Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კახეთში ახალი საავადმყოფოების მშენებლობა დაიწყო


სადაზღვევო კომპანიები პირობას დებენ, რომ მომხმარებლები სრულფასოვან მომსახურებას მიიღებენ. ამ ვალდებულებას ტენდერში გამარჯვებული სადაზღვევო კომპანიები ჰოსპიტალური განვითარების პროგრამის ფარგლებში იღებენ. ერთ-ერთი ასეთი სადაზღვევო კომპანია “არქიმედეს გლობალ ჯორჯიაა”, რომელიც კახეთში ორ ჰოსპიტალს -წნორსა და ლაგოდეხში ააშენებს. კომპანიის ხელმძღვანელის ნიკოლოზ რამიშვილის განცხადებით, ახალი საავადმყოფოები სამ რაიონს – ლაგოდეხს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღს მოემსახურება.

“არქიმედეს გლობალ ჯორჯია” მომსახურებების ისეთი პაკეტის შეთავაზებასაც გეგმავს, რომელიც ავადმყოფობის პრევენციაზე იქნება მიმართული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით კი, სიკვდილიანობის 60% სწორედ იმ ქრონიკული დაავადებებითაა განპირობებული, რომელთაგან 80% პრევენციას ექვემდებარება.

„არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ გარდა, ჰოსპიტალური განვითარების პროგრამის ფარგლებში კიდევ ორი სადაზღვევო კომპანია - „იმედი ელი“ და „ჯიპიაი ჰოლდინგი“ იმუშავებს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი სოფიო ლებანიძე აცხადებს, ჰოსპიტალური პროგრამა კახეთის რეგიონს სრულად დაფარავს.

მომხმარებლებს კი სადაზღვევო კომპანიები დღეს იმ რაიონული საავადმყოფოების პირობებში ემსახურებიან, რომლებიც ადგილებზე ფუნქციონირებს.

რაიონულ საავადმყოფოებში კი ხარჯის გაწევა მოქალაქეებს ნაწილობრივ თავად უწევთ - ხშირად იმის გამო, რომ რაიონულ საავადმყოფოებში შესაბამისი პირობები არ არის - ექიმის პირველადი სამედიცინო მოხმარების ნივთებით მომარაგება, ხოლო ზამთარში გასათბობად შეშის მიტანაც კი მოქალაქეებს უხდებათ.

ახალი საავადმყოფოების მშენებლობა კი, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ნაწილი 2011 წელს, ნაწილი კი 2012-ში დასრულდება. ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის სოფიო ლებანიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო კომპანია აღნიშნულ ვადებს დაარღვევს და ნაკისრ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, საქმეს სამინისტროს ქვემდებარე მედიაციის სამსახური განიხილავს

სადაზღვევო კომპანიებში ირწმუნებიან, რომ მომხმარებლის მიმართ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობენ. დაზღვეულების რიცხვი კი, მათი ვარაუდით, მომსახურების სერვისიდან გამომდინარე, მალე კიდევ უფრო გაიზრდება.
XS
SM
MD
LG