Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საიას პირველი წინასაარჩევნო ანგარიში


თამარ ხიდაშელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი (მარცხნივ) და ნინო ლომჯარია, საარჩევნო პროგრამების კოორდინატორი
თამარ ხიდაშელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი (მარცხნივ) და ნინო ლომჯარია, საარჩევნო პროგრამების კოორდინატორი
30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან ერთად, ლაპარაკია იმ ტენდენციებზეც, რომლებიც საარჩევნო კოდექსის კონკრეტულ ნორმებს უპასუხებს, მაგრამ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის კამპანიის წარმოების არათანაბარ პირობებს ქმნის.

საარჩევნო კამპანიის წარმოებისას შექმნილი უთანასწორო საარჩევნო გარემოს არსებობის ერთ-ერთ მაგალითად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მმართველი პარტიის სასარგებლოდ საბიუჯეტო რესურსების ხარჯვას ასახელებენ. ანუ ამ შემთხვევაში საუბარია ტენდენციაზე, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობას ერთ რომელიმე პარტიას კანონის დარღვევის გარეშე აძლევს. საილუსტრაციოდ „ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს თამარ ხიდაშელს თბილისის ბიუჯეტი მოჰყავს:

”გასულ წელთან შედარებით, 84 მილიონით გაიზარდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ხოლო რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თბილისისათვის გამოყოფილ ტრანსფერებს, იგი 131 მილიონი ლარით აღემატება გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თბილისის მერიისთვის გამოყოფილ ტრანსფერებს. მთლიანობაში თუ შევხედავთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკებისათვის და თვითმმართველობებისათვის გადაცემულ ტრანსფერებს, თბილისზე მოდის ამ ტრანსფერების დაახლოებით 62 პროცენტი, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან მაღალი რიცხვია.”

ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ 2009 წლის შემოდგომის ბოლოდან თბილისის მერიამ განსაკუთრებით დიდი რაოდენობის პროექტების განხორციელება დაიწყო. საუბარია პროგრამებზე, რომლებიც თბილისში მცხოვრები მოქალაქეებისათვის გარკვეული შეღავათებისა და ფულადი სახსრების გადაცემას გულისხმობდა. უკავშირდებოდა თუ არა ამ პროგრამების ამოქმედება მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს? - ამ კითხვაზე პასუხად თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ მერიამ ამ პროექტების ინიცირების კონკრეტული თარიღების, ხანგრძლივობისა თუ ბიუჯეტიდან მათ განსახორციელებლად გამოყოფილი სახსრების შესახებ საჯარო ინფორმაცია, მოთხოვნის მიუხედავად, ორგანიზაციას არ გადაუგზავნა. ერთ-ერთი საბიუჯეტო პროგრამა, რომლის ინიცირებაც შესაძლოა თვითმმართველობის არჩევნებს პირდაპირ უკავშირდებოდეს, თამარ ხიდაშელის აზრით, არის პროგრამა ”ერთად დავგეგმოთ ქალაქის ბიუჯეტი”. ახალგაზრდა იურისტთა ეჭვს ამ პროგრამაში რამდენიმე გარემოება იწვევს - მათ შორის, მოქალაქეთათვის დარიგებული კითხვარის ბოლო შეკითხვა - ” რას ურჩევთ მერს?”. ახალგაზრდა იურისტები არ გამორიცხავენ, რომ შეკითხვა გიგი უგულავას მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების განსაზღვრის მცდელობა ყოფილიყო.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მონიტორინგის თანახმად, სახელმწიფო პროგრამებისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობის გამიჯვნა, ანუ ის, რაც ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპია, ხშირ შემთხვევაში, სააგიტაციო მასალებშიც არ ხდება. ორგანიზაციის საარჩევნო პროგრამების კოორდინატორი, ნინო ლომჯარია, ამბობს:

” ეს არის სააგიტაციო მასალა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატების - ანუ სლოგანი ” მე მიყვარს თბილისი” და აქვე თქვენ ნახავთ კითხვარს, რომელიც დამზადებულია თბილისის მერიის მიერ, ანუ ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს ბლანკი და ამ კითხვარით გამოიკითხა თბილისის ყველა მოქალაქე, თუ რას ფიქრობდნენ თბილისის მერის საქმიანობის შესახებ და თბილისის მერის მომავალი ბიუჯეტის შესახებ. ეს ორივე ლოგო აბსოლუტურად ასოცირდება ადმინისტრაციის საქმიანობასთან.”

ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპების უგულებელყოფის გარდა, ანგარიშში მოყვანილია კანონის დარღვევის ფაქტებიც. მაგალითად, თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსებულია პროექტ ”კინომანიის” სარეკლამო ბანერი, რომელიც სტუდენტებისათვის ხუთლარიანი შეღავათის დაწესებას გულისხმობს. წითელ ფონზე შემოხაზული ციფრი ხუთი უშუალო კავშირშია არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომერთან, - მიიჩნევენ ახალგაზრდა იურისტები და აზუსტებენ, რომ „ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაირღვა საარჩევნო კოდექსის 76-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც საარჩევნო კამპანიის პერიოდში კრძალავს ბიუჯეტის სახსრებით ისეთი მასალის დამზადებას, რომელშიც ასახულია საარჩევნო სუბიექტი ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი.”

”ბილაინის რეკლამა რომ გადის, სადაც არის საუბარი, რომ 2 თეთრი ღირს წუთში საუბარი, ეს ნიშნავს, რომ ეს არის რესპუბლიკური პარტიისა და ალიანსის რეკლამა? ანუ სადაც ხუთიანი იქნება ციფრი, ეს არის ყველგან რეკლამის ნიშანი? ეს თუ არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მაშინ ვფიქრობთ, რომ უნდა ავკრძალოთ ყველანაირი ციფრის გამოყენება, რიცხვის გამოყენება საარჩევნო პერიოდში”, - ამბობს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი.

კუბლაშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ურჩევს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან სწორედ ადმინისტრაციული რესურსის რაობის საკითხზე შეთანხმებული მემორანდუმის პრინციპებით იხელმძღვანელოს. დეპუტატი, თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას, ამ მემორანდუმით გათვალისწინებული პუნქტების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, თავადვე მოითხოვოს რეაგირება. რაც შეეხება თბილისის მერიას, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ იგი წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ანგარიშში ჩამოთვლილ შენიშვნებზე ოფიციალურად მომავალი კვირის დასაწყისში უპასუხებს. წინასაარჩევნო გარემოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, თბილისის გარდა, საქართველოს 7 რეგიონში აკვირდება.
XS
SM
MD
LG