Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 აპრილი - დედაენის დღე


უკვე 20 წელია, რაც საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება. 32 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, ათასობით ადამიანი გამოვიდა რუსთაველის გამზირზე, ყოფილი უმაღლესი საბჭოს შენობის წინ, რათა გამოეხატათ საკუთარი პროტესტი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმართ, რომლის მიხედვითაც, საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. წელს დედაენის ძეგლთან - და არამარტო იქ - არაერთი ღონისძიება გაიმართა. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ; დედაენის ძეგლთან მოეწყო ფოტო გამოფენა, სახელწოდებით ”შეცდომების გამოფენა”, გაიმართა საბავშვო ლექსების ანთოლოგიის კრებულის პრეზენტაცია; დედაენის ძეგლთან დღეს ყველაზე მეტი პირველკლასელი შეიკრიბა. იქვე შეიკრიბნენ ის ადამიანებიც, რომლებიც 1978 წლის აქციებში მონაწილეობდნენ.

ისინი ჯერ პირველ კლასში არიან. რამდენიმე თვეა, რაც წერა-კითხვა ისწავლეს. დედაენაც მათთვის ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ სასწავლო სახელმძღვანელოა, რომლის მიხედვითაც ყოველ საღამოს სახლში საშინაო დავალებას ასრულებენ. 14 აპრილს რომ დედაენის დღე აღინიშნება, რამდენიმე დღის წინ გაიგეს - მაია მასწავლებელმა უთხრა. ის, რომ 1978 წლის 14 აპრილს სტუდენტობამ მასობრივი გამოსვლებით გააპროტესტა ხელისუფლების გადაწყვეტილება, საქართველოში ქართული, როგორც სახელმწიფო ენა, გაუქმებულიყო, ამის შესახებ მოგვიანებით, მაგრამ აუცილებლად შეიტყობენ. ახლა რეპეტიციაა.

ლექსები მშობლიურ ენაზე დედაენის ძეგლთან საგულდაგულოდ და გამოთქმით უნდა წაიკითხონ. უკვე 20 წელია, 14 აპრილს მოქმედების ეპიცენტრი დედაენის ძეგლია - მსოფლიოში ერთადერთი ძეგლი, რომელიც წიგნს მიეძღვნა. ბავშვებმა ეს უკვე იციან:

* ჩვენ გვინდა, რომ ვნახოთ ეს ძეგლი.
* დღეს არის დედაენის ზეიმი და მოვედი და ვიზეიმებ.
* ძალიან მიყვარს ჩემი დედაენა და მასწავლებელმა აქ რომ მომიყვანა, ძალიან გახარებული ვარ - მიხარია, დედაენის ძეგლი რომ ვნახე.

ყველაზე მეტად მაინც მასწავლებლები ღელავენ. მაია მჭედლიშვილს წელს პირველად ჩააბარეს პირველი კლასი. ამბობს, რომ ეს მისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო მოვალეობაა. დედაენასთან ერთად ისინი სამშობლოს სიყვარულსაც სწავლობენ. ამ სიყვარულის გაღვივებაში მე ჩემი წვლილი უნდა შევიტანოო.

სტუდენტთა მასობრივი დემონსტრაციები თბილისში 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დაიწყო. 1977 წელს, ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენად აღარ იყო გამოცხადებული. ამ ინიციატივას საპროტესტო აქციების მთელი სერია მოჰყვა. აქციებმა შედეგი გამოიღო, ქართულ ენას საკუთარი სტატუსი შეუნარჩუნდა. პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი იხსენებს 32 წლის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე მოვლენებს:

”ინგრეოდა ყველაფერი. სტუდენტები გარეთ გამოდიან. მე მაშინ პარლამენტის (უმაღლესი საბჭოს) წევრი ვიყავი. მიმდინარეობს სხდომა. ედუარდ შევარდნაძემ დაიწყო მოხსენება. ერთი საათია უკვე, მიმდინარეობს სხდომა და ენის შესახებ საერთოდ ლაპარაკიც კი არ არის, მაგრამ უცებ ედუარდ შევარდნაძემ დაასრულა მოხსენება და გამოაცხადა: საქართველოს შეუნარჩუნდა სახელმწიფო ენა და ეს ენა ჩვენი მშობლიური დედა ენაა.”

ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში, როდესაც საპროტესტო მიტინგი მშვიდობიანად, დარბევებისა და სისხლის ღვრის გარეშე დასრულდა, ამბობს პოლიტიკის ექსპერტი და 1978 წლის აქციის აქტიური მონაწილე ვახტანგ ძაბირაძე. ჩვენ ყველანი, მთელი ქართული საზოგადოება, მივხვდით, რომ გაჩუმება არ შეიძლებოდა, რომ ვკარგავდით მშობლიურ ენას და აღარც არავინ დაეჭვებულა იმაში, რომ ჩვენი პროტესტი აუცილებლად ხმამაღლა უნდა გამოგვეხატა. აქციების გამოკვეთილი ორგანიზატორი თითქოს არ ჩანდა, თუმცა სტუდენტების გვერდით იდგნენ აკაკი ბაქრაძე, მარიკა ლორთქიფანიძე...

”საზოგადოება და ახალგაზრდობა იყო აჟიტირებული. საინტერესო დეტალი იყო: როდესაც ჩვენ ფილარმონიასთან შევერთდით და გავაგრძელეთ რუსთაველისკენ გზა, უფროსი თაობა ძალიან შეშფოთებული იყო, ჩვენს გამო ეშინოდათ, ბავშვები სკოლებში ჩაკეტეს, რომ ჩვენთან ერთად არ წამოსულიყვნენ.”

რუსთაველის თეატრთან გადაკეტილი გზა სტუდენტებმა ადვილად გაარღვიეს, მაშინდელი უზენაესი საბჭოს და ახლანდელი პარლამენტის შენობის წინ მჯდომარე აქცია გამართეს და პირადად საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნისგან, ედუარდ შევარდნაძისგან, მოისმინეს ის, რისთვისაც ქუჩაში გამოვიდნენ: ქართულმა ენამ სტატუსი შეინარჩუნა.
XS
SM
MD
LG