Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიში და მისი დიდი თვალები


ტელეკომპანია იმედის მოდელირებული ”ქრონიკა”
ტელეკომპანია იმედის მოდელირებული ”ქრონიკა”
„მოდელირებული ქრონიკის” გასვლის შემდეგ ბევრს ლაპარაკობდნენ იმ ფსიქოლოგიურ სტრესზე, რაც ქართულმა საზოგადოებამ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ განიცადა. სანამ ხალხი იმიტირებულ მომავალს უცქერდა და მიხვდებოდა რა ხდებოდა სინამდვილეში, პანიკა ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში დაიწყო.

ტელეკომპანია „იმედის“ არხზე 13 მარტს გასული „მოდელირებული ქრონიკის“ გასვლის შემდეგ თბილისში არაერთხელ გაიხსენეს 1938 წელს CBS-ის კოლუმბიის სამაუწყებლო ქსელის მიერ ამ 72 წლის წინ დადებული პირობა, რომ აღარასოდეს დაასრულებდა პროგრამას ფრაზით „ჩვენ ვწყვეტთ გადაცემას“ და მაყურებელს აღარ ამცნობდა, როგორც ნამდვილს, მარსიანელების შემოსევისა და მეტეორიტების ჩამოვარდნის მსგავს გამოგონილ ამბავს. ორსონ უელსის გახმაურებულ რადიოდრამაში, ცხადია, რუსები არ ფიგურირებდნენ, მათი ფანტაზია უფრო შორს წავიდა - ისინი დამაჯერებლად ლაპარაკობდნენ ”სამყაროთა ომის” დაწყებაზე და გადასცემდნენ, როგორ დაეცა ვიღაცის ფერმას მეტეორიტი სადღაც ნიუ ჯერსიში... ისევე დამაჯერებლად, როგორც ეს „იმედმა“ გააკეთა. მაშინ ამერიკაში ამ ამბავს დაზაფრული ხალხის დიდი პროტესტი მოჰყვა.

საქართველოში ჯერ არავის გამოუკვლევია, თუ რა ფსიქოლოგიური სტრესი გამოიწვია ”ქრონიკის” ნახევარსაათიანმა გამოშვებამ, რამდენ ადამიანს დასჭირდა იმ წუთებში სასწრაფო დახმარება, რამდენად ძლიერი იყო პანიკა... თუმცა ეს საუკეთესოდ გამოჩნდა ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში. ფრანგული გამოცემა „ლიბერასიონის“ ჟურნალისტმა ნიკოლას ლანდრემ ამ დღეებში თქვა, საფრანგეთში რომ მსგავსი რამ მომხდარიყო, ფრანგი ხალხი ტელევიზიას გადაწვავდაო. ჩვენთან მსგავსი რამ არ მომხდარა, მაგრამ არა იმიტომ, რომ შოკი ნაკლები იყო. ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ განცდილმა შიშმა, შესაძლოა, თვეების შემდეგ იჩინოს თავი.

”უდავოდ სტრესული სიტუაცია იყო. სრულიად ჯანმრთელ ადამიანშიც კი სტრესზე მწვავე რეაქციას გამოიწვევდა, მით უმეტეს, იმ ფსიქოლოგიური სტრესის გათვალისწინებით, რაც ამ სტრესამდე ჰქონდა ადამიანს. შეუძლებელია იმის პროგნოზირება, რას მოიმოქმედებს ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანი. თუმცა ეს, შესაძლოა, იყოს თვითდაზიანება, სხვის მიმართ აგრესია, თვითმკვლელობაც კი ”, - ამბობს ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე. მისი შეფასებით, სტრესი გაორმაგებული იქნებოდა 2008 წლის აგვისტოს ომგამოვლილი ადამიანებისათვის.

”პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ზოგჯერ მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება და ასეთი ადამიანისათვის ძალიან ძნელია პირველადი ტრავმის დავიწყება. როდესაც მათთან ფსიქოთერაპევტები მუშაობენ, განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან მათ, რადგან, შესაძლოა, რომელიმე კონკრეტულმა წიგნმა, ფილმმა ან სხვისმა მონათხრობმა მათ გაახსენოს მომხდარი და უარყოფითად იმოქმედოს მათზე...”

ომი, ახლობლის სიკვდილი - ეს ის საკითხებია, რომელზეც მხოლოდ ბრიყვი ხუმრობს, მიაჩნია ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძეს. ასეთი ხუმრობა მხოლოდ აგრესიას ბადებს: ”გაუმართლებელი შიში სერიოზულ აგრესიას იწვევს. რომ გითხრან, რომ თქვენი ახლობელი დაიღუპა და შემდეგ გითხრან, რომ მოგატყუეს, რას იგრძნობთ? ეს აგრესია, შესაძლოა, არ გამოიხატოს აქციებსა და მასობრივ გამოსვლებში, მაგრამ ძალიან მკვეთრად ცვლის დამოკიდებულებას, სულ ცოტა, ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ. მაგრამ თუ ამ ყველაფერს ინტერპრეტაცია მიეცა, როგორც ხელისუფლების მიერ შეკვეთილი, მხარდამჭერები მოაკლდება ხელისუფლებას ნამდვილად.”

ყველაზე ცუდი, რაც მსგავს გადაცემებს, შესაძლოა, მოჰყვეს, ფიქრობს მარინა ჩიტაშვილი, მასობრივი პანიკაა, რისი მართვაც ყველაზე რთულია და ხშირად - შეუძლებელი, განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვინც დათქმულ დროზე ადრე, საინფორმაციოს ნაცვლად, ქრონიკის საგანგებო გამოშვება იხილა, თან ისე, რომ მისი შესავალი ნაწილი, სადაც მხოლოდ ერთხელ ახსენეს სიტყვა „მოდელირებული“, არ უნახავს. და შანსიც იმისა, რომ მაშინვე მიმხვდარიყვენ რეალურად რა ხდებოდა, არც ისე დიდი იყო, მით უმეტეს, რომ ზოგიერთმა მაყურებელმა სწორედ იმ დროს გადართო, როდესაც ღამის თბილისის დაბომბვის კადრებს აჩვენებდნენ.

ომგამოვლილი ქვეყნის მოსახლეობისათვის ეს შოკი, შესაძლოა, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. მარინა ჩიტაშვილი მაგალითად ვიეტნამის სინდრომს ასახელებს: ” დრო იმის გასარჩევად, ეს ნამდვილი სიუჟეტი იყო თუ არა, არ ყოფილა, და ისედაც, ამას რომ მიმხვდარიყო ადამიანი, ან გამოცდილი მაყურებელი უნდა ყოფილიყო, ან დამწყები მედიაექსპერტი. 20 წუთის განმავლობაში მიწოდებული ისეთი განუწყვეტელი ტყუილი ისეთ ეგზისტენციალურ პრობლემაზე, როგორიცაა ომი და მშვიდობა, სიკვდილი და სიცოცხლე, სრულიად ბუნებრივად ააქტიურებს ადამიანში დაუცველობის განცდას და ვარდება პანიკაში, რომ მის ახლობლებს, მის სამშობლოს ემუქრება საფრთხე.”

მარინა ჩიტაშვილი ამბობს, რომ შიში, რომელიც რუსის ჯარის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას უკავშირდება, როგორც მოცემულობა, აგვისტოს ომის შემდეგ უკვე არსებობს. ღირდა თუ არა ასეთ ფონზე ამ შიშის კიდევ უფრო გაძლიერება ხელოვნურად? ფსიქოლოგები ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში. მაგრამ, მათივე აზრით, მთავარი პასუხი ამ კითხვას შესაბამისმა მედიამ უნდა გასცეს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG