უსმინეთ

ახლა ეთერშია

საღამოს თავისუფლება

შემდეგი გადაცემები:

ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,7296
GEL / 
EUR
2,3292
GEL / 
RUB
0,0573

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

საზოგადოება / ადამიანის უფლებები

ევროსასამართლომ საქართველოს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი ძმებისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო სტრასბურგში

03.02.2010
2 თებერვალს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი 83 და 81 წლის ქართველი ძმების - კლაუს და იური კილაძეების - საქმეზე. ძმებს, რომელთა ოჯახიც 30-იანი წლების საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლია, საქართველოს სახელმწიფომ, კომპენსაციის სახით, ოთხ-ოთხი ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. რას მოასწავებს სტრასბურგში მოქმედი სასამართლოს ეს განაჩენი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთათვის? შეიცვლება თუ არა საქართველოს კანონმდებლობა? და ვის ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა საბჭოთა რეპრესიებისთვის - საქართველოს თუ რუსეთს?

„პრეცედენტი, რომელიც, შესაძლოა, ათასობით ადამიანისთვის გახდეს მნიშვნელოვანი“ - ასე აფასებენ ქართველი და უცხოელი იურისტები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2 თებერვლის განაჩენს.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლ ძმებს - კლაუს და იური კილაძეებს - საქართველოს სახელმწიფომ კომპენსაციის სახით ოთხ-ოთხი ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილება ამით არ შემოიფარგლება: საქართველოს ეკისრება ვალდებულება, რაც შეიძლება მალე შეავსოს თავის კანონმდებლობაში არსებული ვაკუუმი და კილაძეების მდგომარეობაში მყოფ პირებს - რომელთა რიცხვიც, სხვადასხვა შეფასებით, 600-დან 16 000-მდე მერყეობს - განუსაზღვროს კომპენსაციის მიღების პირობები.

სტრასბურგის სასამართლოში კილაძეებს წარმოადგენდა ორი ორგანიზაცია: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ლონდონში მოქმედი ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ევროპული ცენტრი.

კლაუს და იური კილაძეების ბიოგრაფია დიდწილად ტიპურია და კარგად გამოხატავს იმ ტრაგედიასა და უსამართლობას, რომელიც საბჭოთა ტოტალიტარულმა რეჟიმმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მილიონობით ოჯახს დაატეხა თავს. უფროსი ძმა, 83 წლის კლაუს კილაძე მოგვითხრობს:

„1937 წელს მამაჩემი დახვრიტეს - მგონი ჯერ დახვრიტეს და მერე შეადგინეს განაჩენი. მაშინ ხომ „სამეულები“ იყო. დედაჩემი დაიჭირეს, როგორც მოღალატის ოჯახის წევრი, და მიუსაჯეს რვა წელი. მე და ჩემი ძმა ვიყავით, მე 11 წლის, ჩემი ძმა - 9 წლის. ჯერ წაგვიყვანეს ბავშვთა მიმღებში, თბილისში - 20 დღე ვიყავით იქ. მერე გადაგვიყვანეს ჩრდილოეთ კავკასიის სპეცდანიშნულების ბავშვთა სახლში, საიდანაც ორი წლის შემდეგ ბებიაჩემმა დიდი წვალებით გამოგვიყვანა.“
კლაუს კილაძე

ოჯახს ჩამორთმეული ჰქონდა ბინა და მთელი პირადი ქონება. ძმებ კილაძეებს ბავშვობისა და ახალგაზრდობის გატარება უკიდურეს გაჭირვებაში მოუწიათ. მათი მშობლების რეაბილიტაცია 1950-იანი წლების მეორე ნახევარში მოხდა. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სტატუსის მიღება კი კილაძეების ოჯახმა უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, 1998 წელს შეძლო ერთი წლით ადრე მიღებული კანონის საფუძველზე, რომელიც მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას ითვალისწინებდა.

თუმცა, სტატუსის მოპოვების მიუხედავად, საქართველოს ეროვნულმა სასამართლოებმა კილაძეებს არ დაუკმაყოფილეს სარჩელი კომპენსაციის მიღების თაობაზე. შედეგად, საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოხვდა.

„ჯერ შევიტანე თბილისის სასამართლოში, იქ უარი მითხრეს. მერე შევიტანე უმაღლესში, იქაც უარი თქვეს.“ - იხსენებს კლაუს კილაძე - „ამიტომ დარჩა ერთი გზა: სტრასბურგში. მოვამზადე ეს მასალები და მერე კონსულტაციისთვის მივედი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. იქ მოვხვდი სოფო ჯაფარიძესთან, რომელმაც ითავა, მე დაგეხმარებით ამაშიო, და ასოციაციის სახელით მერე გააგზავნეს სტრასბურგში.“

პრობლემა კი ის იყო, რომ საქართველოს კანონმდებლობაში ამ დრომდე არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირებისთვის კომპენსაციების გაცემას აწესრიგებდეს. 1997 წელს, მსხვერპლად აღიარების შესახებ კანონის მიღებისას, საქართველოს პარლამენტმა ამ საკითხზე მსჯელობა სამომავლოდ გადადო - თუმცა, ეს მსჯელობა დღემდე არ გამართულა.

2 თებერვლის გადაწყვეტილებაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო შენიშნავს, რომ მისთვის უცნობია მიზეზი, რატომ ვერ შეძლო საქართველომ 11 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, რეპრესირებულებისთვის კომპენსაციის საკითხზე ეზრუნა. იმის გამო, რომ ძმები კილაძეების მდგომარეობაში საქართველოში კიდევ ათასობით ადამიანი იმყოფება, სტრასბურგის სასამართლო ქვეყანას ავალდებულებს, ეს საკანონმდებლო ხარვეზი რაც შეიძლება მალე შეავსოს.

ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ევროპული ცენტრის დირექტორის, პროფესორ ფილიპ ლიჩის თქმით, სწორედ ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილების უმთავრესი ასპექტი:

„სასამართლოს თანახმად, საქმის განხილვისას ითქვა, რომ [საქართველოში] 600-დან 16 000-მდე პირია, რომელსაც, შესაძლოა, კომპენსაცია მიესადაგოს. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად ზუსტია ეს რიცხვები. სასამართლომ საქართველოს მთავრობის მისამართით კრიტიკაც გამოთქვა იმის გამო, რომ მან არ წარმოადგინა იმ ადამიანთა ზუსტი მონაცემები, რომლებსაც შეიძლება ეს კომპენსაცია შეეხოს“ - გვითხრა პროფესორმა ლიჩმა და იქვე დასძინა, რომ გადაწყვეტილების მთავარი მნიშვნელობა სხვა რამეშია: „სასამართლო პირდაპირ აცხადებს, რომ მთავრობამ [კომპენსაციის შესახებ] კანონი უნდა მიიღოს და ამისათვის შესაბამისი ბიუჯეტიც უნდა განსაზღვროს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო საქართველოს პირდაპირ ავალდებულებს ამას.“

შეასრულებს თუ არა საქართველო ამ ვალდებულებას? ამ შეკითხვით მივმართეთ იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს თინა ბურჯალიანს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების შესწავლის და მათი შესრულების თვალსაზრისით საქართველოს მაჩვენებელი ძალიან მაღალია - და გამონაკლისი არც ეს გადაწყვეტილება იქნება. ბურჯალიანი იქვე დასძენს, რომ ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე ჯერ კიდევ სამი თვეა დარჩენილი და ამ დროის განმავლობაში - როცა, სხვათა შორის, საქართველოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც კი ეძლევა - ქართული მხარე ევროსასამართლოს სხვადასხვა უწყებასთან ამ ვალდებულების შესრულების ფორმაზე, ვადებსა და პირობებზე იმსჯელებს.

ზოგადად, 1990-იან წლებში გაფორმებული არაერთი შეთანხმების მიხედვით, საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ რუსეთი მიიჩნევა. შესაბამისად, საბჭოთა რესპუბლიკებში - მათ შორის, საქართველოში - მიმდინარე რეპრესიებისთვის პასუხისმგებლობა, სავარაუდოდ, მასაც ეკისრება.

როცა ამის შესახებ თინა ბურჯალიანს ვკითხეთ, მან პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის გვითხრა, რომ მოპასუხე მხარეების გაფართოების საშუალება სარჩელის შემტანი მხარის პრეროგატივა იყო:

„მე თავს შევიკავებ ამ ფაქტის შეფასებისგანაც - რუსეთს უნდა დაკისრებოდა ეს თუ არა, იმიტომ, რომ სარჩელი შეტანილი იყო საქართველოს წინააღმდეგ. სასამართლო ვერაფრით ვერ გააფართოვებდა მოპასუხეთა წრეს, პროცედურულად ეს გამორიცხულია. ამაზე, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, იმ ადამიანებს ეფიქრათ - ადვოკატებს, - ვინც ეს განაცხადი შეიტანა. ანუ, ამ შემთხვევაში განმცხადებლის ადვოკატს, იმიტომ რომ სასამართლო აქ ვერაფერს შეცვლიდა: მოპასუხის წრეს ვერ გააფართოვებდა“ - ამბობს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე.

თუმცა, სხვაგვარად ფიქრობს განმცხადებლის ერთ-ერთი ადვოკატი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ხიდაშელმა გვითხრა, 1997 წელს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ კანონის მიღებით საქართველომ თავად - და მართებულად - იტვირთა ეს პასუხისმგებლობა. ახლა კი სახელმწიფომ ეს პროცესი ბოლომდე უნდა მიიყვანოს და უნდა შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულება:

„საქართველოს სახელმწიფომ, როცა 1997 წელს ეს კანონი მიიღო, თავის თავზე აიღო ვალდებულება - არ უთქვამს, რომ ამაზე პასუხისმგებელი რუსეთის სახელმწიფოა, და მე პასუხისმგებლობას თავიდან ვიშორებო. მან აიღო ეს თავის თავზე და თქვა, რომ სოციალურ გარანტიებს სთავაზობდა რეპრესიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს და, გარდა ამისა, ქონებრივი კომპენსაციითაც უზრუნველყოფდა“ - ამბობს თამარ ხიდაშელი და განაგრძობს: „არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო, ცხადია, იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, მაგრამ პოლიტიკური რეპრესიები ხორციელდებოდა ასევე საქართველოს ხელმძღვანელი ორგანოების მხრიდან. გასაგებია, რომ დირექტივა მოსკოვიდან მოდიოდა - თუმცა, არა მგონია, რომ ყველა შემთხვევაში ასე ყოფილიყო.“

სტრასბურგში გამართულ პროცესს კლაუს და იური კილაძეები პირადად არ დასწრებიან. კლაუს კილაძის აზრით, პროცესზე მათმა გამარჯვებამ მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა; თუმცა, იქვე გულდაწყვეტით შენიშნავს, რომ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთათვის კომპენსაციების მიღების თაობაზე გადაწყვეტილებამ მეტისმეტად დაიგვიანა:

„რეპრესირებულები, ალბათ, არ არიან დარჩენილი, არიან მხოლოდ მათი შვილები. მათზე თუ გავრცელდება ეს შეღავათები, თორემ ვინც 1937-ში იყო რეპრესირებული, თითქმის აღარავინ დარჩა, თითზე ჩამოსათვლელებიღა არიანო“, გულისტკივილით აღნიშნავს კლაუს კილაძე.
ეს ფორუმი დაიხურა
Comment Sorting
     
კომენტარები
ავტორი: ინამასი საიდან გვწერთ: თბილისიდან
05.02.2010 22:21
ამ განაჩენით საქართველო არ აგებს პასუხს ბოლშევიკური წარსულისა ან რეპრესიების გამო, არამედ იმ გულგრილობისათვის, რომელიც მან გამოიჩინა ასეთი დაზარალებული მოქალაქეების მიმართ მას შემდეგ, რაც ისინი სცნო რეპრესიების მსხვერპლად. ანუ 11 წელი. უპასუხისმგებლობისა და თვმოუბმელობის გამო...
ამიტომ, იქნებ ამაზე დავფიქრდეთ ყველანი - თუ ევროპელები ვართ - მოვიქცეთ ევროპულად, თუ არადა - ვინ გვექაჩება ევროპაში? ჩვენ თვითონ გვინდა არა?!
In Response

