Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”აქ ბევრი დღესაც ვერ ხვდება, რამხელა ფიგურა იყო სობჩაკი”


ანატოლი სობჩაკი
ანატოლი სობჩაკი
9 აპრილს საქართველოში, როგორც წესი, ამ ტრაგიკული ღამის გმირებს იხსენებენ ხოლმე, თუმცა იშვიათად საუბრობენ ადამიანზე, რომელმაც 9 აპრილის ტრაგედიით, გარკვეული თვალსაზრისით, კარიერაც კი გაიკეთა... ესაა ანატოლი სობჩაკი - იურისტი, რომელიც 9 აპრილის მოვლენების შემსწავლელ კომისიას ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოში... რომელიც ერთხანს ბორის ელცინზე უფრო პოპულარული იყო, რომელსაც რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი და პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ლამის თავის მასწავლებლად მიიჩნევენ.

ანატოლი სობჩაკი სანკტ-პეტერბურგის პირველი მერია..ამ თანამდებობაზე როცა აირჩიეს, 1991 წელს, იგი პოპულარობით ბორის ელცინსაც კი უსწრებდა... პეტერბურგის მერის არჩევნები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს დაემთხვა.. და რომ არ დამთხვეოდა, სობჩაკს რომ თავისი კანდიდატურა წარედგინა პრეზიდენტის არჩევნებში, იგი შეიძლება რუსეთის ფედერაციის პირველი პირი გამხდარიყო.. თანაც, ეს ის პერიოდია,როცა სობჩაკის გუნდის წევრებს შორის განსაკუთრებით აქტიურობენ ვლადიმირ პუტინი და დმიტრი მედვედევი.

ყველაფერ ამას კი წინ უსწრებდა 1989 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნები. ლენინგრადის უნივერსიტეტის ლექტორმა, იურისტმა ანატოლი სობჩაკმა, რომლის საარჩევნო პლაკატებს მისი ასპირანტი, რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი პირადად აკრავდა ლენინგრადის ცენტრში, არჩევნებში გაიმარჯვა... ცოტა ხანში მოხდა 9 აპრილის ტრაგედია... ქართველმა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკების დეპუტატებმა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნა მოითხოვეს. კომისიის თავმჯდომარე ანატოლი სობჩაკი გახდა. ელდარ შენგელაია ამ კომისიის შექმნის მთავარი ინიციატორი იყო. ჩვენთან საუბარში საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მაშინდელმა დეპუტატმა აღნიშნა:

”აქ ბევრი დღესაც ვერ ხვდება რამხელა ფიგურა იყო სობჩაკი... ისარგებლა რა იმით, რომ იმ მომენტში ყრილობა იყო უმაღლესი ორგანო და კომისია იყო ყრილობათა შორის უმაღლესი ორგანო, მან მოასწრო პოლიტბიუროს დაკითხვა.”

ელდარ შენგელაია პოლიტბიუროს წევრების დაკითხვას ასე იგონებს:

”ვიყავით რამდენიმე კაცი,სანამ მოვიდოდა კომისია, და მეუბნება, შენ რეჟისორი ხარო და მე რაღაც მოვიფიქრეო და თუ რამე ისე არ არის, მოვიფიქროთ როგორ გავაკეთოთო. პირველი გამოვიძახეთ ლიგაჩოვი. უარი თქვა, ჩემთან მობრძანდითო. სობჩაკი ეუბნება, ჩვენ ვართ უმაღლესი ორგანო, თქვენ ხართ მხოლოდ ცეკას მდივანი... თქვენ ვალდებული ხართ აქ მოხვიდეთ.”

ლიგაჩოვი მივიდა.შევარდნაძეც. გორბაჩოვიც... სობჩაკის კომისიამ ბევრი იმუშავა, თუმცა პოპულარული დეპუტატი მხოლოდ 9 აპრილის ამბებით არ იყო დაკავებული. ერთ-ერთ ყრილობაზე მან საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის შეცვლაც კი მოითხოვა.

უცნაურია, რომ ანატოლი სობჩაკი, რომლის ძეგლიც დაიდგა თბილისში და რომელსაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ქვეყნის მეგობრად მიიჩნევს, ამავე დროს, პუტინისა და მედვედევის, თუ შეიძლება ითქვას, ”პოლიტიკური ნათლიაა”. 1998 წელს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საქმე აღძრა სობჩაკის წინააღმდეგ, ”ქრთამის აღების” მოტივით... თუმცა1999 წელს საქმე დაიხურა - რუსეთის პოლიტიკური ელიტის სათავეში სობჩაკის მოწაფე ვლადიმირ პუტინი მოვიდა... დღეს რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი სობჩაკის პირველ საჯარო გამოსვლებს ასე იგონებს:

”მას ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოსდიოდა. და როცა ლაპარაკს იწყებდა... მთელი ქვეყანა ჩუმდებოდა და უსმენდა მის გამოსვლას.”

ასე რომ, ანატოლი სობჩაკი ლამის ერთადერთი რუსი პოლიტიკოსია, ვისაც დღეს ერთნაირი სიმპათიით იხსენებს როგორც კრემლი, ასევე ქართული საზოგადოება... არ არის გამორიცხული, ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით ამ ადამიანის შესახებ... გაგახსენებთ, რომ სობჩაკი მოულოდნელად გარდაიცვალა გულის შეტევით 2000 წელს, როცა რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი გახდა. პრესაში მაშინ გაჩნდა წერილები, რომელთა ავტორები ამტკიცებდნენ, ”სობჩაკი მოკლეს, რადგან მეტისმეტად ბევრი იცოდაო”.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG