Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტებმა დაადგინეს ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქების მიზეზი


ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქებიდან ერთი თვე გავიდა. სპეციალურმა კომისიამ, რომელიც აფეთქების გამომწვევი მიზეზების გამო შეიქმნა, დასკვნა უკვე დადო.

სპეციალისტების დასკვნით, მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქება მუშების გაუფრთხილებლობას მოჰყვა. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის ზაზა სალუნიშვილის თქმით, მაღაროელებს ელექტრომოწყობილობა ჩართული დარჩათ. წარმოქმნილმა ნაპერწკალმა კი მაღაროში დაგროვილი მეთანის აფეთქება გამოიწვია.

სამთავრობო კომისიის დასკვნას არ ეთანხმება საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. „როგორც ყოველთვის, როგორც წესი დასაქმებულ ადამიანებს ბრალდებათ, როცა ისინი იღუპებიან ან შავდებიან საწარმოო ტრამვის შედეგად. აბსოლუტურად იგნორირებულია და სახელმწიფოს ამბიცია არ გააჩნია, რომ შრომა იყოს უსაფრთხო, რომ დამსაქმებელმა დაიცვას დასაქმებულის უსაფრთხო შრომა სამუშაო ადგილზე. ამასთან დაკავშირებით არანაირი საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს,“ – უთხრა ირაკლი პეტრიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

მისივე თქმით, პროფკავშირის გაერთიანებამ პრემიერ-მინისტრს კომისიის შემადგენლობაში შეყვანის თხოვნით მიმართა, მაგრამ ნიკა გილაურმა მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, გაერთიანებული პროფკავშირი ტყიბულის მაღაროში აფეთქების გამომწვევ რეალურ მიზეზს უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.

უბედურ შემთხვევას ტყიბულის მაღაროში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა ოჯახებს მუდმივი კომპენსაცია ჯერ არ დანიშვნიათ. სანაცვლოდ, ინდუსტრიულმა ჯგუფმა მათ საწარმოში დასაქმება შესთავაზა.

რაც შეეხება აფეთქების დროს დაშავებულ ბესო ზოსიაშვილს, ის ამ დრომდე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია. ცენტრის დირექტორის კახა ნურალიძის თქმით, ზოსიაშვილის მკურნალობის ხარჯებს საწარმო აანაზღაურებს. ბესო ზოსიაშვილი თავს უკეთ გრძნობს. ექიმები ვარაუდობენ, რომ მას რამდენიმე კვირაში გაწერენ.

როგორც ტყიბულში ამბობენ, მსგავსი აფეთქება მაღაროში 26 წლის წინაც მოხდა და სამი ადამიანი დაიღუპა. მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა წყობა იყო. აფეთქების მიზეზად მაშინაც ელექტრომოწყობილობის გაუმართაობა დასახელდა.
XS
SM
MD
LG