Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლიმატის ცვლილების მძიმე შედეგები


20-იანი წლების დასაწყისში ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის ავტორთა ჯგუფმა მოსალოდნელი გლობალური დათბობის ეკონომიკურ ზრდაზე შესაძლო გავლენა გამოთვალა. მაშინ ჰარვარდელი პროფესორების დასკვნა ზედმეტად დრამატულად მიიჩნიეს, გლობალური დათბობის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე კი - არაპრიორიტეტულ საფრთხედ.

ამ კვლევის გამოქვეყნებიდან სულ რამდენიმე წელიწადში მეცნიერების პროგნოზს ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და კონტინენტზე ამინდის გაუარესება უკვე აისახა საკვები პროდუქტის ფასებზე, მათი არნახული გაძვირება და, ზოგიერთ შემთხვევაში, დეფიციტიც გამოიწვია (ეს მაშინ, როდესაც ათლწეულების განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკის პრობლემად ჭარბწარმოება სახელდებოდა). ზოგიერთ პროდუქტზე ფასების მატების ტემპებმა უკვე გაჭენებული ხასიათი მიიღო და ჯერ არც ზღვარი უჩანს.

ანომალური სიცხეების გამო რუსეთმა ხორბლის მოსავლის წლევანდელი პროგნოზი 90 მილიონი ტონიდან 70-75 მილიონ ტონამდე უკვე შეამცირა. შედეგად, ამ პროდუქტზე ფასები ორ თვეში 50%-ზე მეტად გაძვირდა. ეს ფაქტორი საქართველოსთვის იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც საქართველოს ხორბლით მომარაგების ერთ-ერთ მნიშნელოვან წყაროდ კვლავაც რუსული ბაზარი რჩება.

ხორბლის კიდევ ერთი მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანა – კანადა – ასევე ელის, რომ მისი მოსავალი 2002 წლის შემდეგ რეკორდულად დაბალი იქნება. თუმცა, ამ შემთხვევაში მიზეზი არა სიცხე, არამედ ძლიერი წვიმებია, რომელიც მოსავალს ასევე ანადგურებს. შედეგად, ხორბალზე ფასების ზრდა 1970-იანი წლების შემდეგ ყველაზე სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა და სასაქონლო ბირჟებზე, ცუდი მოსავლის მიზეზით, მნიშვნელოვნად ძვირდება ბრინჯი (1 თვეში ფასმა 15%-ით მოიმატა), შაქარზე (22%-ით), ყავაზე, კაკაოზე, ყველა სახის ბურღულეულზე და ა.შ.

ამდენად, საქართველოში, რომელიც ამ პროდუქტების აბსოლუტური უმრავლესობის იმპორტს ახორციელებს, ფასების გაძვირების მორიგი ტალღა სრულიად რეალური საფრთხეა.
XS
SM
MD
LG