Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

დაპირებების შესრულების მოლოდინი კახეთში


ლაგოდეხი
ლაგოდეხი
ლაგოდეხში ბაისუბნისა და კართუბნის დამაკავშირებელი, ასევე საკვირაო ბაზრის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოზალიშვილი აცხადებს, 15 წლიანი პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალური განვითარების ფონდიდან წელს მილიონ-ნახევარი გამოიყო.

"ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ ბაისუბნის და სოფელ კართუბნის დამაკავშირებელი, აგრეთვე საკვირაო ბაზრის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები 2010 წლის 15 ივნისს დაიწყო და 12 ოქტომბერს დასრულდება. ასევე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხორციელდება ჭაბურღილების მოწყობის და ქალაქ ლაგოდეხში წყალსადენისა და კანალიზაციის ქსლის რეაბილიტაციის პროექტი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცოდნისკარსა და ნინიგორში წყალსადენის სათავე-ნაგებობების რეაბილიტაცია ხორციელდება. სოფელ ვარდისუბანში, კართუბანში, გიორგეთში, აფენში, არეშფერანში, გუჯარეთსა და გიორგეთში ეწყობა თითო სადაზვერვო-საექსპლუატაციო ჭაბურღილი, სოფელ ჭიაურში კი ხორციელდება არსებული წყალსადენის რეაბილიტაცია. გაჭირვება რომაა, ვიღაცას რომ სახლი ენგრევა და არსებობა უჭირს, ეს, რა თქმა უნდა, ვიცით, მაგრამ იმას ვერავინ იტყვის, რომ საქმე არ კეთდება. საკმაოდ აქტიურად მიდის რეგიონში გაზიფიცირება, კეთდება გზები, რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემაცაა, ვცდილობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პრობლემები ნაკლები იყოს", - განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოზალიშვილმა.

ოცწლიანი პრობლემის მოგვარება დაიწყო საგარეჯოს რაიონშიც. სოფელ ჩაილურში ადგილობრივი მოსახლეობა დაზიანებულ გზაზე წლების მანძილზე გაჭირვებით მოძრაობდა. გარდა ამისა, აქაურები, ტრადიციულად, თავიანთი მოყვანილი ბოსტნეულისა და ჩაილურის განთქმული ღვინის რეალიზაციით ცხოვრობენ. გზის უქონლობის გამო კი მათ გასაღების ბაზარი, ფაქტობრივად, დაკარგეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ყვარელში ხორციელდება. ყვარელში, ჩალის ტბაზე, გზის საფარის მოასფალტება მიმდინარეობს. აქვე იგეგმება ორი ხიდის აშენება-შეკეთება და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პროექტის მიზანი ინფრასტრუქტურის განვითარებაა, რაც აუცილებელია კახეთის ტურისტულ ცენტრად ჩამოსაყალიბებლად.

ადგილობრივებმა ხელისუფლებას გაკეთებული საქმეებისთვის მადლობა უთხრეს, თუმცა რეგიონის პირველ პირთან საუბრისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემებზე კვლავაც ისაუბრეს და კახეთის გუბერნატორს გიორგი ღვინიაშვილს, რომელმაც მიმდინარე პროექტები პირადად დაათვალიერა, დახმარება სთხოვეს.

"გზა, რომელიც კეთდება, 15-20 წელია პრობლემას ქმნიდა. ზაფხულობით ფანჯარას ვერ ვხსნიდით, რადგან მტვერი გვაწუხებდა. იმის გამო, რომ ცუდი გზა იყო, სასწრაფო დახმრების მანქანაც კი ხშირად უარს ამბობდა მოსვლაზე. ამ პრობლემის მოგვარებას დიდი ხანია ვითხოვდით. გვპირდებოდნენ, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებდა. იმედი არც ახლა გვქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამჯერად აღარ მოგვატყუეს. უმადურები არ ვართ და ამისათვის მადლობას ვუხდით ხელისუფლებას, თუმცა პრობლემები ბევრი გვაქვს. მაგალითად, სასმელი წყალი სოფელში არის, მაგრამ ყველა უბანს არ აქვს და შორი მანძილიდან გვიხდება ზიდვა. ასევე მოსაწესრიგებელია შიდა საუბნო გზებიც. რადგან დაპირებების შესრულება დაიწყეს, იქნებ სხვა პრობლემებიც მოგვარდეს", - ამბობს ლაგოდეხის რაიონის სოფელ თამარიანში მცხოვრები მარიამ დუღაშვილი. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მიმდინარე სამუშაოებს მაინც ეჭვის თვალით უყურებს. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად სოლიდური თანხები სხვა დროსაც გაიხარჯა, თუმცა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო პრობლემები მალევე კვლავაც ხელმეორედ მოსაგვარებელი გახდა. იქნება თუ არა ამჯრადაც ასე, დრო აჩვენებს.

2010 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთის რეგიონში 12 ახალ პროექტს განახორციელებს, რომელთა საერთო ღირებულება 16 მილიონამდე ლარს შეადგენს. აღნიშნულ რეგიონში მუნიციპალური გზების, ასევე წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციაა გათვალისწინებული.
XS
SM
MD
LG