Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში რელიგიური შევიწროების ზრდა შეინიშნება


აშშ-ში განთავსებული რელიგიის თავისუფლების შემსწავლელი საერთაშორისო კომისია აცხადებს, რომ მსოფლიოში რელიგიის თავისუფლება სულ უფრო მეტად იზღუდება. თავიდანვე გეტყვით, რომ ანგარიშში არ არის ჩართული საქართველო. დოკუმენტში საუბარია მთავრობების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც ხშირად ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების დარღვევაში. სიაში მოხვდა შუა აზიის რამდენიმე ქვეყანა, ისევე, როგორც ირანი, ერაყი და ავღანეთი.

ხუთშაბათს, 29 აპრილს, გამოქვეყნდა აშშ-ში განთავსებული რელიგიის თავისუფლების შემსწავლელი კომისიის ბოლო ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ბევრ ქვეყანაში რელიგიის თავისუფლება მთავრობების მხრიდან სულ უფრო მეტად იზღუდება.

აშშ-ის მთავრობასთან არსებულმა ამ დამოუკიდებელმა კომისიამ 2009 წელს 28 ქვეყანა შეისწავლა - ძირითადად, ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევით არიან ცნობილი - და დაასკვნა, რომ რელიგიის თავისუფლება მზარდ შეზღუდვას და ზეწოლას განიცდის.

წელს სიაში 13 „განსაკუთრებით პრობლემური“ ქვეყანა მოხვდა - მათგან 8 გასულ წელსაც ამავე კატეგორიაში იყო. ესენია ბირმა, ჩინეთი, ერიტრეა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, საუდის არაბეთი, სუდანი და უზბეკეთი, რომლებსაც წელს დაემატა ერაყი, ნიგერია, პაკისტანი, თურქმენეთი და ვიეტნამი. სხვა ქვეყნებიდან ანგარიშში ასევე აღწერილია რუსეთში, ბელორუსიასა და ავღანეთში არსებული მდგომარეობა.

კომისია აშშ-ის პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს და კონგრესს მიმართავს რეკომენდაციებით, რომელიც, მათი თქმით, მიმართულია „იმ პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი გადაკვეთის გაუმჯობესებაზე, სადაც საგარეო პოლიტიკის, ეროვნული უსაფრთხოების და რელიგიის თავისუფლების თანხვედრა ხდება.“

ჯგუფის მკვლევრები და ანალიტიკოსები სწავლობენ სხვადასხვა ქვეყნის კანონებს, ქმედებებს და პოლიტიკას, რომელიც მორწმუნეებს საშუალებას არ აძლევს ღიად და თავისუფლად იცხოვრონ რელიგიური ცხოვრებით. ბოლოს, ამ კვლევის საფუძველზე, ყოველწლიური ანგარიში მზადდება.

კომისიის ანალიტიკოსი კეთი კოსმანი ამბობს, რომ რელიგიის შევიწროება რეპრესიული მთავრობებისთვის ძალაუფლების შენარჩუნების მნიშვნელოვანი იარაღი გახდა:

„თუკი ჩავთვლით, რომ მთავრობებს ყველაზე მეტად ძალუფლების შენარჩუნება და ხელისუფლებაში დარჩენა სურთ, ამისათვის მათ სამოქალაქო საზოგადოების და მისი გავლენის შევიწროება სჭირდებათ, ისევე როგორც მედიის შეზღუდვა. იმ სხვა პოტენციურ ჯგუფებს შორის, რომლებსაც ხელეწიფებათ ხალხის დიდი რაოდენობის მობილიზება, მხოლოდ რელიგიური გაერთიანებები რჩება“, - ამბობს მკვლევარი.

ანგარიშში საუბარია რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის „შემაშფოთებელ“ ტენდენციებზე მსოფლიოში.

საუბარია ასევე „ექსტრემისტული იდეოლოგიის ექსპორტზე“ - მაგალითად მოყვანილია საუდის არაბეთის მიერ ისეთი საგანმანათლებლო მასალების გავრცელება, რომელიც, კომისიის თქმით, მთელ მსოფლიოში „თესავს სიძულვილს და ადამიანს ძალადობისკენ მოუწოდებს.“

ანგარიშში ნათქვამია აგრეთვე, რომ ირანში რეჟიმი პოლიტიკურ ოპონენტებს რელიგიის სახელით - მაგალითად, მკრეხელობის ბრალდებით - უსწორდება.

ანგარიშის თანახმად, ვიეტნამში ხალხს პირდაპირ აპატიმრებენ რწმენის გამოხატვის ან რელიგიის თავისუფლების პრინციპის დაცვის გამო. ეგვიპტის მთავრობა ზღუდავს ბაჰაისტების, კოპტების და სხვა რელიგიური უმცირესობების ფუნდამენტურ უფლებებს; ჩრდილოეთ კორეაში რელიგია თითქმის მთლიანად აკრძალულია - თუკი ვინმეს ლოცვის პროცესში წაასწრებენ, ხშირად მის შვილიშვილებსაც კი შრომის კოლონიაში გზავნიან. რელიგიური ცხოვრება მძლავრად იზღუდება ჩინეთშიც.

კომისია მსგავს ანგარიშებს უკვე 11 წელიწადია აქვეყნებს, თუმცა წელს პირველად მოხდა, რომ ის აშშ-ის მთავრობას მოუწოდებს, ვიზა არ გასცეს და აშშ-ში არსებული ქონება გაუყინოს ერთ ინდივიდს - ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვს.

ჯგუფის თქმით, ეს მოწოდება გამყარებულია იმით, რომ კადიროვი „სათავეში უდგას ჩეჩნეთის შეიარაღებულ ძალებს, რომელიც ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებშია მხილებული.“

კოსმანის დაკვირვებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ ქვეყანაში მთავრობები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ მოქალაქეთა სააზროვნო სივრცის კონტროლს:

„ჩემი აზრით, ეს ამ რეგიონის მთავრობების საბჭოთა იმპულსების გამოხატულებაა - მათ სურთ გააკონტროლონ რას და როგორ ფიქრობს ხალხი და ამ მიზნის მისაღწევად სულ უფრო მეტად აქტიურობენ“, - ამბობს კოსმანი.

მკვლევრის თქმით, რუსეთში და შუა აზიის გარკვეულ ქვეყნებში სულ უფრო მეტად იზრდება იმ რელიგიური ქმედებების სია, რომლებსაც მთავრობა ღიად ავიწროებს. მაგალითად, ფართოვდება „რელიგიური ექსტრემიზმის“ დეფინიცია.

კომისია აცხადებს, რომ აპირებს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციასთან ითანამშრომლოს და გასცეს რეკომენდაციები, თუ როგორ შეუძლია ვაშინგტონს საგარეო პოლიტიკური არხებით რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა.

მაგრამ თეთრ სახლს ოფიციალურად არ დაუმტკიცებია ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დასკვნები და არც ცალკეული ქვეყნები დაუსახელებია რელიგიის თავისუფლების შემზღუდავ სახელმწიფოებად. აქვე აღვნიშნავთ, რომ კომისიის მიერ 2006 წლის ნოემბრიდან 2009 წლის იანვრამდე წარმოდგენილი დასკვნები არც პრეზიდენტ ჯორგ ბუშის ადმინისტრაციას დაუმტკიცებია.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG