Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითისა და მის პრემიერ-მინისტრს შორის ბზარი გაჩნდა?


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციაში ხილ-ბოსტნეულის გატანა თითქმის შეუძლებელია. ამის გამო ცხინვალში უკმაყოფილებას არ მალავენ და ადგილობრივი ტელევიზიით საუბრობენ.

ჩრდილოეთ ოსეთთან ზარამაგის საბაჟოზე ოს ფერმერებს იმდენ საბუთს და ფულს სთხოვენ, რომ სამხრეთ ოსეთიდან რუსეთში პროდუქციის გატანა აზრს კარგავს.

ოსმა ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა კოსტა კოშტემ ამ პრობლემაზე საკუთარ საავტორო გადაცემაში ისაუბრა და ყველაფერში ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი დაადანაშაულა.

ბოლო პერიოდში ცხინვალში სულ უფრო ხშირად ისმის რუსეთიდან ჩასული პოლიტიკოსების კრიტიკა. როგორც ცნობილია, კოკოითის ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი სწორედ კრემლის მიერ გამოგზავნილი მოხელეებით არის დაკომპლექტებული.

კოშტეს არაფერი უთქვამს, რომ ეს ხალხი რუსეთის ხელისუფლების სურვილითა და კოკოითის თანხმობით მუშაობენ ცხინვალში. რუს მოხელეებს რომ იდეალური ურთიერთობა არა აქვთ კოკოითისთან, ეს უკვე ადგილობრივი მედიითაც ჩანს.

ცოტა ხნის წინ ვადიმ ბროვცევის გადადგომის შესახებ ინფორმაციაც გავრცელდა, მაგრამ შემდეგ აღარ დადასტურდა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი მეორე კვირაა, ცხინვალში აღარ გამოჩენილა. ადგილობრივი ტელევიზიით კი მასზე შეტევის მეორე ტალღა დაიწყო.

პირველად კოშტემ რუსი პრემიერი ჩაშლილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გააკრიტიკა, ისე რომ კოკოითიზე სიტყვაც არ დასცდენია. ახლა კი რუსეთის მიერ საბაჟო წესების გამკაცრებაც მისი აზრით, ბროვცევის ბრალი ყოფილა.

მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ოსური ოპოზიცია კოკოითის აკრიტიკებს. კოკოითის კონტროლირებადი მედია და ჟურნალისტები კი ხელს რუსი მოხელეებისკენ იშვერენ. გუნდურ პასუხისმგებლობაზე არავინ საუბრობს.

გაეროს ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის მალხაზ მინდიაშვილის აზრით, რუსეთს ნაკლებად აინტერესებს ოსი ხალხის ამჟამინდელი მდგომარეობა, მას მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს კავკასიაში. და თუ სამხრეთ ოსეთთან უვიზო მიმოსვლა შემოიღო, სამაგიეროდ, საბაჟო კონტროლი გაამკაცრა, რადგან ცხინვალში არსებული უკანონო იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანის მცდელობა არაერთხელ გამოვლინდა.

დაახლოებით ერთი კვირის წინ სწორედ ზარამაგის საბაჟოზე, რუსმა მესაზღვრეებმა ვაზ 21-07 მარკის მანქანით დააკავეს ცხინვალის მოქალაქე, რომელსაც რუსეთში იარაღის არსენალი: ავტომატები, ნაღმსატყორცნები და სნაიპერული შაშხანები გადაჰქონდა.

აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალში დიდი რაოდენობით აღურიცხავი იარაღი მოსახლეობაშია გაბნეული, რომლის ამოღებასაც კოკოითი ვერ ახერხებს, ამიტომ არავინ იცის ეს იარაღი მომავალში ვის ხელში აღმოჩნდება.

მოსკოვისა და ყიზლარის ტერექტების შემდეგ კი ცხინვალში მაინც უკვირთ რატომ გამკაცრდა ტვირთების გადაზიდვაზე საბაჟო კონტროლი. ექსპერტების აზრით, კოკოითი ცდილობს საკუთარი უმოქმედობა ხან ოპოზიციას და ხანაც საკუთარი მთავრობის რუს წევრებს სკამის შენარჩუნების ფასად გადააბრალოს.
XS
SM
MD
LG