Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი ევროპარლამენტში: მოწოდება ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებისაკენ


ბრიუსელი: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროპარლამენტში
ბრიუსელი: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროპარლამენტში
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხუთშაბათს ბრიუსელში ჩავიდა და, თავისი ევროპული ტურნეს პირველივე დღეს, მოხსენებით გამოვიდა ევროპის პარლამენტში. მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტს ამ 25 წლის წინ მიმართა მაშინდელმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა, ბაიდენი შეერთებული შტატების უმაღლესი რანგის წარმომადგენელია, რომელმაც ამ ფორუმით ისარგებლა. ხუთშაბათსვე, გაზეთ „ინტერნეიშენლ ჰერალდ ტრიბიუნში“ გამოქვეყნდა ჯო ბაიდენის სტატია სათაურით „ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების გზაზე“ („Advancing Europe’s Security“).

მიზანი, რომელსაც ევროპაში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ტურნე ემსახურება, მისი სტატიის პირველივე წინადადებაშია ჩამოყალიბებული: შეერთებული შტატების უახლოეს პარტნიორებთან მოლაპარაკება ევროპის უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენი ევროპელი მოკავშირეების და პარტნიორების შესახებ არაფერს გადავწყვეტთ მათთან კოორდინაციის გარეშეო, განმარტავს ბაიდენი სტატიაში, რომელიც „ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნმა“ ოთხშაბათს ვებსაიტზე გამოაქვეყნა, ხუთშაბათს კი გაზეთშიც დაბეჭდა.

ასევე ხუთშაბათს, ევროპარლამენტში გამოსვლისას, ბაიდენმა გამოთქვა შეფასება, რომ ევროპას და ამერიკას არასოდეს სჭირდებოდათ ერთმანეთი ისე, როგორც ახლა. საერთო ფასეულობები და მემკვიდრეობა რომც არ გვქონდეს, საერთო გლობალური ინტერესები დაგვაკავშირებდაო, განაცხადა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა: „ამ საუკუნემ წარმოშვა ახალი გამოწვევები - არანაკლებ საშიში, ვიდრე მე-20 საუკუნის გამოწვევები იყო და ჩვენ ერთად, ერთად და ნაბიჯ-ნაბიჯ ვზრუნავთ მათს მოგვარებაზე. ეს რთული პრობლემებია. იქნება უთანხმოებები, მაგრამ ჩვენ ერთად ვკიდებთ ხელს მათს მოგვარებას.“

ჯო ბაიდენმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამოსვლისას, რამდენიმე გამოწვევა დაასახელა, მათ შორის ვითარება ავღანეთსა და პაკისტანში, სადაც ერთობლივი ძალისხმევა მიმდინარეობს ალ-ყაიდისა და თალიბების დასამარცხებლად, ისევე როგორც ავღანეთის არმიისა და პოლიციის გასაწვრთნელად, რაც დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს უკავშირდება.

ბაიდენმა ისაუბრა ირანთან დაკავშირებულ გამოწვევაზეც: „შეერთებული შტატები და ევროპა მხარდამხარ დგანან, რათა არ დაუშვან, რომ ირანმა ხელში ჩაიგდოს ბირთვული იარაღი: ეს საფრთხეს შეუქმნიდა ირანის მოქალაქეებსა და ირანის მეზობლებს, მათ შორის ზოგიერთს ჩვენი უახლოესი მოკავშირეებიდან“.

ბაიდენის გამოსვლაში ისიც ითქვა, რომ ირანიდან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით შემუშავდა ეტაპებად გაწერილი, ანტისარაკეტო თავდაცვის პროგრამა - სარაკეტო იერიშებისაგან ევროპის კონტინენტის დასაცავად.

ამის შემდეგ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი შეეხო „ყველაზე კომპლექსურ საფრთხეს“, რომელიც ამერიკას და მის ევროპელ მოკავშირეებს ემუქრება: “ალბათ, ყველაზე სერიოზულ საფრთხეს, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ, ჩვენს მოქალაქეებს უქმნიან არა სახელმწიფოები, არამედ მოძალადე ექსტრემისტები - განსაკუთრებით, თუ, ღმერთმა დაიფაროს და ეს მოძალადე ექსტრემისტები ხელში ჩაიგდებენ რაიმე სახის მასობრივი განადგურების იარაღს.“

ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის სტატიაშიც დაწვრილებით არის საუბარი საფრთხეებზე, რომლებიც შეერთებულ შტატებსა და მის ევროპელ მოკავშირეებს ემუქრება. ავტორი, ერთი მხრივ, ქების სიტყვებს არ იშურებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოქმედი სტრქტურების, ნატოსა და ეუთოს მისამართით. მაგრამ თან აუცილებლად მიიჩნევს, დაისვას შეკითხვა: როგორ მოერგოს ინსტიტუტები, რომლებმაც ესოდენ ეფექტიანი სამსახური გაუწიეს ევროატლანტიკურ სივრცეს, ახალი საუკუნის გამოწვევებს?

ამ კონტექსტში ბაიდენი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ნატო თავისი სტრატეგიული კონცეფციის გადასინჯვის პროცესში იმყოფება და რომ ევროპის უსაფრთხოებაზე რუსეთიც გამოთქვამს ინიციატივებს. ყველა ამ საკითხს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი განხილვისა და დისკუსიის ღირსად მიიჩნევს. თუმცა, ბაიდენი შეგვახსენებს იმასაც, რომ შეერთებულ შტატებს საჭიროდ არ მიაჩნია ევროპის უსაფრთხოებაზე ზრუნვის მიზნით ახალი ხელშეკრულებების ან ინსტიტუტების შექმნა: ანუ, შეგვახსენებს პოზიციას, რომელიც მკაფიოდ გამოხატა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა იანვარში, პარიზში მოხსენებით გამოსვლისას.

მეორე მხრივ, ვკითხულობთ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის სტატიაში, მისი ქვეყანა ემხრობა ეუთოს საგანგებო მექანიზმის - კრიზისის პრევენციის მექანიზმის - შექმნას. ამ ინიციატივისა და მისი მიზანშეწონილობის განმარტება უშუალოდ მოჰყვება სტატიის იმ ნაწილს, რომელშიც საქართველოა ნახსენები. როგორც ბაიდენი წერს, რუსეთ-საქართველოს კრიზისმა 2008 წელს ცხადჰყო, რომ ევროპაში უსაფრთხოება გარანატირებულად არ უნდა მივიჩნიოთ. სწორედ იმისათვის, რომ მსგავსი მოვლენები აღარ განმეორდეს, ვაშინგტონი, ბაიდენის განმარტებით, ეუთოს კრიზისის პრევენციის მექანიზმის შექმნას ემხრობა. ყოველივე ამის შესახებ ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც „ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნში“ გამოქვეყნდა, ევროპაში ბაიდენის ტურნესთან დაკავშირებით.

ევროპის ტურნეს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი პარასკევს ესპანეთში ვიზიტით გააგრძელებს. ხუთშაბათისთვის, ევროპარლამენტში მოხსენებით გამოსვლის გარდა, ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებთან შეხვედრები იყო დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG