Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გორში ოპოზიციაზე მეტი საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიტანეს


გორის 32-ე საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი უკვე ცნობილია. გორის 31 კაციან საკრებულოში უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს. პროპორციულ არჩევნებში 5 პროცენტიანი ბარიერი გადალახა 3-მა პარტიამ: თითო წარმომადგენელი ეყოლება „ქრისტიან-დემოკრატებს“ და „ალიანსს საქართველოსთვის“, პროპორციული სისტემით დანარჩენი 8 მანდატი ნაციონალურმა მოძრაობამ წაიღო, 21 მაჟორიტარულ ოლქშიც მანდატების უმრავლესობა მმართველ პარტიას ერგო, თითო ოლქი მოიგეს „თორთლაძე-დემოკრატებისა“ და „მრეწველების“ წარმომადგენლებმა.

რაც შეეხება დარღვევებს, აღსანიშნავია, რომ როგორც უბნებზე, ისე საოლქო კომისიაში ოპოზიციაზე მეტი საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიტანეს.

„სამართლიანი არჩევნების“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელს თეა თედლიაშვილს არჩევნების დღე დიდხანს დაამახსოვრდება - მან კომისიაში სამი საჩივარი დაწერა. ერთი მათგანი სოფელ ყელქცეულის 72-ე უბანს ეხებოდა, სადაც, თედლიაშვილის თქმით, პროცედურული დარღვევების გარდა, კომისიის ნასვამმა თავმჯდომარემ და წევრებმა დამკვირვებლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და უბნიდან გამოაძევეს. „სამართლიანი არჩევნები“ უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვდა, მაგრამ მათი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაისაჯა კომისიის თავმჯდომარე, შედეგი კი არ გაბათილებულა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ორი საჩივარი შეიტანა საოლქო საარჩევნო კომისიაში. ცენტრის წარმომადგენლის საბა წიწიკაშვილის განცხადებით, ყველაზე უხეში დარღვევა სოფელ ვარიანის საარჩევნო უბანზე მოხდა, სადაც ყუთში არსებული ბიულეტენების რაოდენობა და ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერათა რაოდენობა ერთმანეთს არ დაემთხვა. წიწიკაშვილის თქმით, კომისიის თავმჯდომარე მას ამ დარღვევაზე თვალის დახუჭვას და გარიგებაზე წასვლას სთავაზობდა. ამ ფაქტების ამსახველი ვიდეომასალის მიუხედავად, არც საოლქო კომისიამ, არც გორის სასამართლომ და არც სააპელაციო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ დარღვევა შედეგზე გავლენას ვერ ახდენდა, წიწიკაშვილი კი უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვდა.

დარღვევების მიუხედავად, გორის საოლქო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ხორბალაძე ჩატარებულ არჩევნებს დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, ყველა საჩივარი დაკმაყოფილდა, სადაც მოტივირებულად და არგუმენტირებულად იყო ასახული რეალობა.

გორში არჩევნების შედეგები ცნობილია. ამ შედეგს ოპოზიციური პარტიებიც უმტკივნეულოდ შეეგუვნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კი გულისტკივილით აღნიშნეს, რომ მათ კომისიის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი წევრების მხრიდან უბნებზე დარღვევების აღმოჩენის დროს მხარდაჭერა არ ჰქონიათ.
XS
SM
MD
LG