Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიზიკის დარგში ნობელის პრემია რუსმა მეცნიერებმა მოიპოვეს


ანდრე გეიმი (მარცხნივ) და კონსტანტინ ნოვოსიოლოვი
ანდრე გეიმი (მარცხნივ) და კონსტანტინ ნოვოსიოლოვი
ნობელის კომიტეტმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ ფიზიკის დარგში 2010 წლის ნობელის პრემია რუსული წარმოშობის მეცნიერებს, ანდრე გეიმსა და კონსტანტინ ნოვოსიოლოვს მიენიჭათ ელექტროგამტარი ნახშირბადის სფეროში გაწეული პიონერული სამუშაოსთვის.

პრემიის ლაურეატთა გამოცხადებისას ნობელის კომიტეტმა ხაზი გაუსვა გეიმისა და ნოვოსიოლოვის ფუძემდებელი ექსპერიმენტები ნივთიერება გრაფენის შესწავლაში, რამაც გამოყენება შეიძლება ჰპოვოს კომპიუტერებისა და სამომხმარებლო ელექტრონიკის სფეროში.

გრაფენი ერთი ატომის სისქის ნახშირბადია, რომელიც ამავე დროს იმდენად მკვრივია, რომ გაზის უმცირეს ატომებსაც კი არ ატარებს.

ნობელის კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ გრაფენის გამოყენება შეიძლება ეკრანებში, რომლებიც შეხებაზე რეაგირებენ; სინათლის პანელებში; შესაძლოა მზის ენერგიის კოლექტორებშიც. ვარაუდობენ, რომ გრაფენის ტრანზისტორები გაცილებით უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე დღესდღეობით არსებული სილიკონის ტრანზისტორები, რაც უფრო ეფექტიანი კომპიუტერების შექმნას შეუწყობს ხელს.

ფიზიკის დარგში ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ, ინგმარ ლინდსტრომმა განაცხადა:

„ჩემთვის ეს არის გარღვევა მეცნიერებაში, ფიზიკაში, ვინაიდან მოხერხდა ნამდვილი ორგანზომილებიანი კრისტალური ნივთიერების იზოლირება, რომელიც დედამიწაზე ყველაზე თხელი ნივთიერებაა. მეორე მხრივ, ამ ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის პრაქტიკული გამოყენების საკმარისი პოტენციალი არსებობს. რის გამოც დარწმუნებული ვარ, რომ გრაფენი მრავალ მრავალ კომერციულ გამოყენებას ჰპოვებს უახლოეს მომავალში.“

გრაფენის სამეცნიერო მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ფიზიკოსებს უნიკალური თვისებების მქონე ორგანზომილებიანი მატერიის შესწავლის საშუალებას აძლევს.

ანდრე გეიმი ნიდერლანდის მოქალაქეა, კონსტანტინ ნოვოსიოლოვს კი ბრიტანეთისა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს. ორივე მანჩესტერის უნივერსიტეტში მუშაობს.

4 ოქტომბერს მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა ბრიტანელ მეცნიერს, რობერტ ედვარდსს.

6 ოქტომბერს გამოცხადდება ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში, 7 ოქტომბერს - ლიტერატურაში, 8 ოქტომბერს მშვიდობის დარგში და 11 ოქტომბერს - ეკონომიკაში. წლევანდელი ლაურეატები მიიღებენ 10 მილიონ შვედურ კრონს, ანუ მილიონნახევარ დოლარს, დიპლომს და ოქროს მედალს.

ნობელის პრემია, რომელიც შვედმა მეწარმემ, ალფრედ ნობელმა დაარსა, პირველად 1901 წელს გაიცა. ნობელის კომიტეტი 50 წევრისგან შედგება და გამარჯვებულს კენჭისყრით არჩევს.
XS
SM
MD
LG