სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 16:48

პოლიტიკა / საქართველო

პრეზიდენტის გუნდი

მიხეილ სააკაშვილი ატარებს მთავრობის გასვლით სხდომას კახეთში
მიხეილ სააკაშვილი ატარებს მთავრობის გასვლით სხდომას კახეთში
ტექსტის ზომა - +
ავტორი ია ანთაძე
მიხეილ სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის, ერთ-ერთი ძლიერი მხარე მის ირგვლივ შემოკრებილი სახელისუფლო გუნდია. მიჩნეულია, რომ ეს არის შეკრული, მობილიზებული, მიზანმიმართული გუნდი, რომელიც ორიენტირებულია წარმატებაზე.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ზურაბ ჟვანიას მიერ საკუთარი პარტიის გაუქმება იყო. სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნით, ჟვანიამ თავისი პოლიტიკური გუნდი ფორმალურად დაშალა და ნაციონალურ მოძრაობას შეუერთა. შეიქმნა ერთიანი სახელისუფლო პარტია, რომელიც დღემდე მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არის შემოკრებილი.

ამ პარტიას რამდენიმე მახასიათებელი აქვს. პირველი ის არის, რომ ლიდერი თავისი გუნდის წევრებს დიდხანს ერთსა და იმავე თანამდებობაზე არ აჩერებს. ეგრეთ წოდებული სამთავრობო კარუსელი სწორედ იმისთვის ტრიალებს, რომ გუნდის წევრები ისევ გუნდში დარჩნენ, მაგრამ ადგილები გაუცვალონ ერთმანეთს, რათა არც ერთ მათგანს (იშვიათი გამონაკლისის გარდა) არ მიეცეს ამა თუ იმ თანამდებობაზე პოზიციის გამყარების საშუალება. ეს ზრდის გუნდის წევრების მიზიდულობას ცენტრისკენ და, შესაბამისად, ზრდის მათი დამოკიდებულების ხარისხს პირადად მიხეილ სააკაშვილზე.

გუნდის მეორე მახასიათებელი შინაგანი დისციპლინაა. რაც უნდა ხდებოდეს სახელისუფლო კულუარებში, გარეთ ამბავი იშვიათად ჟონავს და თუ ჟონავს, – ისეთი ფორმით, რომ მისი დადასტურება შეუძლებელია. არა მხოლოდ მოქალაქეებმა, არამედ, ოპოზიციური პარტიის ლიდერებმაც კი არ იციან, მაგალითად, ტყუილია თუ მართალი მოარული ხმები ბაჩო ახალაიასა და ერეკლე კოდუას შორის მომხდარი სერიოზული ინციდენტის შესახებ; მხოლოდ მინიშნებების მოძიება თუ შეიძლება, მაგალითად, ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ და ასე შემდეგ... მიხეილ სააკაშვილი უფრთხილდება საკუთარი გუნდის წევრებს, მაგრამ მათგანაც სრულ მოფრთხილებას და ერთგულებას ითხოვს.

განსაკუთრებით უცნაურია პრეზიდენტის გუნდის ერთი თვისება: თუ გუნდს ვინმე კონფლიქტის საფუძველზე ტოვებს, მისი მოკვეთა ხდება ერთბაშად, უმტკივნეულოდ და გუნდის მთლიანობას არაფერი აკლდება. ეს არის თვითკმარი გუნდი, რომელიც დანაკარგს უკვალოდ იშუშებს.

თუმცა, გუნდს გზადაგზა არაერთი საყრდენი ფიგურა გამოეცალა. დანაკარგი დაიწყო ზურაბ ჟვანიათი, რომლის გარდაცვალების გარემოებები დღემდე გამოძიებული არ არის. მისი გამოკლება ნაციონალურ მოძრაობას არ დასტყობია, თუმცა, საქართველოში ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ჟვანიას დაღუპვამ მთლიანად შეცვალა ქვეყნის განვითარების სცენარი.

ამის შემდეგ დაიწყო პრეზიდენტის გუნდისგან მისი საყრდენი წევრების გამიჯვნის პროცესი. პირველი მეამბოხე აღმოჩნდა გუნდის საამაყო წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი. მოგვიანებით იგი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გახდა.

შემდეგ პრეზიდენტის გუნდს დაუპირისპირდა მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც რწმუნებულიც იყო, გენერალური პროკურორიც, შინაგან საქმეთა მინისტრიც, თავდაცვის მინისტრიც და, ბოლოს, ეკონომიკის მინისტრი. ოქრუაშვილის წასვლა ოპოზიციაში სახელისუფლო გუნდმა ისე გადაატარა, თითქოს, ამ ადამიანმა ნაციონალურ მოძრაობაში შემთხვევით შეიარა.

შემდეგ სააკაშვილს ზურაბ ნოღაიდელი გაემიჯნა – პრემიერმინისტრი. მასთანაც უცებ ჩაიჭრა დამაკავშირებელი ძაფები და გუნდი ისევ ძველებურად შეკრული და მიზანსწრაფული დარჩა. ნოღაიდელმა კი ოპოზიციური პარტია ჩამოაყალიბა.

ბოლოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარემაც მიატოვა. ნაციონალურ მოძრაობას არც ბურჯანაძის წასვლა უდარდია. გუნდმა ეს ჭრილობაც უსწრაფესად მოიშუშა. კვლავ შეულახავი დარჩა ლეგენდა პრეზიდენტის გარემოცვის ურღვევობის შესახებ.

უკვე ექვსი წელია, მიხეილ სააკაშვილი ახერხებს, რომ მისი პარტია არ გაიხლიჩოს და ის ფიგურები, რომლებიც გუნდიდან მიდიან, დარჩნენ ეულ ადამიანებად, რომლებიც პრეზიდენტს საკუთარი წარუმატებლობის გამო დაუპირისპირდნენ.

შინაგანი დისციპლინა, გუნდის წევრების მუდმივი გადანაცვლება თანამდებობებზე, სწორება პრეზიდენტზე და გუნდიდან წასულ წევრებთან დამაკავშირებელი ძაფების სწრაფი ჩაჭრა, – მხოლოდ ნაწილია იმ ხერხებისა, რითიც მიხეილ სააკაშვილი წარმატებული გუნდის ლიდერის იმიჯს ინარჩუნებს. არადა, წარმოუდგენელია, ერთიანი და შეკრული ერქვას სახელისუფლო გუნდს, რომელსაც გამიჯნენ საკუთარი მინისტრები, პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მეტად მგრძნობიარეა ძალაუფლების მიმართ, იცის, როგორ აცოცხლოს ლეგენდა საკუთარი გუნდის ეფექტიანობის, სიმტკიცისა და, რაც მთავარია, უძლეველობის შესახებ.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ვაჟა საიდან გვწერთ: რუსთავი
08.04.2010 03:08
გუნდი, ოჯახი, კლანი, საძმო ხალხო ეს ხომ ყველა მაფიოზური სტრუქტურებია და ისინი ყველანი ყველა ხერხით ცდილობენ ერთობის შენარჩუნებას ასევეა ჩვენი მიშაც ის ხომ ნათლიმამაა

ავტორი: tamriko საიდან გვწერთ: martvili
03.04.2010 23:48
სწორედაც რომ ასეა.

ავტორი: ნენე
01.04.2010 00:58
ისრის მოკლე და კონკრეტული გასროლაა, და 9-ში :)

ის, რომ ძალზე მგრძნობიარეა ძალაუფლების მიმართ, ათასჯერ ცხადად გამოჩნდა, აი, რამდენად იცის - როგორ აცოცხლოს, -ამაში კი ეჭვი მეპარება.

ავტორი: dublineli საიდან გვწერთ: Dublin
30.03.2010 13:58
ia ar megona tu mishas aset ldierad ganixilavdit. tqvenze namdvilad sxva shexedulebis da warmodgenis viyavi, samwuxaroa es yvelaperi

ავტორი: emxvari საიდან გვწერთ: Tbilisi
29.03.2010 12:02
ია, მიხეილ სააკაშვილი პირადად თქვენზე განათლებული და ჭკვიანია. ამიტომ 4 და 6 წლის ტყუპების მაგალითი ნუ მოგყავთ, ასეთი რამ ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. თქვენ ხომ იცით ეს მშვენივრად! და კიდევ! თავისუფლებას იმიტომ ვუსმენ, რომ ობიექტური მაუწყებელია. ნუ დაუკარგავთ მას ამ თვისებას და დაშოშმინდით, დაიოკეთ თქვენი ამბიცია. ამას გულწრფელად გთხოვთ!
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
29.03.2010 12:46
თქვენ ასეთი შთაბეჭდილება დაგრჩათ, რომ მე პრეზიდენტს ვეჯიბრები? რაში?

ავტორი: ანონიმი
29.03.2010 02:35
ქურდული ,სხვისთვის ხელშეუხებელნი,

ავტორი: შვეიკი საიდან გვწერთ: ნისლიანი პოზიციებიდან
28.03.2010 17:52
რა თქმა უნდა საერთო დანაშაული ადუღაბებს რეჟიმის ერთობას. მაგალითები ბევრია ისტორიაში. ფაშისტები იტალიაში სწორედ ასე გაამაგრა და შეადუღაბა 1924-ში მატეოტის მკვლელობამ (სხვათა შორის მოკლეს იმიტომ, რომ ამხილა გაყალბებული არჩევნები!). ისტორიკოსები წერენ რომ მატეოტის გატაცების და მკვლელობის შემდეგ ფაშისტები ისე მონოლითური გახდნენ როგორც არასდროს. მეორე მაგალითი, პავლეს მკვლელობა რუსეთში (განთქმული ცინიკური ხუმრობა «Император скончался апоплексическим ударом табакеркой в висок») და შემდეგ ალექსანდრეს დროინდელი "გუნდი", რომელიც გამოირჩეოდა რუსეთის ისტორიაში უმაგალითო სიმტკიცით - სხვა ფაქტორებთან ერთად საერთო ცოდვამაც შეკრა ეს "გუნდი". გავიხსენოთ ალექსანდრეს განრისხება როცა დატყვევებულმა ამაყმა გენერალმა ვანდამმა პირდაპირ უთხრა - "კი, მე სასტიკად ვექცეოდი თქვენს ტყვეებს, მაგრამ თქვენსავით მამაჩემი არ მომიკლავსო".

ავტორი: წინაპრიშვილი საიდან გვწერთ:
24.03.2010 17:08
სოლომონს თერნალიდან:
გმადლობთ.
("ხომ ყოფილა, ხომ ყოფილა, ტყეში ხოხობი" - ო)

ავტორი: ანონიმი
24.03.2010 13:32
MAFAტ

ავტორი: ნინა საიდან გვწერთ: Berlin
24.03.2010 03:25
გერმანეს თქმით, ის გუნდი მოვა საქართველოს ხელისუფლების სათავეში, რომელიც მიშას პოლიტიკას კი არ "დაგმობს", არამედ იტყვის, რაც იყო იყო და ახლა ახალი ხედვა გვჭირდებაო.
მე კი ვიკითხავდი, მოვა კი საერთოდ ახალი გუნდი სათავეში? რატომღაც მგონია, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები განვითარდება რუსეთის მოდელის მიხედვით, რათა იას მიერ ზემოთ აღწერილი გუნდის უზრუნველყოფა და კეთილდღეობა არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ.

ავტორი: nana საიდან გვწერთ: tbilisi
24.03.2010 00:33
გეგა,იქნებ საწინააღმდეგო არგუმენტი მოგეყვანათ და დაუმსახურებელ შეურაცხყოფამდე გაგექარწყლებინათ ქ-ნი იას მოსაზრება.ქ-ნო ია ყოველთვის სიამოვნებით გისმენთ,რადგან არ გჩვევიათ დაუსაბუთებელი მსჯელობა,ასე განაგრძეთ,გთხოვთ
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
24.03.2010 00:34
ნანა, დიდი მადლობა.

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
23.03.2010 23:22
ამდენი აღშფოთებული კომენტარი არ მახსოვს...
შეშფოთება აღშფოთებაში გადავიდა... არც კი ვიცი, რას დავაბრალო, იმას, რომ ამ აღშფოთებულთა მასას თავისი საერთო გენეტიკურ/სოციალური ფესვები გააჩნია (სააკაშვილის ხესთან საერთოც?), თუ იმას, რომ იას მოზომილი კრიტიკა რაღაც განსაკუთრებულად ფაქიზს შეეხო - კაშჩეის მაცოცხლებელ/მომაკვდინებელ ნემსს?

ქ-ნ მარინას დავეთანხმები - საერთო დანაშაული დიდი ”გამაერთიანებელი” ფაქტორია. ხოლო ამ მეთოდის და ასეთი კრიმინალური ჯგუფების სიცოცხლისუნარიანობა, ისევე, როგორც სწრაფი მოკვეთა და საყოველთაო დუმილი/ნაგვის არაგამოტანა, სხვა არაფერია ალბათ, თუ არა მაფიის ძირითადი კანონი:
1) ომერტი (დუმილი) კანონია. ომერტას დამრღვევი ისჯება მოკვეთით (დავწერე ეს და პირველად დავფიქრდი, იქნება ზურაბ ჟვანიას სწორედ რაიმეზე დუმილის არშენახვის დამუქრება არ აპატიეს?)
2) კაპო დი კაპი (ბოსების ბოსი) ნებისმიერ მებრძოლის ბოსია. როდესაც მებრძოპლი ერთი დანაყოფიდან მეორეში გადაჰყავთ, ამით მისი ყოფილი კაპო სუსტდება, მაგრამ კაპო დი კაპი - ძლიერდება.
3) როდესაც ვინმეს გამოცდა უნდათ, მას ვინმეს გაფუჭებას ავალებენ. თუ დავალება არ სრულდება, ორივეს იცილებენ
4) როდესაც მებრძოლები რამეს ვერ იყოფენ, მათ კაპო არიგებს. შერიგება სავალდებულოა, რადგან მაფიოზური ოჯახი ვერ იტანს შიდაომებს. თუ წევრები შუღლს აგრძელებენ, შეიძლება ორივე მოიცილონ თავიდან.

მოკლედ მერამდენედ ვიტყვი, ამ ჩვენი ე.წ. მთავრობის შემყურეს სულ ეს ბრძნული სიტყვები მახსენდება: ”რა არის ხელისუფლება სამართლის გარეშე, თუ არა ავაზაკთა ბანდა?” (ნეტარი ავგუსტინე)

პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
23.03.2010 23:25
მეც ძალიან მიკვირს, რატომ მიიღეს ეს სრულიად უპრეტენზიო სტატია ასეთი აგრესიით. იცით, კიდევ რამდენი რამის დაწერას ვაპირებ ამ გუნდზე? ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

ავტორი: გია მარიამიძე საიდან გვწერთ: გორი
23.03.2010 21:50
ვანო მერაბიშვილს არ ელევა სააკაშვილი, თუმცა მომგებიანიც იქნებოდა მაგისთვის გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ ვანოს მოხსნა. ეს არ მოხდა, ამას როგორც ყოველთვის კონსპიროლოგიით ხსნიან;ვანოს კომპრომატი აქვს მიშაზეო. მარტივადაა საქმე მგონი, უბრალოდ კარგად შეეფერება მერაბიშვილი ასეთი ტიპის ხელისუფლებას,. ინსტიტუტები არ არსებობს, პირად ნდობაზეა ყველაფერი და ვანოც იდეალური კანდიდატია. არ აქავს პოტენციური , თეორიული შესაძლებლობაც კი მოისხას რეიტინგი და მოინდომოს პირველკაცობა.. რაც დაემართა ამ შლეგიან ოქრუაშვილს.ვანოს ურეინტინგობა საწყალ გირგვლიანამდე ადრე დაიწყო და ''საამაყო'' ჟურნალისტ ინგას დამსახურებაა. რამდენჯერმე ამხილა კათოლიკობაში... ხელისუფლება მაფიის პრინციპითაა აგებული და ამიტომ ჰგავს მონოლითს, ყველა გაზიარებულია ცუდ საქმეში და ერთმანეთს ანუ საკუთარ თავს უფრთხილდება.ეს ჩავლილი საქმეა, მთავარი წინ არის. ვის დანიშნავს მიშა მემკვიდრეთ და როდემდე გასტანს პუტინის სიტემა აქ. .. ჩემი აზრით აქ ტანდემოკრატია ვერ იმუშავებს, ქართული პროვინციალიზმი ამას ვერ აიტანს. როგორი იქნება შეცვლილი კონსტიტუცია და როგორ გადაიტანს ქვეყანა მიშას მეტამორფოზას ახალ რანგში, შეცვილი კონსტიტუციის შემთხვევაში..წინ სკანდალები და რყევები გველის სამწუხაროდ.

ავტორი: თუთა საიდან გვწერთ: მანგლისიდან
23.03.2010 20:56
ძვირფასო ია,
კარგი სტატიაა, პრეზიდენტის ,,ავატარები'' ამართლებენ მის იმედებს. თუ ჩვენი მკითხველების გარკვეული ნაწილი არ ეთანხმება ამას, ნუ ეთანხმება.მათ აწყობილი, უპრობლემო ცხოვრება აქვთ,გადსახადებსაც იხდიან, ექიმიც არ უჭირთ, ხელფასიც კარგი ექნებათ.....არაა აუცილებელი ყველას მოეწონოს.
გერმანეს კი 100% -ით ვეთანხმები ,იმაში რომ
,,ის, ვისიც სააკაშვილს ეშინია, ახალი ძალაა - გაუსვრელი, პოლიტიკური მრწამსით აღჭურვილი და მხოლოდ პოლიტიკაზე და არა პიროვნებაზე მოსაუბრე.

................
- სააკაშვილი იმ ძალით დამარცხდება, რომელიც იტყვის - სააკაშვილის ხელისუფლება გარკვეულ ეტაპზე აუცილებელი იყოო საქართველოსთვის, ახლა ახალ სიტუაციას ახალი ხედვა სჭირდებაო." ასეთი ძალის გამოჩენას კი დრო სჭირდება.ყველაზე კარგ ვარიანტში იქნებ საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ჩამოყალიბდეს ასეთი ძალა, პიროვნებები პოლიტიკურ სარბიელზე მგონი უკვე ჩანან.მანამდე კი აუცილებელია საზოგადოების მომზადება ცვლილებებისთვის.

ავტორი: არ გამეცინა საიდან გვწერთ: არ იყო სასაცილო
23.03.2010 13:07
ქალბატონო ია, ბლოგი თქვენი სახლი არ არის. თორემ იცინეთ, სიცილს ვინ გიშლით. ადამიანის გემოვნებას ყველაზე კარგად მისი სახლის გარემოთი გაიგებს სხვა.
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
23.03.2010 13:15
გასაგებია, არ მოგწონთ, პრეზიდენტს 4 და 6 წლის ორი ბავშვი ტყუპი რომ ჰგონია. მაგრამ მე რას მემართლებით?

ავტორი: წინაპრიშვილი საიდან გვწერთ: ქართლიდან
23.03.2010 12:40
საიტზე ახალი ამბების მოსასმენად შევედი. "მთავარზე" დასახელებამ მიიქცია ყურადღება. სრული ტექსტის გახსნისას . . . ჰოი საოცრებავ, ისევ ია ანთაძე. შეუძლებელი იყო დღის გეგმაში კორექტივი არ შემეტანა. წავიკითხე, მაგრამ იმ, უკვე მეთოდიკად ქცეული პირობის დაცვით, რომელსაც უკვე ორი წელია ინტენსიურად ვიყენებ: წაკითხულის შინაარსთან დამოკიდებულება გამოვიმუშაო კომენტატორთა ნააზრევის გაცნობის გარეშე. ამ მეთოდს, როგორც ყველაფერს მზისქვეშეთში, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. აქ ამაზე მსჯელობის ადგილი არაა. უმთავრესი კი ის არის, რომ მისი (მეთოდის) საშუალებით, საკუთარ აზროვნებას ვაკონტროლებ, ინტელექტუალურად და ინფორმატიულად უფრო ზემო საფეხურზე მდგომ პიროვნებათა ნააზრევთან ვადარებ. მათი ნააზრევის და გამოხატვის საშუალებებთან და ფორმებთან დამოკიდებულებას ვიქმნი. ამის გამოა, რომ მიხაკო წერეთლის "ერი და კაცობრიობა"-ს, ჯერ კიდევ 1990წ. გამოცემიდან ინტუიტურად მიგნებული მნიშვნელობა, მთელი სიგრძე-სიგანით (თუ ესეც?!), მხოლოდ ბოლო წლის მანძილზე გავაცნობიერე და ვფიქრობ, როგორც აზროვნების ძეგლი, კარგახანს გაჰყვება ჩემი ინტერესების სფეროს. "აზროვნების ძეგლი" გადაჭარბება არაა - სოციალ-დემოკრატიული ფსიქოზით გაჟღენთილ-გათანგულ ევროსივრცეში (მაშინდელი საქართველოს და თუნდაც რუსეთის საზოგადოებრივი აზროვნების დონე რა სახსენებელია), ცხრუკვეთში დაბადებულმა კაცმა, შეძლო ეწინასწარმეტყველებინა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე სოცდეკთა იდეოლოგიის დამანგრეველი გავლენა (მავანი იკითხავს - სახელმწიფო ქართველებს სად გქონდათო? პასუხი: აზროვნებაში ბატონო). ამის გამო არ ვკითხულობ ერთბაშად (და ჩაძიებით) სულმნათი ნიკო ნიკოლაძის მემკვიდრეობასაც: "თანამედროვე ევროპული სახელმწიფოები, ბოლოს და ბოლოს, ეროვნების მიხედვით დალაგდებიან, რადგან ეს არის სახელმწიფოს ორგანიზაციის ყველაზე ანგარიშგასაწევი და თანამედროვე პრინციპი" - წინასწარმეტყველებდა გერცენის, ოგარიოვის, ჩერნიშევსკისთან პირად ნაცნობობაში მყოფი და თანადროული ევროპის ბეჭდურ გამომცემლობებში აღიარებული პუბლიცისტი, სახელმწიფო დამოუკიდებლობის იდეა, გრაფ ფონ დერ შულენბურგთან ერთად ძალდატანებით თავს რომ მოახვია 1918 წ. ნოე ჟორდანიასა და კომპანიას.
რა კავშირი აქვს ზემოთქმულს ქ-ნ ია ანთაძის ამ პუბლიკაციასთან?
პირდაპირი: ქ-ნი ია, კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ და ამით აღასრულებს პროფ. მოვალეობას), ჩვენს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ბოლო ორი საუკუნის სახელისუფლო მმართველობა "ბიზანტიურ-რუსული მმართველობის" (აკაკი ბაქრაძე) შინაარსს არ გასცილებია, არასამთავრობო ორგანიზაციათა სიმრავლის, მედიის ნაწილობრივი თავისუფლების, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებათა დეკლარირების, ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის (PCA) და სამეზობლო პოლიტიკის (ENP) ხელშეკრულებათა და ა.შ. მძლავრი ატრიბუტიკის პირობებშიაც.
ევროპაში განათლებამიღებული, ჩვენი სახელოვანი წინაპრები, სხვა მომავლისათვის ირჯებოდნენ. ნუ დავღლით ერთმანეთს იმ დეტალებით, რომლებსაც საბლოო ჯამში, რეალური განვითარებისათვის არაფერი მოაქვთ. კომენტარებს კი გვიან ღამით, მაინც გავეცნობი (სტატია არ გამოვიდა, კაცო? რა არის ეს დაულაგებელი ქვეყანა, ქვეწყობილ-განმარტებითი წინადადებებისაგან რომ თავს ვერ აღწევს კაცი).

ავტორი: არ მეცინება საიდან გვწერთ: არაა სასაცილო
23.03.2010 03:33
ავტორი: ია ანთაძე
23.03.2010 02:02
http://www.youtube.com/watch?v=QMHNoAaLiOM&feature=related

ვაიმე, მოვკვდი სიცილით. ასეთი აღარაფერი მინახავს. იმედია, პასუხს არ მოუსმინა.....
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
23.03.2010 03:41
ძვირფასო, რომელსაც არ გეცინება. ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს 4 წლის და 6 წლის ორი ბავშვი ტყუპი ჰგონია. ან ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის, ან, უბრალოდ, არ უსმენს ადამიანს, რომელიც მისსავე შეკითხვაზე პასუხობს – ფოტოზე ბავშვები რამდენი წლისანი არიანო. მეც აღარ მეცინება.

ავტორი: jumberi საიდან გვწერთ: chxorocyu
23.03.2010 01:00
არავითარი მწვერვალები, სამწუხარო და არალოგიკური უფრო ისაა, რომ იშვიათად თუ ვინმე ცდილობს, გააანალიზოს რეალობა.

ავტორი: ძალა საიდან გვწერთ: აღმართი
22.03.2010 23:59
რაც არ უნდა უძახონ სააკაშვილს ლიდერი მაინც არის. რაც მას არ აქვს, სწორედ გუნდია. აბა, სადაა გუნდი? ორი, სამი კაცია, რომელთაც რაღაც პრინციპი მგონი გააჩნიათ. დანარჩენი ძალაუფლების და გამორჩენების შენარჩუნების მცდელობებია. არ გაირკვა უმრავლესობისათვის, რომ სწორი ყოფილა ამ ძალაუფლების შენარჩუნება? კვლავ ოპოზიციის იმედით არის ვინმე?
სწორედ გუნდი არ ყავს და არც შინაგანი დისციპლინა არ გააჩნიათ. ეგ რომ იყოს, არც თუ ისე ცუდად გვექნებოდა საქმე.

რეები წერია ამ სტატიაში, ანალიტიკა ჰქვია ამას თუ რომელი სფეროდან არის?
გერმანე და მარინა, სადმე რაიმე ძალაუფლება გინახავთ მსოფლიოში, რომელთაც რაიმე სახის დანაშაულობები ჯგუფეფს თუ გუნდებს ერთმანეთთან არ აახლოვებდეს?


პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
23.03.2010 00:49
ძვირფასო ძალა, ეს არ გახლავთ ანალიტიკა. ეს გახლავთ აღწერითი სტატია. ანალიტიკურს კი მიგანიშნებთ, თუ გაინტერესებთ.

