Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო - ქვეყანა, სადაც ადამიანებს საკუთარი წარმომავლობისა რცხვენიათ


ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა სიმართლის დრო. წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი და სტუმარი ჯიჯი რეჯინი
ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა სიმართლის დრო. წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი და სტუმარი ჯიჯი რეჯინი
საქართველოს გზა ეთნიკური ნაციონალიზმიდან სამოქალაქო საზოგადოებისკენ ძნელად დასაძლევი აღმოჩნდა: თუკი წლების წინ ქსენოფობიითა და შუღლის ენით საინფორმაციო გამოშვებები იყო გაჯერებული, ამჟამად ეგრეთ წოდებული შემოქმედებითი ჯგუფები აქტიურობენ. საქართველოში იღებენ ფილმებს, დგამენ სპექტაკლებსა და აკეთებენ გასართობ სატელევიზიო გადაცემებს, რომლებშიც ეთნიკური უმცირესობები მეტყველების დეფექტისა და არაპრესტიჟულ პროფესიებთან გაიგივების გამო კომიკურ ასპექტში არიან წარმოდგენილნი. რა კვებავს ქსენოფობიურ რიტორიკას საქართველოში და როგორ ვლინდება შუღლის ენა ყოფასა და საჯარო სივრცეში?

საქართველოს ერთ-ერთ ცენტრალურ სატელევიზიო არხზე პოპულარული გადაცემის წამყვანმა საოცრად არაკორექტული შეკითხვით მიმართა მიწვეულ სტუმარს, თუმცა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა რესპონდენტის პასუხიც.

წამყვანმა იკითხა, „შენი სომხური წარმომავლობის შეგრცხვენია?“ რასაც გადაცემის სტუმარმა უპასუხა: „დიახ!“

მოგვიანებით გადაცემის სტუმარმა დააზუსტა, რომ რცხვენოდა, როცა შედარებით ახალგაზრდა იყო. წამყვანმაც შენიშნა, რომ სომხობაში სამარცხვინო არაფერია. უცნაურია, რომ ამგვარი დიალოგი შედგა დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც ევროსაბჭოს წევრია და რომლის კონსტიტუციის მიხედვით, ადამიანები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ. საქართველოში სომხური სათვისტომოს წარმომადგენელი მარი მიქოიანი ამბობს, რომ ქსენოფობიური რიტორიკითა და სტერეოტიპებით თითქმის ყველა ტელეარხია გაჯერებული, თუმცა ის ასევე დარწმუნებულია, რომ სცოდავს თავად საზოგადოებაც. მარი მიქოიანს ნიმუშად მოაქვს ერთ-ერთი სოციოლოგიური კვლევის კითხვარი:

„იყო რაღაც პროექტი, რომლის ფარგლებში რესპონდენტებს დაუსვეს შეკითხვა: ვინ არ გსურთ იყოს თქვენი მეზობელი? ჩამონათვალში იყო: ნარკომანები, ლოთები, მეძავები და რამდენიმე ეთნიკური ჯგუფი. ეს იმას ჰგავს, რომ თქვა, მე არ ვარ რასისტი, მაგრამ ვერ ვიტან ზანგებს. არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ქსენოფობიური დამოკიდებულება აქვს არაქართველების მიმართ.“

მარი მიქოიანი ხანგრძლივი დაკვირვების საფუძველზე ასკვნის, რომ ქსენოფობიური რიტორიკის წყაროდ ყველაზე ხშირად დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებები - მათ შორის, ტელევიზიები - გვევლინებიან. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის ბექა მინდიაშვილის თქმით კი, თვალშისაცემია ცვლილება, რომელმაც უკანასკნელი წლების განმავლობაში იჩინა თავი:

„თუკი ადრე საინფორმაციო გამოშვებებში ვაწყდებოდით ქსენოფობიის გამოვლინებებს, ახლა ამან გადაინაცვლა გასართობ შოუებში, სადაც ჭარბობს რელიგიური და ეთნიკური ნიშნით ზიზღისა და სიძულვილის ენის გამოვლინებები“, უთხრა რადიო თავისუფლებას ბექა მინდიაშვილმა.

თუმცა გასართობი ჟანრის შოუებთან ერთად სტერეოტიპების დამკვიდრებაში აქტიურობენ როგორც თეატრის, ასევე კინოს რეჟისორები, რომელთა იუმორისტული პასაჟები ხშირ შემთხვევაში აგებულია ეთნიკურ უმცირესობათა - განსაკუთრებით სომეხთა - სპეციფიკურ მეტყველებასა და პროფესიულ კუთვნილებაზე. სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ საზოგადოების ამგვარი განწყობა არმენოფობობაზე მეტად პირველობისათვის ერთგვარი ქიშპობის გამოვლინება უფროა:
„თუკი არსებობს არმენოფობია ჩვენს კულტურაში, ეს მხოლოდ ამ ორი კულტურის შეჯიბრის გამოხატულებაა სიძველესთან დაკავშირებით. კავკასიაში სომხები და ქართველები ეჯიბრებიან, ვინ უფრო ძველი ხალხია (მგონი, სომხეთშიც მსგავსი დამოკიდებულება არსებობს ქართველების მიმართ), და არა მგონია, რომ ამას ყოფაში რამე განსაკუთრებული დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.“

რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების ამა თუ იმ პროფესიებთან გაიგივებას, - რომ ქურთი მეეზოვეა, აზერბაიჯანელი - მწვანილის გამყიდველი, სომეხი კი - მეწაღე, ოქრომჭედელი ან ტელევიზორის ხელოსანი, ემზარ ჯგერენაიას თქმით, ეს მანკიერება საბჭოთა მემკვიდრეობის ნაწილია და ინტეგრაციის პრობლემას უკავშირდება:

„საბჭოთა კავშირის დროს ქართულის სწავლა სხვა ეთნოსებისათვის სავალდებულოდ არ ითვლებოდა. ბუნებრივია, ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენი ქვეყნის სომეხი ეროვნების მოქალაქეები ნაკლებად იყვნენ ინტეგრირებული ქვეყნის ცხოვრებაში და იმის გამო, რომ ისინი ენას არ ფლობდნენ, მათ ბუნებრივად განესაზღვრათ გარკვეული სამუშაო ადგილი, რის გამოც მათი პროფესია ეთნიკურ წარმომავლობას მიება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია შეიცვლება.“ ემზარ ჯგერენაია იმედოვნებს, რომ სიტუაცია ასევე შეიცვლება მედიაში, რომელიც, როგორც წესი, არ ლაპარაკობს სამოქალაქო ენაზე და ხაზს უსვამს ამა თუ იმ რესპონდენტის ეთნიკურ კუთვნილებას, რაც, თავის მხრივ, მავნე სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს.

ვითარებიდან გამოსავლად ემზარ ჯგერენაია გარკვეული შეზღუდვის დაწესებას მიიჩნევს. სხვათა შორის, ამასვე მოითხოვს ევროპის რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მებრძოლი კომისია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს მოახდინოს მედიაში შუღლის ენისა და ქსენოფობიური რიტორიკის გამოვლინების კრიმინალიზაცია, თუმცა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ ვითარების გაუმჯობესება კანონის გაუმკაცრებლადაც შესაძლებელია. ამ მოსაზრებას იზიარებს საქართველოში სომხური სათვისტომოს წარმომადგენელი მარი მიქოიანიც. თუმცა ჯერ ბექა მინდიაშვილს მოვუსმინოთ.

ბექა მინდიაშვილი: „მიმაჩნია, რომ საზოგადოებამ თვითორგანიზების საშუალებით უნდა მოახერხოს ამ მანკიერების დაძლევა. სამოქალაქო სექტორმა მკაცრად უნდა მოჰკითხოს პასუხი მედიასაშუალებებსა და საზოგადო მოღვაწეებს ამგვარ რიტორიკაზე.“
მარი მიქოიანი: „იმედს ვიტოვებ, რომ მომავალ თაობას, რომელიც ჩვენზე მეტად განათლებული და საზოგადოებრივად მოაზროვნე იქნება, აღარ ექნება ასეთი ტიპის პრობლემები.“

მარი მიქოიანის თქმით, იმედისმომცემია ის, რომ ქსენოფობიის წყარო, როგორც წესი, არც ხელისუფლებაა და არც მთლიანად პოლიტიკური კლასი, განსხვავებით მედიისა და სახელოვნებო წრისგან, რომლის ბევრი წარმომადგენელი, ქსენოფობია რომ ისჯებოდეს საქართველოში, ვერც გადაცემას წაიყვანდა, ვერც ფილმს გადაიღებდა და ვერც იმღერებდა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG