Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

წინასაარჩევნო დარღვევები ხაშურის რაიონში


„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისმა ხაშურის რაიონში წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევების ფაქტები გამოავლინა. ოფისის ხელმძღვანელმა ქეთი ბებიაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული საბჭოს ხაშურის ორგანიზაციის წევრებზე ხორციელდებოდა ზეწოლა, რომ მათ ამომრჩეველთა სიების გადამოწმებაში არ მიეღოთ მონაწილეობა.

ახალგაზრდა იურისტები როგორც წინასაარჩევნო პროცესს, ასევე 30 მაისს არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდებიან - დარჩენილ დროში ორგანიზაცია დარღვევების შესახებ ანგარიშების გამოქვეყნებას გააგრძელებს. იურისტებს გორში კონკრეტული დარღვევები ჯერ არ აღმოუჩენიათ, მაგრამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მათ წევრებზე ხელისუფლებისა და სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ. „ალიანსი საქართველოსთვის“ შიდა ქართლის ორგანიზაციის ლიდერი დავით რაზმაძე მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სოფლის დახმარების პროგრამის დაწყება საბიუჯეტო რესურსის გამოყენებაა „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. გარდა ამისა, რაზმაძე აცხადებს, რომ მისი პარტიის წევრებზე თვალთვალი და ზეწოლა ხორციელდება.

„ალიანსის“ ლიდერის ბრალდებებს არ იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის პირველი ნომერი, ზვიად ხმალაძე. მისი თქმით, სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ადრეც ხორციელდებოდა და მომავალშიც გაგრძელდება, რასაც არავითარი კავშირი არა აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიასთან. რაც შეეხება „ალიანსის“ ოფისზე თვალთვალს, ამ ბრალდებას ხმალაძე აბსურდულად მიიჩნევს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება. არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს აგრძელებენ. ცალკეულ დარღვევებზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების გაყალბების პროცესი უკვე დაიწყო.
XS
SM
MD
LG