Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

დევნილთა კოტეჯების სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება


დევნილთა დასახლება
დევნილთა დასახლება
მალე დევნილთა კოტეჯების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონიდან დევნილები სპეციალურად მათთვის აშენებულ კოტეჯეებში შეასახლეს. მშენებლობა დაჩქარებულად და, შესაბამისად, უხარისხოდ მიმდინარეობდა. წელიწად-ნახევრის შემდეგ კოტეჯების უმრავლესობას კაპიტალური რემონტი სჭირდება. ამჟამად კოტეჯების კედლები ნესტის გამო დაობებულია, ბევრ სახლში ღარებგაჩენილი იატაკიდან ბალახი ამოდის, მეტალოპლასტმასის დეფორმირებული კარ-ფანჯრებიდან კი წყალი შედის. დევნილებმა კოტეჯების რეაბილიტაცია არაერთხელ მოითხოვეს. სამშენებლო კომპანიები კი ხარვეზების გამოსწორების ვალდებულებას ერთი წლის განმავლობაში იღებდნენ, თუმცა ეს არ შესრულდა. ამჟამად დევნილებთან შეხვედრა დასახლებების მამასახლისებმა დაიწყეს და ყველას ინდივიდუალურად ეკითხებიან, თუ რა არის გასაკეთებელი.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი დევნილთა საჭიროებებს უკვე სწავლობს. დაახლოებით ორ კვირაში ფონდს უკვე სრული სურათი ექნება და სამშენებლო კომპანიის მოსაძებნად ტენდერი გამოცხადდება. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ზურაბ ჩინჩილაკაშვილი ვარაუდობს, რომ ივლისის ბოლოს სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, მაგრამ პროექტით ინფრასტრუქტურის მოწყობაც იგეგმება.

საქართველოს მთავრობის, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის შეთანხმებით, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის 6 მილიონი ევროა გამოყოფილი. ამ თანხით ახალსოფლის დევნილთა დასახლებაში მისასვლელი ხიდიც გაკეთდება, რომელიც 2 მილიონი ევრო დაჯდება. როგორც ცნობილია, კოტეჯების მშენებლობას 2008 წლიდან შინაგან საქმეთა მინისტრი კურირებდა, ახლა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე კოორდინაცია და კონტროლი მუნიციპალური განვითარების ფონდს დაეკისრა.
XS
SM
MD
LG