Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული კინოს ფენომენსა და მომავალზე


ბოლო დროს თბილისში საკმაოდ ხშირია ისეთი დღეები, როდესაც რამდენიმე კინოთეატრში ერთდროულად ორი ახალი ქართული ფილმი გადის. ცალკე თემაა, რამდენად ხარისხიანია ეს კინო და ამის შესახებ კინომცოდნეები ხშირად დავობენ, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ქართველი რეჟისორები ფილმებს სულ უფრო ხშირად იღებენ და ამ ფილმებს კინოფესტივალებზეც წარადგენენ, რამდენიმე წლის წინ ძნელად წარმოსადგენი ამბავი იყო.

პაუზა, რომელიც ქართულ კინემატოფრაფიაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩნდა, დიდხანს გაგრძელდა. წლები დასჭირდა იმას, რომ რეჟისორებს ე.წ. საავტორო ფილმებისთვისაც მოეკიდათ ხელი და მოგებაზე გათვლილ კომერციული პროექტებზე ემუშავათ.

ისიც ფაქტია, რომ ახალმა ქართულმა ფილმებმა - ხმაურიანი რეკლამის და კარგი პიარის დახმარებით - კინოთეატრის დარბაზები გაავსო. როგორია თანამედროვე ქართული კინო? ვინ აკეთებს მას? რა შანსები აქვს საერთაშორისო ფესტივალებზე? - ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხის გაცემასაც რადიო თავისუფლება იმ ადამიანების დახმარებით შეეცადა, ვისაც კინოსთან ყოველდღიური შეხება აქვს და, რაც მთავარია, არ არის სულერთი, როგორი იქნება ქართული კინო მომავალში.

კინომცოდნე თეო ხატიაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოსულ ახალ ქართულ ფილმზე ”თბილისური ლავ-სტორი” დაწერილ სტატიაში ამ ტიპის ფილმებს თბილისური ტუსოვკური კინო უწოდა და ამით შეაფასა კიდეც თანამედროვე ქართული კინო. კინომცოდნე ფიქრობს, რომ ღირებული ქართულ კინემატოგრაფიაში დღეს ძალიან ცოტა იქმნება:

”ერთი შეხედვით, თითქოს გვაქვს იმის ილუზია, რომ რაღაც გამოცოცხლებაა, წლის განმავლობაში რამდენიმე ქართული ფილმი გამოდის, მყვირალა სახელები, რეკლამა... მაგრამ არაფერი ღირებული. ღირებული კი არადა, საშუალო დონის კომერციული კინოს სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს და ეს, ჩემი აზრით, ერთი და ორი კონკრეტული რეჟისორის პრობლემა არ არის. ეს არის, მე მგონი, ე.წ. არტისტული გარემოს პრობლემა, რომელიც ძალიან ჩაკეტილია მიკროსამყაროში და ესაა თბილისური ტუსოვკური გარემო, სადაც ურთიერთობებიც ზერელეა, პრობლემებიც. სწორედ ამის გადატანა ხდება კინოში, რისი ყურებაც აღარ მოგვწონს.”

თეო ხატიაშვილი ამბობს, რომ ბოლო დროს გამოსული ე.წ. კომერციული ფილმები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თუმცა შიშობს, რომ რადგან ასეთ ფილმებს მოგება მოაქვს, შესაძლოა, სახელმწიფო დაფინანსების სოლიდური ნაწილიც მსგავს ფილმებს მოხმარდეს და ეროვნულმა კინოცენტრმაც, რომელიც აფინანსებს დღეს ცალკეულ პროექტებს, მიმართულება შეიცვალოს:

„მე მეეჭვება, რომ კინოცენტრიც, სწორედ იმიტომ, რომ წარმოება აღორძინდეს, მომხრეა დაფინანსდეს კომერციული ფილმები, რისიც მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.”

ქართულ კინოში ხანგრძლივი პაუზის მიზეზად ყველაზე ხშირად ფინანსების უქონლობა სახელდებოდა. თუმცა თეო ხატიაშვილი, რომელიც არაერთხელ ყოფილა კინოცენტრის კომისიის წევრი, ამბობს, რომ საკონკურსოდ შესული სცენარების უმრავლესობა ძალიან დაბალი ხარისხის იყო. სანამ ახალგაზრდა რეჟისორები გამოჩნდებოდნენ, სადღაც გაქრა ძველი თაობაც:

„უამრავი სცენარი წამიკითხავს და ხშირად ძალიან გამჭირვებია მეტ-ნაკლებად კარგის გამორჩევაც კი. მაგრამ თუ ახალგაზრდობას ვუწუნებთ განათლებას, მაშინ სადღა არიან ის რეჟისორები, რომლებმაც შექმნეს ე.წ. ქართული კინოს ფენომენი. იქნებ ცნობიერების ძალიან რადიკალურ ცვლილებასთან გვაქვს საქმე, რამაც ეს რეჟისორებიც დააბნია?!..”

და მაინც, კინომცოდნე გამოყოფს რამდენიმე ფილმს, რომელიც, მისი აზრით, სხვებთან შედარებით, მიუახლოვდა საავტორო კინოს სტანდარტებს. ესენია ”გაღმა ნაპირი”, ”ქუჩის დღეები”, ”სამი სახლი”.

