Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოღაიდელი და გრიზლოვი საქართველო-რუსეთის კეთილმეზობლობაზე შეთანხმდნენ


ზურაბ ნოღაიდელი (მარცხნივ), მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი და ბორის გრიზლოვი, "ედინაია როსიას" ლიდერი
ზურაბ ნოღაიდელი (მარცხნივ), მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი და ბორის გრიზლოვი, "ედინაია როსიას" ლიდერი
9 თებერვალს მოსკოვში მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის" და რუსეთის მმართველ პარტია "ედინაია როსიას" შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

“ედინაია როსიას” მხრიდან დოკუმენტს ხელს ბორის გრიზლოვმა მოაწერა, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის” სახელით კი - პარტიის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა.

”ედინაია როსიასა” და მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის” შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში ვკითხულობთ, რომ ხელის მომწერი პოლიტიკური ძალები, 9 თებერვლიდან კი უკვე - მხარეები, ისწრაფიან, შეიტანონ წვლილი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კეთილმეზობლობის განმტკიცებაში. ამ მიზნის მისაღწევად
მხარეებს ექნებათ კონსულტაციები და გაცვლიან ინფორმაციებს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოში არსებულ აქტუალურ, ორმხრივ და საერთაშორისო საკითხებზე, მოახდენენ პარტიული დელეგაციების გაცვლას სხვადასხვა დონეებზე, გამართავენ ექსპერტებთან შეხვედრებს, ორმხრივი და მრავალმხრივი სემინარების, კონფერენციების, “მრგვალი მაგიდების” ორგანიზებას, აქტიურად შეუწყობენ ხელს კონტაქტების განვითარებას არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხაზით. ამ შინაარსის შეთანხმებას 9 თებერვალს მოსკოვში, “ედინაია როსიას” სახელით, ბორის გრიზლოვმა და, „სამართლიანის საქართველოსთვის“ სახელით კი, პარტიის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა მოაწერეს ხელი. ნოღაიდელის პარტიამ რუსეთთან დაკავშირებული გეგმები ჯერ კიდე 2008 წლის შემოდგომაზე აცნობა საზოგადოებას, როდესაც პარტიის პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე მამრაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ რუსეთთან დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე მათი პარტია ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდა:

”რუსეთთან დიალოგის დაწყება, ყოველგვარი წინასწარი პირობებისა და, მით უფრო, ულტიმატუმების გარეშე, აუცილებელია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის - იმისათვის, რომ არ დავუშვათ საქართველოს შემდგომი დანაწევრება, სააკაშვილის უგუნური პოლიტიკისა და ქმედების ფონზე. სწორედ რუსეთთან დიალოგის დაწყების შემდეგ იქნება შესაძლებელი ფართოდ გავუღოთ კარი ჩვენს აფხაზებსა და ოსებს. ამას გარდა, ვითვალისწინებთ და ვინარჩუნებთ ძირითად პრიორიტეტებს, როგორიც არის საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრება ევროპულ სტრუქტურებში, ოღონდ გონივრულად, არაკონტრპროდუქტიულად, საპირისპირო შედეგის მოტანით, რასაც აკეთებდა სააკაშვილი.”

იმ შემთხვევაშიც კი, რომ გვცოდნოდა, მსგავსი ურთიერთობა რუსეთთან პარტიის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებდა, ამ პოლიტიკურ ნაბიჯს მაინც გადავდგამდით, თუ ეს ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგებს მოიტანდაო, აცხადებს პეტრე მამრაძე.

საქართველოს ხელისუფლების მიერ ნოღაიდელის ეს ნაბიჯი ერთი სიტყვით შეფასდა. უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, პავლე კუბლაშვილი, ფიქრობს, რომ ”ედინაია როსიასა” და მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის” შორის გაფორმებული დოკუმენტი ქვეყნის ღალატის ტოლფასია:

”როდესაც ადამიანი ჩადის რუსეთში, იმ ქვეყანაში, რომლიდანაც ორი წლის წინ გაიცემოდა ბრძანებები საქართველოს დაბომბვის შესახებ, და მადლობას უხდის პირადად ბატონ პუტინს გამოჩენილი ყურადღებისათვის, ამით ყველაფერია ნათქვამი. ეს ადამიანი წავიდა იმ გზაზე, რა გზაზეც ბევრი დადიოდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ ყველა ასეთი ქმედება ისტორიაში შეფასებული იყო როგორც ღალატი.”

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძისათვის, ნოღაიდელის პარტიის პოზიცია აუხსნელი, უმოტივაციო და მიუღებელია. შესაბამისად, ყველა ტიპის პოლიტიკური ერთობა ამ ძალასთან ჩიხრაძისათვის წარმოუდგენელია. ზოგადად, ნოღაიდელის ცნობილი მიმართულებით გააქტიურებაც პოლიტიკურ სარბიელზე მას არაერთ ეჭვს უჩენს:

”ეს ხომ არ არის ხელისუფლებასთან შეთანხმებული თამაშის ნაწილი, ოპოზიციურ ველზე შემოუშვას ისეთი ფიგურა, რომელთან ერთადაც ოპოზიციის საწინააღმდეგო კამპანია შემდეგ ძალიან გაიოლდება. მე ვფიქრობ, რომ ახლოს დგას ჭეშმარიტებასთან ის აზრი, რომ ხელისუფლებას სურდა ოპოზიციურ ველზე გაეჩინა ისეთი ძალა, რომელიც პრორუსულ ნიშას დაიკავებდა. თორემ მე ვერ დავიჯერებ, რომ პეტრე მამრაძე ან ზურაბ ნოღაიდელი, ორივეს პოლიტიკური მოღვაწეობის გათვალისწინებით, ისე იყვნენ გაგულადებული, რომ რეალურად ჰქონდეთ ეს პოზიცია.”

თავად ზურაბ ნოღაიდელს კი სჯერა, რომ ”ედინაია როსიასა" და მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის" შორის გაფორმებული შეთანხმება მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტია, რომლითაც ხვალინდელი დღის საძირკველი შეიქმნა. ეს განცხადება ნიღაიდელმა შეთანხმების გაფორმების შემდეგ გააკეთა. თავის მხრივ კი, ”ედინაია როსიას” უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბორის გრიზლოვმა სხვა ქართულ პოლიტიკურ პარტიებსაც მოუწოდა თანამშრომლობისა და ურთიერთობის დათბობისკენ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG