Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ეფექტური თვითმმართველობა კახეთში არ არსებობს


სიღნაღი, კახეთი
სიღნაღი, კახეთი
ადგილობრივი დემოკრატიის არსებობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ეფექტურ თვითმმართველობაზე. თვითმმართველობის ორგანოები ყველაზე ახლოს უნდა იდგნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათ ღია, გამჭვირვალე მუშაობას და მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას, ინფორმირებას ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის პროცესების შესახებ.

კახეთის რეგიონში თვითმმართველობის ასეთი მოდელი, რბილად რომ ვთქვათ, არ არსებობს. საზოგადოებისათვის არ არის ცნობილი, მაგალითად, რაში ხარჯავს ადგილობრივი ხელისუფლება მათ მიერ გადასახადების სახით გადახდილ თანხებს. ინფორმაცია მიუწვდომელია უბრალო ადამიანებისთვის და ხშირად მედიისთვისაც.

ადგილობრივი ხელისუფლება ნაკლებად, ზოგიერთ რაიონში კი თითქმის სრულებით არ იცნობს ხალხის პრობლემებს. პრიორიტეტებიც ადგილობრივ ბიუჯეტში მუდმივად ხელისუფლების სურვილისამებრაა დაგეგმილი. ამის შესახებ ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და თავად მოსახლეობაც კონკრეტული ფაქტებით საუბრობს.

მაგალითად, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის თელავის ბიუროში აცხადებენ, რომ წლების მანძილზე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემა ფერხდებოდა.

საჯარო ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, მძიმე მდგომარეობა იყო სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც.
საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის იურისტი გიორგი ბოკერია აღნიშნავს, რომ ბარიერები სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხელოვნურად იქმნებოდა.

ხელისუფლება საზოგადოებას ლაგოდეხშიც დაშორებული აღმოჩნდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობას ხალხის პრობლემები არ აინტერესებს. მაგალითად, მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული კვლავაც კულტურის სამსახურია, მაშინ როცა რაიონში ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა მოსაგვარებელი. კულტურის სამსახური წლების მანძილზე საკმაოდ სოლიდური თანხებით ფინანსდებოდა. ასეა წელსაც.

არასამთავრობო ორგანიზაციები და მოსახლეობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ თვითმმართველობის მოხელეთა, ისევე როგორც მთლიანად ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურობა ძალზე დაბალია. დაბალი ეფექტურობის მიზეზებიდან რესპონდენტები, ძირითადად, ასახელებენ ფინანსების სიმწირეს, გაუმართავ საკანონმდებლო ბაზას, მოხელეთა არაკომპეტენტურობას და უამრავ სხვა პრობლემას. მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის იურისტი გიორგი ბოკერია აცხადებს, რომ თვითმმართველობის მუშაობაში განმსაზღვრელი მაინც გამჭვირვალობაა.
მეტწილად, თავად მოსახლეობაც ინერტულია თვითმმართველობის პროცესებში მონაწილეობის თალსაზრისით. ადგილობრივი თემების ჩართულობა თითქმის არ არსებობს, რადგან უმეტესმა მათგანმა დღემდე არც იცის თვითმმართველობის არსი.

იმ ფონზე კი, როდესაც საქართველოში აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და მათი მხრიდან მონდომება მონაწილეობა მიიღონ მართვის პროცესებში საკმაოდ სუსტია, ჩნდება უფსკრული ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, რაც შემდგომში ორივე მხარისათვის ცუდ და, შეიძლება ითქვას, გამოუსწორებელ შედეგებამდე მიდის. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან უნდა გადაიდგას გადამწყვეტი ნაბიჯები (მიღებული იქნეს საკანონმდებლო ინიციატივები), რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ეფექტურ კომუნიკაციასა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
XS
SM
MD
LG