თანამედროვე ქართული კინოს ერთ ნაწილს დღეს სახელმწიფო აფინანსებს - კონკურსის საფუძველზე გამარჯვებულს დამოუკიდებელი კინოკომისია გამოავლენს და ეროვნულ კინოცენტრს რეკომენდაციით მიმართავს. კინოცენტრი, რომელსაც სულ ორიოდე კვირაა ახალი დირექტორი ჰყავს, წარმოდგენილი პროექტისათვის საჭირო ხარჯების 75%-ს ფარავს. დანარჩენი, როგორც ცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი გვეუბნება, სხვა სპონსორის მიერ იფარება - იქნება ეს კერძო პირი, ტელევიზია თუ ა.შ. ერთი ფილმის გადაღება კი დაახლოებით მილიონი ლარი ჯდება.

ცენტრის სტრატეგიას კი, ტატიშვილის თქმით, საქართველოს კანონი კინოს მხარდაჭერის შესახებ არეგულირებს და მის მიხედვით წყდება, მეტწილად, რა ტიპის ფილმების გადაღება უნდა დაფინანსდეს:

„კინოცენტრის აზრით, უფრო მეტი პრიორიტეტი კომისიამ საავტორო ფილმებს უნდა მიანიჭოს, რომლებიც საქართველოს სახელს არა მხოლოდ აქ, არამედ საერთაშორისო დონეზეც გაუთქვამს. თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ არც ერთ კომერციულ პროექტში, რომლებიც ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა და ეს კარგიცაა, სახელმწიფო სუბსიდია ჩადებული არ არის, თუმცა პარალელურად კომერციული კინოც რომ ვითარდებოდეს, ეს კინობაზრის განვითარებას მხოლოდ ხელს შეუწყობს.”

კინოცენტრი თავის ყველაზე ბოლო და წარმატებულ პროექტად ფილმ ”ქუჩის დღეებს”ასახელებს, რომელიც ახლაც გადის კინოთეატრებში:

”ეს ფილმი ძალიან მაღალი დონის როტერდამის კონკურსზე მოხვდა 2010 წლის ზამთარში. მალე კიდევ ერთი ქართული ფილმი, ”რენე”, მიდის ჰოლივუდში და დაველოდოთ...”

ქართულ კინოზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით კინოსტუდია ”ქართულ ფილმს”, რომელიც წლების განმავლობაში უმოქმედოდ იყო. დღეს მისი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ გადაიარაღების პროცესი თითქმის დასრულდა, ახლა კინოსტუდია შემოქმედებითი პროდუქციის გაზრდას შეეცდება.

”ქართული ფილმის” დირექტორთა საბჭოს წევრი არჩილ მენაღარიშვილი ამბობს, რომ თუ სამი წლის წინ კინოსტუდიაში დამზადდა სამი ფილმი, ორი წლის შემდეგ ეს რიცხვი გაიზარდა შვიდამდე და შარშან ცამეტ ფილმამდე ავიდა. ფილმის გადაღებები, ძირითადად, ერთობლივად ხდება, „ქართული ფილმისა“ და სხვა კინოსტუდიების თანამშრომლობით:

„რამდენიმე პროექტი უკვე დავასრულეთ ცალკეულ კინოსტუდიებთან ერთად. მაგალითად, ასეთი იყო ფილმი ”სამი სახლი“... ახლა ლევან თუთბერიძესთან ერთად ვმუშაობთ ფილმზე, რომელიც უკვე მთავრდება.. ალეკო ცაბაძის ”რენე” მიდის ჰოლივუდში და ა.აშ.”

არჩილ მენაღარიშვილი გვეუბნება, რომ მთავარია ბევრი ფილმი გადაიღონ, ანუ პროცესი არ შეწყდეს, და მათგან რამდენიმე აუცილებლად გამოვა ხარისხიანი კინო:

„ის ფილმები, რომლებიც დღეს ბაზარზე ტრიალებს, ძალიან მცირებიუჯეტიანია და ხშირად მიმართავენ სარეკლამო ხერხებს, რომ ფილმი საერთოდ გადაიღონ, მაგრამ, ვფიქრობ, არც ესაა ცუდი, რადგან ხალხი მუშაობს, მსახიობები დასაქმებულები არიან და მუდმივად ფორმაში ყოფნაც საჭიროა.”

თეატრისა და კინოს რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი, რომელმაც გადაიღო ბოლო დროს გახმაურებული ფილმები ”ყველაფერი კარგად იქნება ” და ”იდიოტოკრატია”, ამბობს, რომ ეს კომერციული კინოა და მან თავის მიზანს მიაღწია:

”სამჯერ გადააჭარბა იმ თანხას, რაც ფილმზე დაიხარჯა და საქართველოს პირობებში ეს ძალიან კარგი რეზულტატია.”

ვარსიმაშვილი ქართული კინოს მთავარ პრობლემად მიიჩნევს არა ნიჭიერი ადამიანების ნაკლებობას, არამედ კინობაზრის არარსებობას.

რეჟისორი ფიქრობს, რომ ე.წ. საავტორო ფილმების გადაღებას სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. მისი აზრით, საქართველოს ჯერჯერობით ამის შესაძლებლობა არა აქვს. შესაბამისად, სპონსორები აფინანსებენ იმ ფილმებს, რომლებიც კომერციულად წარმატებული იქნება:

„ჩვენს ქვეყანას, სამწუხაროდ, ამის ფუფუნება არა აქვს და საავტორო კინემატოგრაფი ჯერჯერობით ჩვენთან ვერ განვითარდება.”
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG