Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტები - პროფესიისა და ბედის ანაბარა


საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციითა და სხვა სამართლებრივი აქტებითაა დაცული. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა აკრძალულია სისხლის სამართლის კოდექსითაც, თუმცა, ამის მიუხედავად, ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მედიის წარმომადგენელთა ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ. საინტერესოა, რეალურად რამდენადაა დაცული საქართველოში ჟურნალისტის უფლება მოიპოვოს და გაავრცელოს საჯარო ინფორმაცია და როგორ რეაგირებენ სახელმწიფო ინსტიტუციები ამ უფლების ხელყოფის შემთხვევაში.

საბა წიწიკაშვილი, გორში გამომავალი გაზეთის - „ქართლის ხმის“ - რედაქტორი, გაზეთისა თუ ინტერნეტის საშუალებით რეგულარულად აქვეყნებს პუბლიკაციებს, რომლებშიც ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობა მწვავედაა გაკრიტიკებული. არაა გამორიცხული, რომ გორის მუნიციპალიტეტში ჟურნალისტს სწორედ ამის გამო არ სწყალობდნენ.

ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეომასალაში კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობენ გამგეობის შენობაში ჟურნალისტისათვის კამერის წართმევას. საბა წიწიკაშვილს ეს ინციდენტი შარშან შეემთხვა. ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მის შესახებ ვრცლად ილაპარაკა სახალხო დამცველმა თავის უკანასკნელ ყოველწლიურ მოხსენებაში, თუმცა, ფაქტის გახმაურების მიუხედავად, საბა წიწიკაშვილს მაინც რეგულარულად უშლიან ხელს პროფესიულ საქმიანობაში. მორიგ ინციდენტს ორიოდე დღის წინ ჰქონდა ადგილი, როცა ჟურნალისტი, სხვა მისი კოლეგებისგან განსხვავებით, საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს.

საბა წიწიკაშვილი: „საკრებულოს თავმჯდომარის რეაქცია მეტყველებს იმაზე, რომ მას საერთოდ არ აინტერესებს ჟურნალისტის საკრებულოს სხდომაზე დასწრება, როგორ შეასრულებს ჟურნალისტი თავის მოვალეობას საკრებულოს სხდომაზე... ვფიქრობ, რომ ეს არის ხელისუფლების მაღალი დონიდან წამოსული დავალება.“

საბა წიწიკაშვილის მსგავსად, პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს ნანა ფაჟავას, რომელიც 2009 წლის 31 დეკემბერს სამეგრელოში პრეზიდენტის სტუმრობას აშუქებდა. ზუგდიდელმა ჟურნალისტმა ინციდენტში მონაწილეთა იდენტიფიცირება შეძლო.

„იმ თავდასხმასთან დაკავშირებით, რაც სამხარეო პოლიციასთან მოხდა (როგორ წამართვეს კამერა და როგორ დამიზიანეს, როგორ მომაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა), საოლქო პროკურატურაში ვიყავი და ჩვენება მივეცი, მაგრამ საქმე საერთოდ არ დაძრულა, ჩემ მიერ დასახელებული ხელისუფლებისა და ძალოვანი სტრუქტურების არც ერთი წარმომადგენელი არ დაუკითხავთ“, უთხრა რადიო თავისუფლებას ნანა ფაჟავამ.

ის, რომ ჟურნალისტებზე კვლავ ხორციელდება ძალადობა, შეუმჩნეველი არ დარჩენია სახალხო დამცველის აპარატს. გიორგი ტუღუში პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით ორი კვირის წინ წარდგა.

გიორგი ტუღუში: „გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით უნდა ვთქვა, რომ კვლავ ჰქონდა ადგილი ფაქტებს, როცა ჟურნალისტებზე ხორციელდებოდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. ასეთი შემთხვევები მეტწილად რეგიონებში დაფიქსირდა. ამასთან, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა ხორციელდებოდა როგორც ფიზიკური შეურაცხყოფის, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლის გამოყენებითაც, თუმცა ამ საქმეებთან მიმართებაში არც ერთი კონკრეტული პირი პასუხისგებაში არ მიუციათ.“

ფსიქოლოგიური ზეწოლის ნიმუშად გიორგი ტუღუშმა მოიტანა ბათუმის შინაგან საქმეთა განყოფილების შენობაში 2009 წლის ნოემბერში მომხდარი შემთხვევა, რომლის დროსაც გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტს პირადი ინფორმაციის გამოქვეყნებით დაემუქრნენ. ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა, სახალხო დამცველის ცნობითვე, ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. მსგავსი ვითარებაა ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის თითქმის ყველა სხვა შემთხვევაში. ინტერნეტ საიტ media.ge-ის კორესპონდენტის ნატო ძველიშვილის დაკვირვებით, ფაქტის გახმაურებისას სამართალდამცავი სტრუქტურები, როგორ წესი, სტანდარტულად რეაგირებენ:

„უმეტეს შემთხვევაში იწყება წინასწარი გამოძიება, მაგრამ არის ორი პრობლემა. ერთი ის, რომ თუ საქმე აღიძრა, იწელება ძალიან დიდხანს და, როგორც წესი, არ სრულდება, ანუ აღსრულება ასეთი ტიპის საქმეების ძალიან ცოტა თუ გვინახავს. მეორე არის ის, რომ საქმე კვალიფიცირდება სხვა მუხლით და არა 154-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევასა და ხელის შეშლას.“

რომ დავაზუსტოთ, სისხლის სამართლის 154-ე მუხლის მიხედვით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით, ვადით ორ თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე, თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ადვოკატი თამარ კორძაია ამბობს, რომ კოდექსის ეს მუხლი, როგორც წესი, არ მუშაობს, რადგანაც საქართველოში ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას სისტემური ხასიათი აქვს.

„ეს არის ისეთი ტიპის ზეწოლა მედიაზე, რომელიც საქმიანობის სურვილს უკარგავს. მაგალითად ჟურნალისტს უხეშად მოექცნენ ან სცემეს და ამაზე რეაგირება არ იყო სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... ჟურნალისტზე ეს მოქმედებს და შესაძლოა აღარ გაუჩნდეს სურვილი გააშუქოს ისეთი მოვლენა, რის გამოც მასზე მოახდენენ ფიზიკურ ზეწოლას. სახელმწიფო პოლიტიკაა ასეთი, რომ ჟურნალისტის ინტერესები არ უნდა იყოს დაცული. როდესაც არსებობენ მოწმეები, არსებობს დაზარალებული, რომელიც ხელს ადებს მოძალადეს, მაშინ რატომ უნდა იყოს დამნაშავის დასჯა პრობლემა?“ - კითხულობს თამარ კორძაია, რომლის დაკვირვებითაც, განსაკუთრებით ხშირია საჯარო ინფორმაციის დაბლოკვის ფაქტები, რომელთა დასაძლევად ჟურნალისტებს გრძელი და, შესაბამისად, არაეფექტიანი სამართლებრივი გზის გავლა, ანუ სასამართლოებისათვის მიმართვა, უწევთ. მედიის მკვლევარი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ფაქტორიც: მწირი შესაძლებლობების მქონე მედიასაშუალებებს უჭირთ სასამართლო ბაჟის გადახდა, რის გამოც სასამართლოს იშვიათად მიმართავენ. ზვიად ქორიძის თქმით, საქართველოში მედია იმაზე მძიმე მდგომარობაშია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ის, რომ დღეს საქართველოში ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს არ კლავენ, არ ნიშნავს იმას, რომ ფიზიკური ხელყოფისგან დაცვის რეალური მექანიზმი არსებობს.

„უბრალოდ, სათანადო გავლენის ჟურნალისტიკა არ არის საქართველოში და, უბრალოდ, ხელისუფლებას არ სჭირდება ამის გაკეთება. თუ ავიღებთ საერთო ეროვნულ მაუწყებლებს, ვნახავთ, რომ მთლიანად ხელისუფლების მიერ არიან კონტროლირებადი, ხოლო გაზეთები ტირაჟისა და გავრცელების შესაძლებლობების გამო ვერ წარმოადგენენ სერიოზულ საფრთხეს. ისეთი ტიპის ჟურნალისტური გამოძიებები კი, რომლებმაც შეიძლება შეარყიოს გავლენიანი პირების პოზიციები, ჯერჯერობით საქართველოში ვერ კეთდება. ამიტომ ისინი რადიკალურ ზომებს არ მიმართავენ და ხშირად იმით ტრაბახობენ, რომ საქართველოში ჟურნალისტებს არ კლავენ“, უთხრა რადიო თავისუფლებას ზვიად ქორიძემ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG