Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწვა თუ არა საბერიოში რუსეთის სამხედრო ბაზა?


სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი, საბერიო-ფახულანის გადასასვლელი
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი, საბერიო-ფახულანის გადასასვლელი
დღეს დილით ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ საბერიოში რუს და აფხაზ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. მათივე ინფორმაციით, ორმხრივი სროლის მიზეზი სამხედრო ბაზა იყო, რომელიც სოფელშია განთავსებული.

რამდენიმეწუთიან სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ვითარებაში გასარკვევად რადიო თავისუფლება საბერიოს მკვიდრს დაუკავშირდა, რომელმაც ქართული ტელეკომპანიებით გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ სოფელში სროლა დიდი ხანია არ ყოფილა. ”დაპირისპირების და სროლების შესახებ არაფერი გვსმენია”, - დასძინა ქალმა.

ოკუპირებულ საბერიოში რუს და აფხაზ მესაზღვრეებს შორის ორმხივ სროლას ვერ ადასტურებენ აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობაში, რომლის ხელმძღვანელმა, თორნიკე კილანავამ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ გასულ ღამეს სამხედროებს შორის დაპირისპირებისას სამხედრო ბაზა დაიწვა.

”აფხაზებსა და რუსებს შორის დაპირისპირება დღითი დღე რომ მატულობს, ეს აშკარაა. ამის დამადასტურებელი წუხანდელი ფაქტია, როდესაც სამხედროებს კონფლიქტი მოუვიდათ ე.წ. საზღვრის გაკონტროლების თაობაზე. აფხაზებს სურდათ, რომ მთელი პერიმეტრი ეკონტროლებინათ, რაზეც მათ რუსებმა უარი განუცხადეს. კონფლიქტის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ბაზას და დაიწვა, თუმცა ჩვენთვის უცნობია, იქ ცეცხლი როგორ გაჩნდა”, - ამბობს კილანავა.

რაც შეეხება 2 აპრილს სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსი მესაზღვრეების მიერ სოფელ საბერიოს 15 მკვიდრის დაკავებას, როგორც საბერიოელი რესპონდენტი იტყობინება, მოქალაქეები იმავე დღეს, გვიან ღამით, გაათავისუფლეს, თუმცა ჯარიმა, რომელიც მათ გალის აფხაზურმა სასამართლომ დააკისრა, დღეს უნდა გადაიხადონ.

”ავტობუსის მძღოლს 10 ათასი რუსული რუბლის გადახდა დაეკისრა, ხოლო მის ძმას - ოდნავ ნაკლების. მგზავრებმა 30 ლარის ეკვივალენტი რუსული რუბლი გადაიხადეს და გამოუშვეს. საბუთებს ჯარიმის გადახდის შემდეგ დაუბრუნებენ”, - გვიხსნის საბერიოელი ქალი.

ამასთან, რესპონდენტის ცნობით, ოკუპირებულ რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე, კერძოდ, ე.წ. შემოვლით გადასასვლელებზე, რომლითაც ადგილობრივები პრაქტიკულად ყოველდღე სარგებლობენ, რუსი მესაზღვრეების რეიდები გახშირდა.
XS
SM
MD
LG