოფილებული”.

საქმე ეხება მხოლოდ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს, აზუსტებს ელისო ჩაფიძე, რომლის დაკვირვებითაც, პრესის თავისუფლების რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუარესების კიდევ რამდენიმე მიზეზის დასახელება შეიძლება: ნაციონალური ტელევიზიების მფლობელთა შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოება, ბეჭდური მედიის დისტრიბუციის ბაზარზე სახელისუფლებო კომპანიების შესვლა - კომპანიებისა, რომლებიც განსაზღვრავენ, რომელი გაზეთი უნდა მივიდეს მკითხველამდე და რომელი არა, და სხვა. რაც შეეხება თავად საერთაშორისო ორგანიზაციის ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ ” კვლევას, იგი მედიის თავისუფლების მდგომარეობას ამა თუ იმ ქვეყანაში, ძირითადად, ჟურნალისტის უსაფრთხოებისა და, ზოგადად, მედიასაშუალების ფუნქციონირებისათვის არსებული პირობების გათვალისწინებით ადგენს. ჟურნალისტის შემთხვევაში საუბარია უსაფრთხოების ისეთ კრიტერიუმებზე, როგორიცაა: თავისუფლების აღკვეთა, მკვლელობა, ფიზიკური ზეწოლა, მუქარა და ა.შ. მედიასაშუალებების მდგომარეობა კი ფასდება იმის მიხედვით, არის თუ არა ცენზურის, მედიასაშუალების დაბლოკვის, გაზეთის კონფისკაციის, თვალთვალისა და სხვა შემთხვევები.

”კითხვების ნაწილი იყო და ასევე ჩვენი პრობლემატიკის ნაწილია მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი. გამჭვირვალობის თემა მედიამფლობელების, ფინანსური დამოუკიდებლობის შესაძლებლობა, ირიბი და პირდაპირი ზეწოლა როგორც მედიასაშუალებებზე, ისე ჟურნალისტებზე, სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემა და ასე შემდეგ. ნამდვილად გართულდა დამოუკიდებელი მედიისთვის არსებობა ამ გარემოში. ერთადერთი შანსი დამოუკიდებელი მედიის გადარჩენისათვის არის საერთაშორისო დახმარება და საერთაშორისო დონორები”.

ჟურნალ ”ლიბერალის” დამფუძნებელი და რედაქტორი შორენა შავერდაშვილი, შესაბამისად, ადეკვატურად და ლოგიკურად მიიჩნევს იმას, რომ მედიის თავისუფლების შკალაზე საქართველომ თავისი გასული წლის პოზიციები დათმო. პროგრესი ნამდვილად არ გვაქვს, აღნიშნავს იგი. თუმცა, როგორც ირკვევა, მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ხუთკაციანი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ამ ეტაპზე 8 კანონის ცვლილებათა კანონპროექტის შექმნითაა დაკავებული.

შორენა შავერდაშვილი, ჟურნალ ”ლიბერალის” დამფუძნებელი და რედაქტორი
”ერთი ნაწილი ეხება ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. აქვეა ინფორმაციის მიღებაზე უარის გასაჩივრების რეგულირება. მეორე ნაწილი ცვლილებებისა ეხება მაუწყებლებთან დაკავშირებულ პრობლემებს, არის ასევე ინტერესთა კონფლიქტის საკითხები. მაგალითად, შეიძლება თუ არა, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ საზოგადო საჯარო მოხელე, იმავდროულად, იყოს მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი.

როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, კანონპროექტზე მუშაობა უახლოეს ხანში დამთავრდება, შემდეგ კი უკვე ხელისუფლების ნების სახით გამოჩნდება, რა სახის საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება ქვეყანაში მედიის სრულფასოვანი ფუნქციონირების მიზნით.

დასასრულ კი, ისევ ორგანიზაციის ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ ” ყოველწლიურ კვლევას რომ დავუბრუნდეთ, შევნიშნავთ, რომ საქართველოს რეიტინგი უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მკვეთრ ცვლილებებს განიცდის. 2008 წელს, პრესის თავისუფლების მიხედვით, ქვეყანა 120-ე ადგილზე იყო, 2009-ში - 81-ზე, 2010-ში კი 99-ზეა.
XS
SM
MD
LG