ავტორი: filasofosi demokrate
06.02.2010 00:27
ბატონო ინამასო : უპასუხისმგებლო ხელისუფლების ყოლით ისედაც დასჯილმა საქართველომ არ უნდა აგოს პასუხი უპასუხისმგებლო ხელისუფლების უპასუხისმეგბლობის გამო. ამაზე უნდა აგოს პასუხი უპასუხისმგებლო ხელისუფლებამ. უღრმესი პატივისცემით დამოწიწებით. საქართველო ევროპაა, უფრო ზუსტად ევროპის აკვნის ნაწილი, მაგრამ არა ევროკავშირის წევრი. ევროპასა და ევროპულ კავშირს შორის ალბათ არის რაღაც განსხვავება. უღრმესი პატივისცემითა და მოწიწებით.

ავტორი: filasofosi demokrate
05.02.2010 16:38
ბოლშევიზმის მსხვერპლი საქართველოს მოსახლეობამ ყველანაირი თანაგრძნობა და სოლიდარობა უნდა გამოუცხადოს ბოლშევიკური რეპრესიების მსხვერპლებს. მაგრამ საქართველოს რიგორც ბოლშევიზმის მსხვერპლთა პოლიტიკურ გამოხატულებას არ ეკისრება პასუხისგმგებლობა ამის გამო და არც უნდა დაეკისროს. ბოლშევიკების მიერ გატარებული პოლიტიკური და არაპოლიტიკური რეპრესიების გამო პასუხიმგებლობა ეკისრებათ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული (ბოლშევიკთა) პარტიისა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის სამართალმემკვიდრეებს ანუ თანამედროვე რუსეთის ხელისუფლებას,დიად პოსტსაბჭოეთში მოქმედ კომპარტიებს და იმ ფინანსურ წრეებს (ოლიგარქებს) რომელთაც კოხტად გაინაწილეს ბოლშევიკების მიერ ნაძარცვი ქონება.

სხვა შემთხვევაში მახსენდება ერთი ამბავი რომელსაც (ჩემს) ბავშვობაში (ჩემი) მეზობლის ბებიის ბიძაშვილი უყვებოდა ამ ჩემს მეზობელს :

"ოდესღაც საქართველოში ცხოვრობდა ებრაელი ვაჭარი მოსე,თამარ მეფეს რუსი ქმარი იური რომ ჩამოუყვანა ზანქან ზორობაბელი,აი იმის წინაპარი. ჩრდილოეთში მოგზაურობების დროს მან ერთგან ერთხელ დადო ქვა რომელზეც სადილობდა ხოლმე და რომელსაც მოფერებით მოსქვას უძახოდა. აი იმ ქვის გარშემო გაშენდა დღევანდელი მოსკოვიო. ხოდა რაც იმ მოსკოვმა რუსეთს და მსოფლიოს დამართა ყველაფერში საქართველოა დამნაშავე და მან ამიტომ მთელ მსოფლიოს ხარკი უნდა უხადოსო...

გაუძელით,იქნებ ამ ბედს გადაურჩნენ თქვენი და თქვენი ახლობლების შთამომავლები. იცოცხლეთ და გაგიმარჯოთ საქართველოსთან ( და დანარჩენ კაცხობრიობა-ქალობრიობასთან) ერთად!

