Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ახალი ცოცხი კარგად გვის?


შიდა ქართლში საკადრო ცვლილებები გრძელდება. ორი კვირის წინ დანიშნულმა ახალმა გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა გამგებლებს და სოფლების რწმუნებულებს პირველი გაფრთხილება მისცა. მისი თქმით, ის კაბინეტის მოხელესთან ვერ იმუშავებს და ყველას ხალხთან შეხვედრებისკენ მოუწოდა.

როგორ გაართმევენ თავს გამგებლები გუბერნატორის დავალებას, ეს მალე გამოჩნდება. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი მცირე კომენტარით შემოიფარგლა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ისედაც დადიოდა ხალხთან შესახვედრად.

სოფელ ხურვალეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული როინ ფოლადაშვილი კი აცხადებს, რომ გუბერნატორის დავალებას შეასრულებს.

არსოშვილმა საკადრო ცვლილებები საკუთარი ადმინისტრაციიდან დაიწყო. ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ზურაბ ლომიძე ფინანსურ სამსახურში გადაიყვანეს, მის ადგილას კი პაატა გიორგაძე დანიშნეს, რომელიც საპატრულო პოლიციის უფროსი იყო, ბოლოს კი არსოშვილთან ერთად ეროვნული გვარდიის დეპარტამენტში მუშაობდა. მოადგილედ გიორგი თვალავაძე დაინიშნა, რომელიც სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის მერიაში, გენპროკურორის მოადგილედ, ბოლოს კი გვარდიის დეპარტამენტში. ისევე როგორც წინა გუბერნატორმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა, არსოშვილმაც თბილისიდან დაიწყო ჩამოყვანა კადრებისა, რომლებმაც ვარძელაშვილის კადრები ჩაანაცვლეს. თვითონ არსოშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა ქართლში ფინანსური პოლიციის უფროსად, თბილისის მერიაში, იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლოს - გვარდიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. არსოშვილმა პოლიტიკური კარიერა გორიდან დაიწყო და ისევ გორში დაბრუნდა.

ფინანსურ პოლიციაში მისი მუშაობის პერიოდს რეგიონში კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა დაემთხვა. ამიტომ არსოშვილი და მისი თანამშრომლები, როგორც კონტრაბანდისტების მიმართ შეუბრალებელი პირები, არაერთხელ მოექცნენ საზოგადოების ყურადღების ცენტრში. უფლებადამცველები მას და მის გუნდს ადამიანის უფლებების დარღვევაში ხშირად ადანაშაულებდნენ. ამჟამად რეგიონის ხელისუფლებაში, ძირითადად, ყოფილი ძალოვანები მოვიდნენ. გორში ფიქრობენ რომ აქ ახალი დაჭერების ტალღა დაიწყება, თუმცა ეს ვარაუდი ჯერჯერობით არ მართლდება. ახალი გუბერნატორი კაბინეტში მართლა იშვიათად შედის. ორი კვირის განმავლობაში მან რამდენიმე სოფელში და ხაშურში მოასწრო მოსახლეობასთან შეხვედრა. ამჟამად იგი დევნილთა დასახლებების პრობლემებით არის დაინტერესებული.

შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტი რომ დიდი პოლიტიკისკენ ერთგვარი ტრამპლინია, ამას ერთი პატარა სტატისტიკაც მოწმობს. წინა 8 გუბერნატორიდან 6 თბილისში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე დააწინაურეს. დავით ქობლიანიძეს ვარდების რევოლუციამ მოუსწრო, მიხეილ ქარელს კი ოქრუაშვილისა და სააკაშვილის დაპირისპირებამ. ამიტომ მათი პოლიტიკური კარიერა გორშივე დასრულდა. ამ ტრამპლინზე ახლა არსოშვილი იმყოფება და მასზეა დამოკიდებული, ნახტომი რამდენად წარმატებული გამოუვა. იგი ახლა სოფელ-სოფელ დადის, მაგრამ გორში იმასაც ამბობენ, რომ ახალი ცოცხი კარგად გვის.
XS
SM
MD
LG