ავტორი: kikilo საიდან გვწერთ: imeretia
22.03.2010 21:41
არცერთი ხელისუფლებაა ანგელოზი, მითუმეტეს საქართველოში სადაც სახელმწიფოებრივი ცხოვრების არანაირი ტრადიცია, კულტურა არ არსებობს. უბრალოდ იმის აღნიშვნაა საჭირო რაც გერმანემ თქვა და კიდევ საჭიროა მომავალზე ფიქრი და მუშაობა და არა იმის გარჩევის მცდელობა 5 წლის წინანდელი მინისტრი რატომ გააგდეს კაბინეტიდან.

ახალმა ძალამ უნდა თქვას, სააკაშვილმა ეს გააკეთა, ჩვენ ამაზე მეტს გავაკეთებს და ასე და ასე გავაკეთებთო, თორე ქვეყანა რომ ”დაგვექცა” თუ ახლა ”გვექცევა” ეს უკვე კაი ხანია გავიგონეთ და აღარ გვიკვირს. არადა არ იქცევა ეს დალოცვილი :)

ავტორი: GERMANE
22.03.2010 21:08
ავტორი: მარინე საიდან გვწერთ: თბილისი
22.03.2010 14:35

ქალბატონ მარინეს სავსებით ვეთანხმები.

ამიტომაც, მერაბ ამაზე: "ავტორი: მერაბ მერკვილაძე საიდან გვწერთ: ბათუმი 22.03.2010 17:21".
მთლად ვერ დაგეთანხმები.

ბატონმა სააკაშვილმა კარგად გაიგო ის, რაც ამასწინათ ზ.გამსახურდია კულტურის მინისტრმა თემურ ქორიძემ ტელევიზიით თქვა - "წახვალ-წააგებ, არ წახვალ წააგებ".

სააკაშვილს არც განსაკუთრებული მართვის (მით უმეტეს მოვლენების მართვის) უნარი აქვს და არც ადამიანების მართვის, არც განსაკუთრებული ნებისყოფა აქვს და არც ჯადოქარია.
ის თავისი პოზიციის ტყვეა - ამიტომაც უნდა იყოს ისეთი, როგორიცაა - მტრებით გარემოცული სახელმწიფოში და მორჩილებით გარემოცული თავის წრეში.
ის ადამიანები, რომლებიც წავიდნენ - არცერთი არაა სააკაშვილისთვის საშიში.
საშიში იყვნენ ძმები გაჩეჩილაძენი, მაგრამ ისინი იმ ადამიანებმა დაღუპეს, ვისზეც ზემოთ (თუ ქვემოთ!!) ქალბატონი მარინა წერდა.

ძმებ გაჩეჩილაძეებს რომ საერთოდ არავიტარი კონტაქტი ჰქონოდათ ბურჯანაძე-ძიძიგურ-ბესელიებთან, ისინი მოიგებდნენ, თუნდაც იმიტომ რომ კონსერვატივების პროვოკაციას - პატრიარქთან მივიდეთ და ხალხი დავალოცვინოთო - არ წამოეგებოდნენ.

ის, ვისიც სააკაშვილს ეშინია, ახალი ძალაა - გაუსვრელი, პოლიტიკური მრწამსით აღჭურვილი და მხოლოდ პოლიტიკაზე და არა პიროვნებაზე მოსაუბრე.

მე ცოტათი წინაც გადავიხედავ და ჩემს ვარაუდს გეტყვი:
- სააკაშვილი იმ ძალით დამარცხდება, რომელიც იტყვის - სააკაშვილის ხელისუფლება გარკვეულ ეტაპზე აუცილებელი იყოო საქართველოსთვის, ახლა ახალ სიტუაციას ახალი ხედვა სჭირდებაო.

ბოლოს კი, დასაწყისს დავუბრუნდები და კიდევ ერთხელ ვიტყვი - სააკაშვილს არავითარი განსაკუთრებული "ძალა" არ გააჩნია - მისი ძალა სააკაშვილის ხელისუფლების უალტერნატივობა და ოპოზიციის პოლიტიკურ-ეკონომიკური სიმრუშეა - ეს ორი რამ კი ერთმანეთს ამაგრებს და წარმოშობს.

და ერთსაც ვიტყვი - ეს იდეა სააკაშვილი ზეაადამიანურობაზე ოპოზიციის, იმ უთავო და უიდეო ოპოზიციის ახალი ალიბია, თითქოს სააკაშვილი იმაზე დიდი დიქტატორ-ავტორიტარი იყოს ვიდრე ეს გამსახურდია-იოსელიან-შევარდნაძე იყვნენ.

გავიხსენოთ შევარდნაძის დრო - ჩიხში შესულ რუსულ ურთიერთობას და ჩიხში მიყვანილ ევრო-ამერიკულ ურთიერთობას სააკაშვილი დაუპირისპირდა პროამერიკულით, თუმცა მას მხოლოდ ძალაუფლება აინტერესებდა, მაგრამ მაინც კარგად ითამაშა.

ახლა კი - რუსეთმა არ გაამართლა, თორემ შევარდნაძის რუსულ კავშირებზე მეტი ვის ქონდა?
ამერიკულმა არ გაამართლა.

ახალი ერა არის ერა იდეებისა და დემოკრატიისა, ერა ლიბერალიზმისა და ეკონომიკური აღმავლობის გზისა, ერა დიალოგისა და რაღაცისთვის უარის თქმისა.

პატივისცემით გერმანე

ავტორი: გიორგი ხარაშვილი საიდან გვწერთ: ვირჯინიიდან
22.03.2010 20:11
თქვენი სტატიების წარმატება უნდა გაიზომოს კომენტარებში პერსონალური თავდასხმების რაოდენობით. რაც უფრო ზუსტი, დროული და კარგი სტატიაა ხოლმე, მით უფრო გამეტებით გლანძღავენ, ლოგიკას და წერის სტილს გიწუნებენ და ა.შ. იმედია ამ შეტევებს კომპლიმენტებად იღებთ :-)
პატივისცემით,
თქვენი ერთგული მკითხველი/მსმენელი

ავტორი: mate
22.03.2010 18:38
მენეჯმენტის ანბანია(პირველი სემესტრის ყველა სახელმძღვანელოში ნახავთ) თუ გუნდს აქვს საერთო მიზანი და იდეა(ანუ თანხმობა მიზნის მიღწევის გზა, სტრატეგია),ამ გუნდის წევრების ცვლილება ირელევანტურია, გუნდის გახლეჩვა მაშინ არის შესაძლებელი( როგორც წესი კონკურენტები ხდებიან), როცა ან მიზანი იცვლება ან იდეა ანუ მიღწევის სტრატეგია. მენეჯმენტის კანონები, ისევე როგორც ეკონომიკის ან ფიზიკის მოქმედებენ ყველგან დედამიწაზე და არავითარი სწრაფად ჩაჭრილი "უხილავი ძაფები " და ხელისუფლების შენარჩუნებისკენ განსაკუთრებული სწრაფვა ან მითუმეტეს მისი სურვუილი ბუნებრივი (იგივე სოციალური) კანონების მაგივრობას ვერ გაწევს

ავტორი: zz საიდან გვწერთ: Tbilisi
22.03.2010 18:34
ძალიან კარგი სტატიაა! კარგი იქნებოდა დამატებითი ანალიზიც:
რატომ წავიდნენ ეს ადამიანები?
რატომ დარჩნენ ეს ადამიანები ეულად?
იქნებ სააკაშვილმა კი არ მოახერხა, არამედ თვითონ დარჩნენ ეულად?
იქნებ ურღვევობის დამადასტურებელია ეულები წასვლით გამოწვეული ჭრილობების მოშუშება?
და ბოლოს, სააკაშვილია ყველაფერი? მაშინ მართლა მაგარი ყოფილა!

ავტორი: HelenJosef საიდან გვწერთ: საჯარო სამსახურიდან :)
22.03.2010 18:28
არც მე ვაპირებდი კომენტარის დატოვებას. რომ გადავიკითხე, ვიფიქრე: ეჰ, ეს ხომ ისედაც ცხადია! ყოველი დღე განა ამის დასტური და "პრეზენტაცია" არ არის-მეთქი ჩვენს ხელისუფლებაში?
მაგრამ, როგორც ჩანს, მავანთ მაინც ეპარებათ ეჭვი ანდა თვალები მძლავრად აქვთ დახუჭული, როგორმე სინათლის ერთი სხივი არ შეეპაროთ!
დაუსაბუთებელი კრიტიკაა ეგ ყოველი... ზოგადი და არაფრისმთქმელი.
სტატიის ავტორს კი, პროფესიონალ ჟურნალისტს, დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ რომ შეგვახსენა, როგორი ხელისუფლება გვყავს...
ეჰ...

ავტორი: Akaki საიდან გვწერთ: Telavi
22.03.2010 18:04
ავტორი მიზანი ნათელია, ყველანაირა ხერხით ბრძოლა არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ. უბრალოდ ძალიან სამწუხაროა რომ მისი გამოხდომები რადიო "თავისუფლებასაც" ბრძოლის მხარედ აქცევს.

ავტორი: მერაბ მერკვილაძე საიდან გვწერთ: ბათუმი
22.03.2010 17:21
არ ვაპირებდი კომენტარის გამოგზავნას, მაგრამ ბოლო გამოხმაურებებმა გადამაწყვეტინა. ჯერ ერთი, ვერ ვხვდები რატომ გამოიწვია გაღიზიანება ბლოგმა მაშინ, როცა ავტორი მიხეილ სააკაშვილის პერსონას საკმაოდ თავშეკავებულად აფასებს. თავად განსაჯეთ:

"შინაგანი დისციპლინა, გუნდის წევრების მუდმივი გადანაცვლება თანამდებობებზე, სწორება პრეზიდენტზე და გუნდიდან წასულ წევრებთან დამაკავშირებელი ძაფების სწრაფი ჩაჭრა, – მხოლოდ ნაწილია იმ ხერხებისა, რითიც მიხეილ სააკაშვილი წარმატებული გუნდის ლიდერის იმიჯს ინარჩუნებს." - ძირითადად, ვეთანხმები. ამ თვისებებს. მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის უდრეკ ნებისყოფას დავამატებდი, რადგან...

ძალიან ძლიერი ნებისყოფის უნდა იყოს ადამიანი, რომ მიუხედავად იმ საყოველთაო უკმაყოფილებისა, რასაც საქართველოში ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით, მიუხედავად სიყალბისა, დაუსჯელობის სინდრომისა, გაუხსნელი მკვლელობებისა, მედიის და ბიზნესის დატერორებისა, წაგებული ომისა, დაკარგული ტერიტორიებისა, დარბეულ-შეურაცხყოფილი ოპონენტებისა, გროშებად გაყიდული სტრატეგიული ობიექტებისა, განაწყენებული უცხოელი მეგობრებისა და ლამის შიზოფრენიად მონათლული წვეტიანი იდეებისა, მის (ბატონი მიხეილის) უშრეტ ენერგიას და მის გუნდში მყოფ ადამიანთა პრეზიდენტისადმი ერთგულებას მისხალი არ მოაკლდეს. ამას უდავოდ ნიჭი და ნებისყოფა სჭირდება. რას იზამ, ვერ წაართმევ.

მაგრამ რა კარგი იქნებოდა, ეს ნიჭი მიხეილ სააკაშვილს გუნდის წევრების დამორჩილებაზე უფრო, საკუთარი თავის მოთოკვისთვის რომ გამოეყენებინა და ტანკების შესაძენად დახარჯული მილიონები ქართული ეკონომიკის გაძლიერებისთვის მოეხმარებინა, არჩევნები არ გაეყალბებინა, ბიზნესს და მედიას არ შეხებოდა, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა შორის ინტრიგების ხლართვით თავი არ შეეწუხებინა, უდანაშაულო ბიჭების მკვლელები სათანადოდ დაესაჯა და ოპონენტებისთვის მოესმინა. მაშინ ხომ ბევრად უკეთესი ქვეყანა გვექნებოდა, ბევრ უბედურებასაც გადავრჩებოდით , აღარც აქციები იქნებოდა და არც ასეთი პოლიციური რეჟიმი დასჭირდებოდა, რის გამოც, მის სახელმწიფოს უკვე ჰიტლერულ გერმანიას ადარებენ. თუმცა, ძალიან შევიჭერი ოცნებებში... კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. თანაგუნდელთა მონური მორჩილების გამო, ღმერთიც და ლიდერიც ამ ქვეყანაში პრეზიდენტია. ლიდერი კი (ღმერთიც) ყოველთვის მართალია.
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
22.03.2010 17:49
მერაბ, სრულიად გეთანხმებით პრეზიდენტის ნებისყოფასთან დაკავშირებით. არა მხოლოდ ნებისყოფა, ამ ადამიანს აქვს დიდი ენერგია და, კიდევ ვამბობ, იგი მეტისმეტად მგრძნობიარეა ძალაუფლების მიმართ. ამიტომ მგონია, რომ ბოლომდე აკონტროლებს სიტუაციას მის გარემოცვაში.

ავტორი: Gega Ghambashidze საიდან გვწერთ: Tbilisi
22.03.2010 16:34
ჟურნალისტი გარდა იმისა, რომ უნიჭოა, არის წარუმატებელი დემაგოგი.იგი ასევე მოიკოჭლებს მოვლენათა შეფასებისა და ანალიზის საკითხში.

ავტორი: მცოდნე საიდან გვწერთ: ცოდნის წყარო
22.03.2010 15:51
გვერდის გახსნაც აღარაა საჭირო, სათაურზეც ეტყობა, რომ ია ანთაძის სტატიაა. ძალიან მკვეთრი ხელწერა აქვს ქ-ნ იას.

ავტორი: kikilo საიდან გვწერთ: imeretia
22.03.2010 15:18
როგორც ყოველთვის უამრავი უზუსტობაა დაშვებული და გაუგებარია ამ თიტქოს ანალიზის მიზანი. ქალბატონო ია ჟურნალისტს არ შეფერის ფაქტების დამახინჯება. ნოღაიდელი კი არ გაემიჯნა პრეზიდენტს, არამედ გაანთავისუფლეს. ასევე კაბინეტში არის რამდენიმე წარმატებული მინისტრი რომელიც თქვენი ლოგიკის მიხედვით საჭიროზე დიდხანს არიან ერთი და იგივე პოსტზე და სისუსტეს ნამდვილად არ უჩივიან. სესაბამიასდ კიდევ უფრო ბუნდოვანია ამ სტატიის დედააზრი.
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
22.03.2010 15:41
უკაცრავად და, ხომ არ დაგვიზუსტებდით, რომელი მინისტრი შერჩა საკუთარ პოსტს დიდი ხნის განმავლობაში? ვანო მერაბიშვილი მახსოვს...

ავტორი: მარინე საიდან გვწერთ: თბილისი
22.03.2010 14:35
ჩემი აზრით, როდესაც დანაშაული აკავშირებს ადამიანებს ერთმანეთთან (განსაკუთრებით ქვეყნის წინაშე დანაშაული), ეს ხდის მათ ''ერთიან, განუყოფელ გუნდად'', გუნდიდან წასულები კი პრობლემა არაა, რადგან მარტივად ხდება მათი ჩანაცვლება ისეთივე ან პოტენციური დამნაშავეებით, რომლებიც მიბმულნი არიან სწორედ ამ დანაშაულით ძირითად და დაუშლელ გუნდს. ალბათ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამ ყველაფრის შემაკავშირებელი პირველ ყოვლისა ერთად ნაშოვნი დიდი ფულია, რომლის დათმობა/დაკარგვა ''სისხლთა დათხევასა ემსგავსების''!

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: თბილისი
22.03.2010 14:02
ია ანთაძე ლოგიკის ახალ მწვერვალებს იპყრობს!!!!!!

ყველაზე პოპულარული