Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში კიდევ ერთი ქართული ბატალიონი გაემგზავრა


ავღანეთში გაემგზავრა საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონი, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გააცილეს. ცერემონიაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები და აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლობის დელეგაცია მონაწილეობდნენ. ქართული ბატალიონი ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში განლაგდება.

ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილისთვის პრეზიდენტმა ობამამ პრეზიდენტ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა. თეთრი სახლის ცნობით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა და მიხეილ სააკაშვილთან რეგიონის სტაბილურობისთვის ყველა მხარის მიერ პროვოკაციული ნაბიჯების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ობამამ და სააკაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზე იმსჯელეს და დაადასტურეს, რომ საქართველოს სტაბილურობას და დემოკრატიულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონული მშვიდობის, თანამშრომლობის და წინსვლისათვის.
XS
SM
MD
LG