Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულხან საბას იგავები - სპეციალურად ბავშვებისათვის


4 თებერვალს თბილისში გია ქარჩხაძის გამომცემლობამ საზოგადოებას სულხანს-საბას ”სიბრძნე სიცრუისას” საბავშვო გამოცემა წარუდგინა. “სულხან- საბას იგავები” - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც 30 იგავ-არაკი შევიდა და დაახლოებით 90-მდე ნახატი პერსონაჟით გაფორმდა.

“გსმენიათ, როგორ აშენებდნენ სოფელს ძაღლი და მამალი, როგორ გახდა სასტიკი შირვან შაჰი გულმოწყალე და როგორ დაიძვრინა თავი მხატვარმა, რომელსაც ცალთვალა მეფე უნდა დაეხატა? გადაშალე ეს წიგნი და წაიკითხე მრავალი სახალისო ამბავი, რომლებიც სამი საუკუნის წინაა დაწერილი ქართველი მწერლისა და მეცნიერის, სულხან-საბა ორბელიანის მიერ” - ეს ის პატარა წინათქმაა, რომელიც გია ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ ახლად გამოცემულ წიგნს - სულხან საბას იგავებს - ახლავს. ნინო გურაბანიძის მიერ დახატული იგავების გმირები და ენათმეცნიერ ლეილა ბერიაშვილის მიერ დამუშავებული ტექსტი ერთნაირად ადვილი აღსაქმელია როგორც სულ პატარა მკითხველებისათვის, ისე მათთვის, ვინც სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“ მრავალი წლის წინ ერთხელ უკვე წაიკითხა.

გია ქარჩაძე, გამომცემელი
ეს კონკრეტული გამოცემა მაინც ბავშვებისთვისაა, რადგან ის მხოლოდ „სიბრძნე სიცრუისას“ იგავების მხოლოდ ერთი ნაწილის ნაკრებია - წიგნისთვის სულ 30 იგავი შეარჩიეს და სათაურადაც, უბრალოდ, „სულხან-საბას იგავები“ დაარქვეს. მისი გამომცემელი გია ქარჩხაძე გვეუბნება, რომ ეს გამოცემა დაახლოებით ეზოპეს იგავების მსგავსი ნაკრებია: ” სულხან-საბა საუკუნის ტექსტია, ის ხშირად არ გამოიცემა სხვადასხვაგვარი ფორმით და ჩვენი მცდელობა იყო ეს გამოცემულიყო ბავშვებისათვის, თან ისე, რომ მათთვის გასაგები ყოფილიყო. სულხან-საბას ენა დამუშავებულია, ოღონდ მინიმალურად - ისე, რომ თან აბსოლუტურად არაფერი შეცვლილიყო და თან გასაგები ყოფილიყო ნებისმიერი ასაკის მკითხველისათვის. ძალიან ბეწვის ხიდზე ვართ გასულები, მაგრამ, მე მგონი, გამოგვივიდა.”

ენათმეცნიერი შუქია აფრიდონიძეც ფიქრობს, რომ ასეთი ტექსტების ადაპტაციის დროს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუმცა, წაკითხულის გათვალისწინებით, ამბობს, რომ სულხან-საბას სტილი დაცულია და ქარჩხაძის გამომცემლობამ ამ არცთუ ისე ადვილ საქმეს თავი კარგად გაართვა.

ზაალ სამადაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე
წიგნი ”უნებლიე მკითხავით” იწყება. 30-ივეს ვერ ჩამოგითვლით, მაგრამ კრებულში შევიდა ისეთი იგავები, როგორიცაა ”კატის გაზრდილი ლომი”, „ვირად ცნობილი მსაჯული“, „ძუნწი და ოქრო“, „ძალა ერთობისა“, „მთიული და კაკლის ხე“... ბავშვებს განსაკუთრებით იგავების სახალისო ილუსტრაციები მიიზიდავს. მხატვარმა ნინო გურაბანიძემ დაახლოებით 90 პერსონაჟი დახატა. ბევრი არ უფიქრია, გარშემო მიიხედ-მოიხედა და მათი პროტოტიპები მალევე იპოვა: ”იგავს ხომ ეპოქა არ გააჩნია, სულ აქტუალურია და ამიტომ ამ წიგნისთვის ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების პერსონაჟები ავიღე პროტოტიპებად და ამით უფრო საინტერესო გახდა ჩემი სამუშაოც.”

არადა, თავიდან ამ წიგნზე მუშაობა მას გაცილებით მარტივი ეგონა, მერე და მერე მუშაობის პროცესში გამოჩნდა, რა დიდი იყო პასუხისმგებლობა და ახლა წიგნის მხატვარს ყველაზე მეტად ბავშვების რეაქცია აინტერესებს.

წიგნი 14 ლარი ღირს და მისი ყიდვა მაღაზიებში უკვე შეგიძლიათ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG