Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ფუნქციადაკარგული საკრებულო და რწმუნებულის დიქტატი


რუსთავი
რუსთავი
რუსთავის მესამე მოწვევის საკრებულოში, რომელიც 15 დეპუტატისგან შედგება, 13 მანდატი ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის, ორი ლეიბორისტებს, ერთიც ქრისტიან-დემოკრატებს.

რუსთავის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს რომ ჰკითხოთ, მაისში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობა რუსთაველი ამომრჩევლის წინაშე პირნათელი წარდგება, რადგან ქალაქის თვითმმართველობამ, რომელიც 2006 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ დააკომპლექტა, მოსახლეობისთვის მიცემული წინასაარჩევნო დაპირებების დიდი ნაწილი შეასრულა.

“ჩვენ საგრძნობლად გავზარდეთ ქალაქის ბიუჯეტი, აღვადგინეთ ინფრასტრუქტურა, დავაგეთ გზები...”, - აცხადებს ზაქარია ტაბატაძე, რუსთავის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან.

ტაბატაძესთან გასაუბრებამდე რადიო თავისუფლება რიგით რუსთაველებს გაესაუბრა ქუჩაში. ისინი თვითმმართველობის საქმიანობას სხვაგვარად აფასებენ. გამოკითხულების აზრით, თუ რამ კეთდება ქალაქში, ეს, პირველ რიგში, ცენტრალური ხელისუფლების დამსახურებაა. ამავე დროს, რესპონდენტებმა საკრებულოს დეპუტატებისა და ადგილობრივი მთავრობის წევრების ვინაობა ვერ დაასახელეს. მხოლოდ იციან, რომ რუსთავის მერი მამუკა ჩიქოვანია.

საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატი წევრი ალექსანდრე აბაშიძე ამბობს, რომ ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია დაკარგული აქვს, ამიტომაც ადგილობრივ დეპუტატთა ცნობადობა თითქმის ნულის ტოლია.

მისი განმარტებით, საკრებულო ქალაქის აღმასრულებელი სტრუქტურის მითითებების უსიტყვო შემსრულებელია.
მაგრამ აბაშიძე აქვე დასძენს, რომ თავად რუსთავის მთავრობაც დიქტატის ქვეშ იმყოფება, პირველ რიგში, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხრიდან.

„ეს ყოველდღიურად და ყველა სფეროში იგრძნობა“, ამბობს აბაშიძე. მისივე თქმით, ასეთ პირობებში თვითმმართველობის, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურის, ობიექტურად შეფასება ფუჭი მცდელობა იქნება.
  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG