Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

წვიმამ გორი და ქარელი ისევ დააზარალა


ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ ქარელის რაიონის სოფლებს დვანს და ტახტიძირს სერიოზული ზარალი მიაყენა. ადიდებული მდინარე ფრონე კალაპოტიდან გადავიდა და დასახლებულ პუნქტებში გამავალი გზა და ხიდები დააზიანა. მუნიციპალიტეტის გამგეობამ მდინარისთვის კალაპოტის შესაცვლელად ტექნიკა უკვე გამოყო.

15 მარტის წყალდიდობამ ქარელის რაიონის სოფლებს უფრო მეტი ზიანი მიაყენა. სტიქიის შედეგები ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შექმნილმა კომისიამ შეისწავლა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციოდ თანხებიც გამოიყო. სოფელ კნოლევში დაგეგმილია რკინა-ბეტონის ხიდის აღდგენა. აღდგება სოფლების დვანის, ტახტიძირის, სანებლის, ფცის, სუქანაანთუბნისა და ყინწვისის დაზიანებული ხიდებიც, ასევე შეკეთდება სოფელ ჭანდრებში დაზიანებული გზა.

ერთი თვის წინანდელმა სტიქიამ ყველაზე მეტად გორის რაიონის სოფლები და იქ ჩასახლებული დევნილები დააზარალა. კარალეთის დევნილთა დასახლებაში წყალი კოტეჯებში შევარდა და რამდენიმე ოჯახის ევაკუაციაც კი გახდა საჭირო. როგორც ცნობილია, ეს დასახლება ჭაობიან ადგილზე გაშენდა და ყოველი წვიმის მოსვლა ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემას უქმნის.

სახანძრო-სამაშველო სამსახურმა დასახლებიდან წყალი კი ამოტუმბა, მაგრამ როგორც დევნილები აცხადებენ, დაზიანებულ კოტეჯებში ცხოვრება შეუძლებელია. დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

სტიქიის ლიკვიდაციის შემდეგ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ზარალის დამდგენი კომისიები შეიქმნა. რეგიონში ზარალის დათვლა ბოლომდე ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულმა ზარალმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა.

შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორის გიორგი ავალიანის თქმით, დევნილებისთვის მიყენებულ ზარალს ცალკე ითვლის დევნილთა და განსახლების სამინისტრო. ავალიანის განცხადებით, კომისიები მოკვლეულ მასალებს ცენტრალურ ხელისუფლებას წარუდგენენ და ამის შემდეგ უნდა მოხდეს ბიუჯეტიდან ფინანსების გამოყოფა.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, პირველ რიგში, დაზიანებული ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა უნდა დაიწყოს. ჯერჯერობით უცნობია, დაიფარება თუ არა სოფლის მეურნეობისთვის მიყენებული ზარალი.
XS
SM
MD
LG