ავტორი: mematiane ioane
04.02.2010 15:55
სახაროვი ა.დ. მოგონებები,ნაწ.II,თავი VIII, ჩემი ცოლი (ფრაგმენტი) :*
"... ლიუსიას (ელენე ბონერის) დედა რუფ გრიგოლის ასული ბონერი...
მისი ქმარი გევორკ ალიხანოვი დაიბადა 1897 წ. ქ.თბილისში. ახალგაზრდობიდანვე მონაწილეობდა რევოლუციურ ბრძოლაში. დაამთავრა სემინარია თბილისში ანასტას მიქოიანთან ერთად (რომანოვების სემინარიები " დიდ ქრისტიანებს" ზრდიდნენ,
მთარგმნელი). მიქოიანთან იყო სომხური ნაციონალისტური პარტია დაშნაკცუტიუნის წევრი,მიქოიანთან ერთად გახდა ბოლშევიკი. იცნობდა კამოს,ბერიას, ამ უკანსკნელს 1916 წელს სილა გააწნა ქალწულთან უხეშობის გამო ( რაინდიც, მთარგმნელი). ბაქოს კომუნის და სომხეთის გასაბჭოების აქტიური მონაწილე. 192O წელს აივნიდან საბჭოთა ხელისუფლების დამყარება გამოაცხადა ერევანში... სომხეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. მთელი სიცოცხლე იყო 1936 წელს ბერიას მიერ მოკლული სომხეთის კომპარიის მდივანი აგასი ხანჯიანის მეგობარი,
მუშაობდა კიროვთან ერთად. ცხოვრების ბოლო პერიოდში იყო კომინტერნის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი,კომინტერნის კადრების განყოფილების გამგე...

1937 წლის 29 მაისს გევორკ ალიხანოვი დააპატიმრეს თავის სამუშაო კაბინეტში კომინტერნში და ის გაქრა... ოფიციალური ცნობა მისი გარდცვალების მიზეზის შესახებ (პნევმონია) საეჭვოა...."

კაცობრიობის წინაშე ამ დიდად დამსახურებული პირის და მისი თანამებრძოლების მეორე-მესამე თაობა ისევ განაგებს ამ საწყალი კაცობრიობის დიდი ნაწილის ბედს. ასე რომ არ გაგიკვირდეთ თუ საქართველოს დააკისრებენ ელენე ბონერისთვის კომპენსაციის გადახდას. გაუძელით,იცოცხლეთ და გაგიმარჯოთ საქართველოსთან ერთად.

ავტორი: ლიუ ლიუ საიდან გვწერთ: დამავიწყდა
04.02.2010 10:11
90-იან წლებში საქართველოს მთავრობამ ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ეს ეხება ამ გადაწყვეტილებასაც, როცა პასუხისმგებლობა სრულიად ქართულმა სახელმწიფომ დაიკისრა. საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ კი განსაკუთრებით ასეთი მაშტაბური რეპრესიებისას უნდა დარჩეს რუსეთი.

ავტორი: cnobismoyvaris tribuna
04.02.2010 04:16
სტალინისა და სტალინის დანაშაულთა საქართველოსთვის დამბრალებლებზე ფიქრს მე მგონი აი ამის გახსენება სჯობია :

" ოჰ, რა საოცარიი ძალა მაჩვენა მან ჩემს მიერ განცდილი არაჩვეულებრივი რამეების დროს. მე ვიყავი იმ მბდღვინავ ლომებსა და ველურ დათვებს შორის რომელთაც არ ეშინიათ არც ღმერთისა, არც ადამიანისა და არც ეშმაკისა. დღე და ღამე ვიყავი მე მათ შორის და მეძინა ჭეჭყვაში, მაგრამ არც ერთ მათგანს არც სიტყვით და არც საქმით არ ჩაუდენია ძალადობა და არ გამოუჩენია ურცხვობა...."
(ამერიკელი მწერალი მერი როულენდსონ რომელიც 1675 წელს ბრძოლის დროს ტყვედ აიყვანეს ინდიელებმა. განთავისუფლების შემდეგ მან დაწერა მოთხრობა თავისი ტყვეობის შესახებ რომელშიც მან აღწერა თუ როგორ დაეხმარა მას განსაცდელის დაძლევაში მისი რწმენა და ბიბლიური ტექსტების ცოდნა ( როულენდსონ, ავტობიოგრაფია, ნაწყვეტი). მადლობა უფალს და ამერიკელ ინდიელებს ასეთი საინტერესო ამბის გაგონებისთვის. ამე-17 საუკუნის ამერიკელი ინდიელები ადამიანური თვისებებით სჯობდნენ ბოლშევიკებს და რბილად რომ ვთქვათ ზოგ პოსტბოლშევიკს თუ მათ მოკავშირეს...
     
ტექსტის ზომა - +

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS