Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერაბიშვილი არჩევნებზე, რუსეთზე და ევროპაზე...


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი ხელისუფლებისთვის სიურპრიზი არ იქნება.

გაზეთ ”კომერსანტთან” ინტერვიუში ვანო მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ ამჟამად მმართველ პარტიას თბილისში 64%-იანი რეიტინგი აქვს და ამის უპირველესი მიზეზი წარმატებული რეფორმებია. ”კომერსანტის” შეკითხვას - გაგრძელდება, თუ არა რეფორმების კურსი საქართველოს მომავალ პრეზიდენტად ირაკლი ალასანიას არჩევის შემთხვევაში, მერაბიშვილმა უპასუხა, რომ ალასანიას პრეზიდენტობის შანსი არა აქვს და ის შევარდნაძის რევანშისტია.

მოსკოვში ნინო ბურჯანაძის ვიზიტზე საუბრისას ვანო მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ მანამდე იყვნენ გიორგაძე, ებრალიძე, ნოღაიდელი და საქართველოში მათი რეიტინგი ყველაფერს ცხადყოფს. მერაბიშვილის განცხადებით, რუსეთმა საქართველოს საკითხში პასუხისმგებლად პრიმაკოვი დანიშნა და მაშინვე გაჩნდა ქართველი მეფის პროექტი, რომელიც ისევე დაიშალა, როგორც ბაგრატიონთა ქორწინება. ამავე ინტერვიუში შს-თა მინისტრმა უკომენტაროდ დატოვა შეკითხვა იმის შესახებ, მართლაც უკმაყოფილოა, თუ არა ხელისუფლება საქართველოს და რუსეთის ეკლესიათა ურთიერთობის გამო. თუმცა, გაზეთის შეკითხვას, რომ ეს მხოლოდ ეკლესიების კავშირია, მინისტრმა უპასუხა, რომ ”მხოლოდ” არ არსებობს.

გაზეთ ”კომერსანტთან” საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე საუბრისას, ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ომი არც სამხედრო და არც პოლიტიკური თვალსაზრისით არ დასრულებულა, რუსეთი კი, საქართველოს ომს ვერ მოუგებს, რადგან ქვეყანა დასავლური კულტურის გზით მიდის. ამასთან, შს-თა მინისტრი ამბობს, რომ საქართველო არავის უსმენს და გადაწყვეტილებებს თავად იღებს. ვანო მერაბიშვილს მაგალითად მოჰყავს კარალეთის ბაზაზე მყოფი სპეცრაზმელებისთვის ”კობრის” ტიპის დაჯავშნული ავტომანქანების შეძენა, რასაც ევროპელები ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ საქართველომ მათ არ დაუჯერა და ამ ზონაში მოკლულები აღარ ჰყავს. ”კომერსანტის” შეკითხვას მიიჩნევს, თუ არა მინისტრი, რომ ევროპელებს ყოველთვის არ უნდა დაუჯერო, მერაბიშვილი პასუხობს, რომ თითქმის არასდროს.

გაზეთ ”კომერსანტთან” ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს გამო საქართველოს შსს-მ სპეციალური განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ინტერვიუ, ძირითადად, სწორად ასახავს მინისტრის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, თუმცა, კონტექსტიდან ამოღებულია გარკვეული, მათ შორის ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის ნაწილი.
XS
SM
MD
LG