Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითის მთავრობა ბიუჯეტის მიღებას ვერ ახერხებს


ომის დროს დაზარალებული ცხინვალის მოსახლეობის ნაწილი ისევ კარვებში ცხოვრობს. სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაო ქალაქში, თითქმის, შეჩერებულია
ომის დროს დაზარალებული ცხინვალის მოსახლეობის ნაწილი ისევ კარვებში ცხოვრობს. სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაო ქალაქში, თითქმის, შეჩერებულია
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა ბიუჯეტის გარეშეა. კოკოითის მთავრობა შიდა დაპირისპირების გამო ბიუჯეტს ვერ იღებს. საბიუჯეტო წლის პირველი კვარტალი დასრულდა, შესაბამის უწყებებს კი ჯერ გასული წლის ბიუჯეტის ანგარიშიც არ წარუდგენიათ.

ფინანსთა მინისტრი ირინა სიტნიკი დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტის შესახებ კონსულტაციებს კრემლში მართავს, რადგან სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის თითქმის 100 % რუსეთიდან შემოსული ფულით ივსება. ფაქტიურად, არ არსებობს ადგილობრივი შემოსავლები, ამიტომ დოტაციური ბიუჯეტის პარამეტრები მოსკოვში უნდა შეთანხმდეს.

ამ ვითარებით კარგად ისარგებლა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ და მინისტრებთან გამართული თათბირისას პრემიერ-მინისტრი ბროვცევი და მისი ეკონომიკური გუნდი გააკრიტიკა. კოკოითიმ პარლამენტის თავმჯდომარეს ფინანსთა მინისტრის გამოძახება და 10 დღის ვადაში ბიუჯეტის მიღება დაავალა.

კოკოითის თათბირზე საუბარი რუსული სამშენებლო კომპანიების საქმიანობასაც შეეხო. დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის სამსახურმა 4 რუსული კომპანიის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში მოკვლეული მასალები შეიტანა. სახელმწიფო კონტროლის სამსახურის უფროსის ბატრაზ ტოკაზევის თქმით, ამ კომპანიებმა ვერ წარადგინეს გახარჯული 838 ათასი რუბლის ანგარიში.

როგორც ცხინვალში აცხადებენ, არაერთმა რუსულმა კომპანიამ დაფინანსება მიიღო, მაგრამ დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქი ისე დატოვა, რომ სამუშაო არ დაუსრულებია. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, კიდევ რამდენიმე კომპანია ემზადება ცხინვალიდან გასამგზავრებლად. ადგილზე კი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, თითქმის, მთლიანად შეჩერებულია.

დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი ისევ კარვებში ცხოვრობს. ოსურ სააგენტო ”ერსეოინფორმს” ინტერვიუ მისცა რუსული სამშენებლო კომპანიის ”გლავსტროისნაბის” დირექტორმა სტანისლავ პუსტოზეროვმა, რომელმაც განაცხადა, რომ ცხინვალში ურთულესი ბიზნეს გარემოა, რადგან, ერთის მხრივ კრიმინალური დაჯგუფებების წევრები იარაღის მუქარით ითხოვდნენ მისგან ფულს, ახლა კი - სახელმწიფო კონტროლის სამსახურის თანამშრომლები ძალის გამოყენებით იღებენ მისგან არასათანადო დოკუმენტაციას. პუსტოზეროვის თქმით, მისი კომპანია პარალიზებულია და უახლოეს პერიოდში ცხინვალის დატოვებას გეგმავს.
XS
SM
MD
LG