Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პატრიარქი უკრაინაში მოგზაურობს


თავისი მოგზაურობა უკრაინაში რუსეთის პატრიარქმა კირილმა ოდესით დაიწყო. ქალაქში, რომელსაც საბჭოთა პერიოდში ენამოსწრებულთა და სხვაგვარადმოაზროვნეთა ქალაქის სახელი ჰქონდა, მას უკვე აეროპორტში დახვდნენ უკრაინის „პროგრესული სოციალისტური პარტიის“ წევრები ლოზუნგებით, რომლებიც საბჭოთა დროის გეგონებოდათ, მართლმადიდებლობა და ღმერთი რომ არ ყოფილიყო ნახსენები. ერთ-ერთ ლოზუნგზე წაიკითხავდით: „ არა მახვილით, არამედ ღვთის სიტყვით დაიცავი სლავები ნატოსაგან“. რუსეთის ეკლესიის მამამთავრის უკრაინაში ვიზიტი უკრაინელებს შორის კვლავ განხეთქილების მიზეზია. ვიზიტი რუსეთის პატრიარქმა კირილმა სამშაბათ საღამოს დაიწყო. ოდესის გარდა, საიდანაც, როგორც ითქვა, შეუდგა პატრიარქი მოგზაურობას უკრაინაში, ის ჩავა დნეპროპეტროვსკსა და კიევში. კირილს, უკრაინისა და ადგილობრივი სასულიერო პირების გარდა, საერო პირები - სხვათა შორის, რუსეთის წარმომადგენლები - დახვდნენ. კიევის მიტროპოლიტმა ვლადიმირმა პატრიარქს ჰკითხა, ოდესელებს აინტერესებთ, კიდევ როდის ჩამოხვალთო, და აუხსნა: ოდესელები, თუკი მათ ვინმე უყვართ, აქტიურად უყვართ, თუკი ლოცულობენ, მართლა ლოცულობენო. თავისი შარშანდელი, პირველი ვიზიტისგან განსხვავებით, კირილი ამჯერად დასავლეთ უკრაინაში არ ჩადის. მაშინდელი გაკვეთილიც ემახსოვრება კირილს, როცა კიევში პოლიციასა და მისი ვიზიტის მოწინააღმდეგეთა შორის შეტაკება მოხდა. რელიგიის უკრაინელი ექსპერტი ლიუდმილა ფილიპოვიჩი განმარტავს:

„ის საკმაოდ ბრძენია იმისათვის, რომ ესმოდეს, დასავლეთ უკრაინაში მის მოგზაურობას არ ექნებოდა სასიამოვნო ხასიათი. მის მიმართ კიევშიც საკმაოდ არაცალსახა რეაქცია ექნებათ, რადგან რუსეთი პირველად ზეიმობს რუსეთის გაქრისტიანების დღეს და ამ ზეიმის მთავარი ინიციატორი და სულისჩამდგმელი რუსეთის გარეთ იქნება.“

რუსეთის პატრიარქის ამ ვიზიტს საკუთრივ უკრაინაში ბევრი პოლიტიკურ ხასიათს ანიჭებს. ამ პოზიციაზე მყოფნი მიიჩნევენ, რომ რუსეთი რელიგიის სფეროშიც ცდილობს უკრაინაზე თავისი ზეგავლენა განამტკიცოს. მოსკოვის საპატრიარქო კვლავ განაგებს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, თუმცა არსებობს უკრაინის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც 1990 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოეყო მოსკოვს. ამ ეკლესიის მთავარეპისკოპოსის იგორ ისიჩენკოს შეფასება ასეთია:

„დღეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ყველაზე პოლიტიზებული ეკლესიაა და აშკარად კრემლის პოლიტიკურ სურვილზეა დამოკიდებული. ვიზიტის თანმხლები იქნება ბევრი კარგი მომენტი, მაგრამ ვშიშობ, რომ რელიგიათა სულიერი შეზრდის საქმეში ის წვლილს ვერ შეიტანს.“

კირილი არ მალავს, რომ ის უკრაინის პრორუსული პრეზიდენტით, იანუკოვიჩით, კმაყოფილია. მოელიან, რომ ამ სტუმრობისას ისინი ერთმანეთს შეხვდებიან კიდეც. ტელევიზიით გამოსვლისას კირილმა ასე ილაპარაკა დღევანდელ უკრაინაზე:

„უკვე დღეს ჩანს, რომ მიდის პოლიტიკური სტაბილიზაცია, ეკონომიკური მაჩვენებლების გამოსწორება, მსოფლიოსთან - რუსეთის, ევროპის, აშშ-ის ჩათვლით - ურთიერთობის განვითარება. ვფიქრობ, უკრაინის საზოგადოების მნიშვნელოვანი ხარისხობრივი ცვლილება აშკარაა.“

უკრაინაში ის მართლმადიდებლები, რომლებიც უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მომხრეები არიან, - მათ ავანგარდში ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკოც იყო, - ფიქრობენ, რომ უკრაინას უფრო მეტი მართლმადიდებელი ჰყავს, ვიდრე რუსეთს და ამიტომ არ სურს მოსკოვის საპატრიარქოსადმი მორჩილება. ისინივე მიიჩნევენ, რომ რუსეთის ეკლესია, უბრალოდ, შეშინებულია იმით, რომ მრევლს კარგავს უკრაინაში. რელიგიისა და სამართლის მოსკოვის ცენტრის დირექტორის რომან ლუნკინის აზრით, სწორედ ეს უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ პატრიარქი კირილი უკრაინაში მოგზაურობისას დაესწრება სინოდის სხდომას კიევში, ჩაატარებს არაერთ ღვთისმსახურებას და საფუძველს ჩაუყრის ახალ ეკლესიებს, მათ შორის - დნეპროპეტროვსკში, ქარხანა „იუზმაშის“ ტერიტორიაზე.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG