Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქუთაისის საჯარო სკოლებში დანაშაული არ მომხდარა


ქუთაისის საჯარო სკოლებში მანდატურების შერჩევა ჯერ არ დაწყებულა. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ინფორმაციით, ამ პროცესს ერთი წელი მაინც დააგვიანდება, თუმცა ქუთაისის რამდენიმე სკოლამ მოვლენებს გაუსწრო და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გარკვეული ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, 23-ე საჯარო სკოლაში სამი წელია სასკოლო უსაფრთხოებისა და ადმინისტრაციული ინსპექტორების თანამდებობები არსებობს.ინსპექტორები აკონტროლებენ, როგორ სრულდება სკოლის შინაგანაწესი. 23-ე საჯარო სკოლის დირექტორის გოჩა ჩხეტიას თქმით, ინიციატივამ გაამართლა და სკოლაში მოსწავლეთა მხრიდან დისციპლინის დარღვევის ფაქტები საგრძნობლად შემცირდა. აქედან გამომდინარე, გოჩა ჩხეტია დარწმუნებულია, რომ მანდატურების შესვლა სკოლაში უსაფრთხოების პრევენციის მიზნით დადებით შედეგს მოიტანს.

განათლების სამინისტროს პროექტს მშობელთა ნაწილი მხარს უჭერს. ნინო ცნობილაძის ორივე ვაჟი მოსწავლეა. ის ამბობს, რომ მოზარდებს შორის გახშირებული ჩხუბის გამო შეშინებულია. დამატებითი კონტროლის პირობებში მისი შვილების უსაფრთხოება დაცული იქნება და თავს მშვიდად იგრძნობს. რადიო თავისუფლების რესპონდენტი იხსენებს, უფროსკლასელები როგორ აიძულებდნენ მის შვილს ფული მიეტანა. ზეწოლა მშობლებისა და სკოლის დირექტორის ჩარევის შემდეგ შეწყდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქუთაისის საჯარო სკოლებში დანაშაული არ მომხდარა, არც სერიოზულ ინციდენტს ჰქონია ადგილი, თუმცა უფროსკლასელებს შორის ჩხუბი და გარჩევები არც ისე იშვიათია.

მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლია რატიანი ადასტურებს, რომ ქუთაისის საჯარო სკოლებში წესრიგის მხრივ კარგი მდგომარეობაა. ის მანდატურების დახმარებით დისციპლინის დამყარების აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა არც მისი შემოღების წინააღმდეგია. ლია რატიანს არ მოსწონს, მანდატურებს მასწავლებელზე მაღალ ხელფასს რომ ჰპირდებიან. მისი აზრით, განათლების სამინისტრომ მეტი დრო და ფინანსები სასწავლო პროცესის სრულყოფაზე უნდა დახარჯოს.
XS
SM
MD
LG