Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამი ქალებს არ ატყვევებს


მაჰმადიან ქალზე ფიქრისას თავშებურული, უარეს შემთხვევაში, სახედაფარული ადამიანი წარმოგიდგებათ. მუსლიმანურ ქვეყნებში ჩადრის თუ თავსაფრის ტარების წესს ზოგან ძალიან მკაცრად მისდევენ, ზოგან კი - ნაკლებად. სხვაგვარადაა დასავლეთში, სადაც თავსაბურავს და ტანსაცმელს სიცივისგან დამცავი და სიშიშვლის დამფარავი ფუნქცია აქვს, მაგრამ იქაც ბევრი გამოჩნდა, ვისაც თავსაფრის ტარება უფლებად მიაჩნია და ამისთვის იბრძვის.

ისლამის მიმდევრები სამოსლის ტარებას, ქალის და კაცის შემთხვევაშიც, რელიგიას უკავშირებენ. ინდოეთის მანიპალის უნივერსიტეტის გეოპოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნადავ დას ნალაპატი, სხვათა შორის, ისლამზეც წერს. ის არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ყურანი ითხოვდეს თავსაბურავს თუ ჩადრს:

„ბევრი, ვისაც არ წაუკითხავს - ან წაუკითხავს და არასწორად გაუგია - ყურანი, ფიქრობს, რომ წინასწარმეტყველ მუჰამედის მიერ 610-632 წლებში მიღებული ღვთის სიტყვა, დასჯის სახით, შეიცავს ქალების მიერ ჩადრის ტარების, ისევე როგორც სახის მთლიანად დაფარვის, ვალდებულებას. მაგრამ ეს ასე სრულიადაც არ არის. ყურანის ფილოსოფია ჰარმონიაშია ყოვლისშემძლის მიერ საკუთარი თავის როგორც მოწყალის, მიმტევებლის, ლმობიერის წარმოდგენასთან.“

ნალაპატი ამბობს, მე-7 საუკუნეში, როცა ისლამი წარმოიშვა, არაბეთის ნახევარკუნძულზე ქალი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ის კაცების სრულიად უუფლებო სათამაშო იყო და მხოლოდ წინაწარმეტყველ მუჰამედის მიერ ღვთიური გამოცხადების მიღების შემდეგ საგრძნობლად გამოსწორდა ქალების მდგომარეობა - მათ მაშინ პირველად მოიპოვეს უფლებებიო. მწერალი, აღმოსავლეთმცოდნე, ყურანის ქართულად მთარგმნელი, პროფესორი გიორგი ლობჟანიძე ამ მოსაზრებას გვიდასტურებს:

„უნდა გაითვალისწინოთ არაბეთის ნახევარკუნძულის მდებარეობა და იქ მცხოვრებთა მენტალიტეტი. იმ სიტუაციაში, როცა არაბს იმდენად არ უხაროდა ქალის, გოგონას დაბადება, რომ ცოცხლად მარხავდა ახალშობილს, ისლამი გარკვეულად პროგრესული რელიგია იყო, იმიტომ რომ ქალს მიანიჭა უფლებები, უკვე რელიგიურად აღიარებული და დაკანონებული. ამდენად, ქალი ჩაითვალა სრულფასოვან არსებად.“

მანიპალის უნივერსიტეტის პროფესორი, როცა ისლამს იცავს და აცხადებს, ყურანი არ ავალდებულებს ქალს თავ-პირი დაიფაროსო, უშუალოდ იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტეს მაჰმადიანებმა ასე შემოსონ ქალი, ყურანზე, როგორც ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, აღარ ლაპარაკობს. ის ამბობს, ყურანი ქალებზე როცა რამეს ამბობს, მათ მიმართ მოწყალებისა და ზომიერებისკენ მოგვიწოდებსო. ასე რომ, მისივე თქმით, ქალების მიმართ სიმკაცრე სრულიად დაშორებულია წინასწარმეტყველის მიერ მიღებული ღვთის სიტყვისაგან.

ჩვენ ვთხოვეთ გიორგი ლობჟანიძეს შეეხსენებინა ის ადგილი, რომელიც უშუალოდ ეხება მაჰმადიანთა წმინდა წერილში ქალის სამოსელს:

„ყურანში თვითონ ჩაცმულობის ტიპზე ლაპარაკი არ არის, რა ტიპის ტანსაცმელი უნდა ეცვას ქალს. უბრალოდ, არის გარკვეული მინიშნებები, რომ ქალებმა აუცილებელია „ფეხები სწორად წაიღონ“ (ბუნდოვანი ფრაზაა) და გამოიკრან თავსაფრის ბოლოები მკერდთან, ანუ მკერდის ნაწილები დაიფარონ და თავი ჰქონდეთ დაფარული.“

გიორგი ლობჟანიძემ განმარტა, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული მძიმე ჩადრი, როდესაც ქალს სახეც კი დაფარული აქვს, და არის შედარებით მსუბუქი ფორმა, როდესაც თმა იფარება და, ამასთან, ქალი ტრადიციულ სამოსელშია გამოწყობილი. თანამოსაუბრემ გვითხრა, რომ ქალის ჩაცმულობა ისლამში უკავშირდება მუჰამედის მეორე ცოლის, აიშას, თავგადასავალს:

“ახალგაზრდა აიშა მუჰამედმა ერთ-ერთი ლაშქრობის დროს თან იახლა. როცა ლაშქრობიდან ბრუნდებოდნენ, გადახსნეს ჩარდახი, სადაც აიშა უნდა ყოფილიყო და აღმოაჩინეს, რომ ის იქ აღარ იყო. ცოტა ხანში მუჰამედის ბანაკს დაეწია მუჰამედის ერთ-ერთი ახალგაზრდა მხლებელი და მიმდევარი სასლანი, რომელსაც თავის ცხენზე შემოესვა აიშა და მოჰყავდა. როგორც ქალი ჰყვებოდა, ცოტა ხნით კარვიდან გამოსულიყო რაღაც საქმეზე, მძივები გაჰფანტოდა, ერთი ვერსიით, და ამასობაში ბანაკი აყრილიყო და წამოსულიყვნენ - ისე შეედგათ ეს ჩარდახი აქლემსა თუ ცხენზე, რომ ვერავის ვერაფერი გაეგო. როცა ქალს დაენახა, რომ ბანაკი აყრილიყო და წასულიყო, ატირებულიყო, დამჯდარიყო და ლოდინი დაეწყო,იქნებ ვინმემ გამოიაროსო.. ამასობაში სასლანს ჩამოევლო შემთხვევით, ენახა აიშა და ერთად წამოსულიყვნენ. ასე უამბეს მუჰამედს, რომელმაც, ჩანს, ნაამბობი არ დაიჯერა და მოციქულის ოჯახში განხეთქილება მოხდა. აიშა იძულებული გახდა, მშობლების სახლში დაბრუნებულიყო.“

თუმცა ამით მუჰამედი არ დაკმაყოფილებულა, რადგან მითქმა- მოთქმა არ შეწყდა, მით უმეტს, რომ აიშას მოწინააღმდგეები ბევრი ჰვავდა, განაგრძობს გიორგი ლობჟანიძე, და მოსთხოვა აიშას საჯაროდ დაედასტურებინა,რომ მართალი იყო. ამასობაში, მუჰამედს ზეშთაეგონა, რომ აიშა სიმართლეს ამბობდა და მიმართა ყოფილ ცოლს: გიხაროდენ, აიშა, ღმერთმა დაადასტურა შენი უმწიკვლობაო.

მაგრამ ყოველივე ამას უკვალოდ არ ჩაუვლია. მაჰმადიანურ ქვეყნებში ქალების შებურვა სავალდებულოდ იქცა.
ისლამის მკვლევარი ნალაპატი ამბობს, რომ ყურანი მორწმუნეებს ასწავლის სიყვარულს, რომ ღმერთს არ უყვარს საყოველთაოდ აღიარებულ მანკიერებათა მატარებელი ადამიანები. და რატომ მიაჩნია ზოგიერთ მკვლევარს დასავლეთში ნამდვილ ისლამად ისლამის ზოგიერთი მიმდევრის შეცდომა, გაუგებარიაო, ამბობს ნალაპატი და უპასუხო შეკითხვებს გვისვამს:

„სად არის ის მახასიათებლები ცხოვრებისა, მოძღვრებები და ქმედებები იმ ადამიანებისა, რომლებიც სიტყვით და საქმით ცდილობენ ისლამი წარმოაჩინონ როგორც რწმენა, რომელმაც არ იცის თანაგრძნობა? ვის სურს უდანაშაულოთა მკვლელობის გამართლება? ძალიან დიდი ხანია ზომიერი უმრავლესობა ინდიფერენტულია ჰარიჯიტების მცდელობის მიმართ, მიითვისონ დიდი რწმენა. დროა, ეს უმრავლესობა მიუბრუნდეს ზომიერებას და შემწყნარებლობას, ისლამური მოძღვრების ძირითად საფუძველს.“

ვიცით, რომ მაჰმადიან ქალებს ეს ვალდებულება აქვთ და იმის შესაბამისად, რომელ ქვეყანაში რა კონიუნქტურაა, მმართველი ძალები უწესებენ ქალს ჩაცმულობის ტიპს, გვითხრა გიორგი ლობჟანიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ თალიბებს, რომლებიც ქალს არა მხოლოდ ჩაცმულობაში, სხვა მხრივაც - განათლების მიღებაში და ასე შემდეგ - განსაკუთრებით ზღუდავენ, ბევრი აკრიტიკებდა თვით მაჰმადინურ სამყაროში. მაგრამ, ამბობს ყურანის ქართულ ენაზე მთარგმნელი, კანონი ისეთია, რომ მრავალგვარი განმარტების, ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

ირანში, მაგალითად, ქვეყანაში, რომელიც ისლამური რესპუბლიკაა, კანონი მოქმედებს და ქალი საზოგადოებაში ისე ვერ გამოჩნდება, როგორც მას სურს. თუმცა საზოგადოება გარკვეულ ზომიერებას მაინც იჩენს. ამგვარი ზომიერების გამოვლენაა, ნაწილობრივ მაინც, ის, რაც გიორგი ლობჟანიძემ ამ ქვეყანაში იხილა. მისი თქმით, ირანში, გარდა იმისა, რომ იქ -სხვათა შორის, ისევე როგორც საქართველოში - არსებობს ქალის ჩაცმულობის გარკვეული ნორმა, ზოგადად, არც ისე მძიმე ვითარებაა. გარეთ ჩაცმის თვალსაზრისით ქალის შეზღუდვას შინ მის მიმართ პატივისცემა აწონასწორებს. გიორგი ლობჟანიძის თანახმად, გარედან ყველაფერი უფრო მძიმე ჩანს, ვიდრე შიგნით. მას ერთი ლოზუნგი ახსენდება:

„ირანში არსებობს ერთი ლოზუნგი, რომელიც ხშირად წამიკითხავს: „ჰიჯაბი არის ჩემი ციხესიმაგრე და არა ციხე“, ამბობს ქალი. ქალის გამოსახულებაზეა ეს წარწერა. ჰიჯაბი ჩაცმულობას ჰქვია. შეიძლება ეს ლოზუნგი, სადღაც მართალი იყოს, თუმცა, ცხადია, ყველა ადამიანს ისე უნდა ეცვას, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ“, ამბობს გიორგი ლობჟანიძე.

ირანში, სადაც დღეს დიდი საპროტესტო მოძრაობაა, თავსაფარი იქცა ამასწინანდელი აქციის ობიექტად. როცა სტუდენტთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს, მთავრობამ მისი სურათი გაავრცელა, სადაც ის თავსაფრით იყო გამოსახული: ასე ცდილობდა გაქცევასო. „ფეისბუქში“ ამას უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა: ასობით ირანელმა კაცმა, ასევე თავსაფრით გადაღებულმა, გაგზავნა თავისი სურათი იმის ნიშნად, რომ არ არის სირცხვილი იყო ქალი.

ამ ეტაპზე საქმეს ართულებს ის ფაქტი , რომ თავსაფრის, ჰიჯაბის თუ ჩადრის გარშემო დასავლეთშიც ერთი ამბავია ატეხილი. იქ მაჰმადიანი ქალები (ზოგჯერ უფრო აქტიურები ისლამზე გადასული ევროპელი ქალები არიან) იბრძვიან თავიანთი უფლებისთვის, ატარონ თავსაფარი, სადაც და როგორც სურთ. ესეც უფლებაა. მაგრამ ამ უფლების გვერდით არსებობს თანასწორობა, რომელიც იმავე დასავლეთში საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG