უსმინეთ

ახლა ეთერშია

საღამოს თავისუფლება

შემდეგი გადაცემები:

ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,7296
GEL / 
EUR
2,3292
GEL / 
RUB
0,0573

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

საზოგადოება

წერილი და ჟურნალი: "ლილე" აქტიურ საქმიანობას განაგრძობს

31.01.2010
ჩვენს გადაცემებში არაერთხელ გვიამბნია გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მოქმედ გერმანულ-კავკასიურ საზოგადოება „ლილეზე“. ის ძალიან აქტიურად მუშაობს, ემსახურება კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, გერმანიისა და კავკასიის მკვიდრთა ერთმანეთისადმი ინტერესის ხელშეწყობას. „ლილეს“ მიერ ორგანიზებული ბევრი ღონისძიების გამო, იქნებოდა ეს კონცერტი თუ გამოფენა, რადიო თავისუფლებას არაერთხელ მიუმართავს ინტერვიუს თხოვნით ამ ორგანიზაციის დამაარსებლისა და თავმჯდომარის, მარიამ ლაფაურისთვის. ამდენად, ქალბატონი მარიკა ჩვენი სტაჟიანი რესპონდენტია. კონკრეტული მიზეზი აქვს ჩვენს მორიგ საუბარსაც, უფრო ზუსტად კი - ორი მიზეზი: ჯერ ერთი, საზოგადოება „ლილემ“ 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო ახალი ჟურნალის - „Ein Blick Georgien” - გამოცემა და ახლახან გამოვიდა ჟურნალის მესამე ნომერი. და კიდევ: მარიკა ლაფაურმა, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, წერილით მიმართა ჰამბურგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შემჩნეული ერთი ცვლილების გამო - ცვლილება აფხაზეთს ეხება. ჩვენ მას, თავდაპირველად, სწორედ ამ წერილის შესახებ ვკითხეთ.

მარიკა ლაფაურის განმარტებით, წერილი ეხებოდა იმ ფაქტს, რომ ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის განყოფილებაში, როგორც ჩანს, შეცვალეს კატალოგების სისტემატიზების პრინციპი, რის შედეგადაც აფხაზეთი ცალკე ქვეყნად არის აღნიშნული.
ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის განყოფილების ბიბლიოთეკაში აფხაზეთი სახელმწიფო ჰგონიათ
საამისოდ საგანგებო თაროც არის გამოყოფილი, მარიკა ლაფაურის თქმით, „ძალიან პროპაგანდისტული ხასიათის“ 10-12 წიგნით. გაირკვა, რომ სისტემატიზაციაში ცვლილება მოხდა ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის ოტო ლუხტერჰანდის ინიციატივით - პროფესორი ლუხტერჰანდი ჰაიდი ტალიავინის კომისიად ცნობილი ჯგუფის წევრი იყო და მასში მუშაობამდეც და შემდეგაც, სახელი გაითქვა სეპარატისტებისა და რუსეთის პოზიციის მხარდამჭერი განცხადებებით.

რაც შეეხება წერილს, ის მარიკა ლაფაურმა და მისმა თანამოაზრეებმა 15 იანვარს გაუგზავნეს რამდენიმე ადრესატს, მათ შორის უნივერსიტეტის რექტორს შეკითხვით, რის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება სისტემატიზაციის შეცვლის შესახებ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რომელი კანონით არის გამართლებული კატალოგში აფხაზეთის საქართველოსაგან დამოუკიდებლად შეყვანა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიოთეკებს გერმანიაში აქვთ ერთგვარი შტაბ-ბინა, რომელიც რეგენსბურგშია განთავსებული და რომლიდანაც სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა თემის სისტემატიზაცია განისაზღვრება.

წერილის ავტორებმა პირველი პასუხი რამდენიმე დღის წინ მიიღეს ჰამბურგის უნივერსიტეტის რექტორისაგან. ამ პასუხიდან ირკვევა, რომ სისტემატიზაცია ბიბლიოთეკაში დამოკიდებულია რეგენსბურგის სასისტემო კატალოგზე და რომ ეს განკარგულება ოტო ლუხტერჰანდმა გასცა ჯერ კიდევ 2006 წელს (ცვლილება არ ეხება ცხინვალის რეგიონს).

ჰამბურგის უნივერსიტეტის რექტორისაგან პასუხის მიღების შემდეგ, ლაფაური ახალი წერილის დაწერას აპირებს, რათა უკვე რეგენსბურგს ჰკითხოს, რა კანონების საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება სასისტემო კატალოგში ცვლილებების შეტანის შესახებ. სხვათა შორის, ჰამბურგის უნივერსიტეტის რექტორის პასუხში მინიშნებულია, რომ უკვე გადაწყვეტილია ამჟამინდელი კატალოგიზაციის გაუქმება.
მარიკა ლაფაური

როგორც უკვე ითქვა, მარიკა ლაფაურთან საუბარს ორი მიზეზი ჰქონდა – ჰამბურგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის გაგზავნილი წერილის გარდა, დავინტერესდით ჟურნალით, რომლის გამოცემაც გერმანულ-კავკასიურმა საზოგადოება "ლილემ" 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო.

"Ein Blick Georgien" - ასე ეწოდება გამოცემას, რომლის დაარსებაც, როგორც ლაფაური ამბობს, "აუცილებელი იყო" იმის გამო, რომ ომის შემდეგ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ცალმხრივი, ან ზედაპირული ინფორმაცია ვრცელდებოდა საქართველოს შესახებ.

ეს ჟურნალი, შეიძლება ითქვას, ენთუზიაზმის ნაყოფია. ჯერჯერობით მარტო ბოლო, მესამე ნომრის გამოქვეყნებაში შეიტანა ფინანსური წვლილი საქართველოს დიასპორასთან ურთიერთობის სამინისტრომ. საქმის დანარჩენ ნაწილს რედაქტორები აკეთებენ – თვით მარიკა ლაფაური, რომელიც პროფესიით მუსიკოსია, და ისტორიკოსი და კულტუროლოგი ფრანკ ტრემელი. ქალბატონი მარიკა მას საქართველოსთვის "ფასდაუდებელ შენაძენს" უწოდებს, როგორც ერთგულსა და ღრმა ცოდნით გამორჩეულ ადამიანს, საქართველოს საუცხოო მცოდნესა და გულშემატკივარს.

ჟურნალ Ein Blick Georgien-ის მესამე ნომრის გარეკანი
ფაქტები და ანალიზი - "Ein Blick Georgien" მიზნად ისახავს, წეროს საქართველოში არეკლილ სამყაროზე, ევროპაზე და საქართველოდან დანახულ ევროპაზე. წინა გამოცემებიდან მარიკა ლაფაური განსაკუთრებული ყურადღების ღირსად მიიჩნევს ისტორიულ ნარკვევებს, რომელთა ავტორებიც არიან იულონ გაგოშიძე და მარიამ ლორთქიფანიძე, თვით ფრანკ ტრემელის ანალიტიკურ-კულტუროლოგიურ წერილს.

ჟურნალზე გამოხმაურება, როგორც მარიკა ლაფაური ამბობს, ძალიან დადებითია, თუმცა კრიტიკაც ისმის. მაგალითად, ოტო ლუხტერჰანდისაგან, რომელმაც "Ein Blick Georgien"-ის მისთვის გაგზავნილი ეგზემპლარი ნაციონალისტურ მიდრეკილებებში დაადანაშაულა. ლუხტერჰანდთან აქტიური მიწერ-მოწერა გვაქვსო, იცინის მარიკა ლაფაური...

ასე რომ, კონტაქტი მარტო თანამოაზრეებთან ურთიერთობით არ შემოიფარგლება. გრძელდება აზრთა კრიტიკული გაცვლა-გამოცვლაც. ეს კი, ალბათ, გვაძლევს საფუძველს, თამამად ვიწინასწარმეტყველოთ: "ლილეს" ხელმძღვანელს კიდევ არაერთხელ შევხვდებით რადიო თავისუფლების ეთერში.
ეს ფორუმი დაიხურა
Comment Sorting
     
კომენტარები
ავტორი: Leila საიდან გვწერთ: Tbilisi
09.02.2010 15:20
აღფრთოვანებული ვარ ქ-ი მარიკათი, განსაკუთრებით ლუხტერჰანდთან დაკავშირებით - მხედველობაში მაქვს რეაგირება კატალოგზე. ნამდვილად საჭიროა ასეთებთან კავშირი. წარმატებებს გისურვებთ თქვენს მიერ წამოწყებულ ყველა იმ საქმეში, რაც საქართველოს წაადგება. ეს ხომ პიროვნების თვითრეალიზაციაცაა, რაც დიდ პატივისცემას იმსახურებს თავისთავად.

ავტორი: giorgi kelbakiani საიდან გვწერთ: tbilisi
08.02.2010 01:02
didi madloba imistvis rom xart , tqvennairi xalxi ufro mets aketebs vidre mteli xelisufleba carmatebebs gisurvebt

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
07.02.2010 14:55
დიდი მადლობა მარიკავ.

ნადვილად ძალიან ქართულ საქმეს აკეთებ. სამწუხაროა, რომ საქართველოს საელჩო გერმანიაში არაფრათ ვარგოდა და იმედი მაქვს ახალი ელჩი "პრო-დასავლურად" შეუდგება საქმის კეთებას და ითანამშრომლებს. იგივე მწუხარებით უნდა ავღნიშნო ე.წ. დიასპორის სამნისტროს მუშაობაც.

საბედნიეროდ უცხოეთში (არაქართველი) უმარავი ადამიანია ვინც მზადაა მართლა საქმის კეთებაში ცოდნით და ფინანსებით ხელი შეგვიწყოს.

გერმანიას ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეების მხრიდან დიდი ყურადღება ჭირდება.

გისურვებ საინტერესეო პროექტების შერულებას.

მოკითხვა ჩეხეთის რესპუბლიკიდან

ავტორი: მარიკა ლაფაური საიდან გვწერთ: ჰამბურგი
07.02.2010 02:05
ნატო, დიდი მადლობა. ეს მამხნევებს. ხელისუფლება ამ საქმეში ჩართული არ არის და დიდი იმედი მაქვს, რომ გააცნობიერებენ, თუ რამდენად საშურია ასეთი საქმიანობა. ჩემი იდეა არის, რომ ეს ჟურნალი იყოს 3 ენოვანი. ჩვენ ამას ყველაფერს შევძლებდით, თუ გვექნება მხარდაჭერა. ჯერჯერობით კი გერმანიის არეალით ვართ შემოფარგლულნი. ჩვენი ჟურნალი გერმანულენოვანი ქვეყნების საქართველოს საელჩოების ინტერესიც ჯერჯერობით არ გამხდარა. ჩვენ რა თქმა უნდა ვაგზავნით ყველგან. ასე რომ დაგზავნაშიც ჩვენს თანხებს ვხარჯავთ.
ნატო, სამუშაო ბევრია. ჩვენთან დაკავშირება შეგიძლიათ ტექსტში აღნიშნული ბმულით.

ცოტნე, ფრანკ ტრემელი არათუ ნახსენებ მავანთ გადაწონის. გასაოცარი ადამიანია. თქვენს შეკითხვაზე, პასუხი მაქვს: ჰი, ჰი, ჰი! მეტს სხვა დროს მოგიყვები.

ავტორი: ცოტნე საიდან გვწერთ: მინსკი
06.02.2010 17:38
ეხ, ერთი ფრანკ ტრემელი გადაწონის მთელ ქართულ ოპოზიციას თავის ვირებიანად და ღვარძლის მთესველ მარგინალებიანად. წინსვლა და გამარჯვება ქალბატონო მარიკა.დიდი მადლობა.თბილისში თუ გიფასებენ შრომას თუ ჩვენებურად ქართულად ხელს გიშლიან?

ავტორი: nini საიდან გვწერთ: tiflis
06.02.2010 15:54
მარიკა! ძალიან საჭირო საქმეს ემსახურებით! სამწუხაროა, ასე ცოტა ინფორმაციას რომ ვფლობთ უცხოეთში მოღვაწე ქართველების შესახებ, ასეთ დიდ საქმეს შეჭიდებიხართ როგორც ვხვდები სრულიად მარტო... გისურვებდით, მეტი მხარდაწრა გქონოდეთ, როგორც პოლიტიკური ფიგურებისაგან, ასევე უბრალო მოქალაქეთაგან! თქვენნაირი ქართველები ძალიან გვაკლია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც! ამ სტატიაში დავინახე თქვენი საქმიანობის რეალური შედეგი. გისურვებთ წინსვლას, დიდი პატივისცემით.

ავტორი: ნატო სანადირაძე საიდან გვწერთ: მარსელი
06.02.2010 14:46
გამარჯობათ, ქალბატონო მარიკა!
თქვენი ჟურნალი საფხრანგეთში ჩამომიტანა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა. აღფრთოვანება მიიღეთ ჩემგან იმ ფასდაუდებელი საქმისათვის, რასაც აკეთებთ. საქართველოს დღეს აქტიური მხარდაჭერა ჭირდება ევროპულ ქვეყნებისა და თუ ჩვენს სიმართლეს ასეთი საქმეებით გავიტანთ, კარგი იქნება. მე მაინტერესებს ქ-ნო, მარიკა, ხელისუფლება რამდენადაა ჩართული ამ საქმეში და რა გჭირდებათ მაგალითად საფრანგეთის დიასპორის კულტურული სფეროს წარმომადგენელებისაგან. იქნებ საქართველოდან მოგვეწვია მეცნიერები თქვენის მეშვეობიტ და დისკუსია მოგვეწყო საქართველოს ისტორიის განგებ დამახინჯების "რუსულ ასპექტების" გამოვლენაზე?

ავტორი: მამუკა მაცაბერიძე საიდან გვწერთ: თბილისი
06.02.2010 00:00
მარიკა გისურვებ ვაჟას მინდიას გამძლეობას და სიბრძნეს, თუმცა არც ისე გაკლია აღნიშნული. გენიოსზე უკეთ ვინ იტყვის, ამიტომ ისევ "მთის ხარის" ნათქვამს გაგახსენებ:
...
მინდია ტყვედა ჰყოლია
თორმეტს წელს თურმე ქაჯებსა.
ტყვეობამ ფრიად დაჩაგრა,
სამშობლოს გარეთ ყოფნამა;
მიდის დრო, განვლო მრავალმა
აღდგომამა და შობამა,
მაგრამ მინდიას ტყვეობას
არ ექნა დასასრულია,
გული დაუდნო მონებამ,
ამოსვლას ლამობს სულია.
აგონდებოდა თავისი
ჩამოთოვილი მთებია,
ჩაბნელებული ხევები,
უსწორ-მასწორო გზებია,
მის ბედის მგლოვიარენი
დედა, მამა და ძმებია,
თავისი ქოხი მწირული,
სამოთხედ მისაღებია,
ეშველათ, ბევრჯელ ხატ-ღმერთსა
მხურვალედ შაჰვედრებია.
ბოლოს სთქვა: “თავსა მოვიკლავ,
ასეთს სიცოცხლეს სჯობია!”
ქაჯთათვის ცეცხლზე ნადგამი
სადილად ნახა ქობია.
იცოდა, გველსა ჰხარშავდენ,
იმასა სჭამდენ ხშირადა;
ქაჯნი ქაჯობით იტანდენ
გველის მიღებას პირადა,
და თავის თავზე იფიქრა,
რომ ექცეოდა ჭირადა.
აიღო ერთი ნაჭერი,
ზიზღით ქურდულად შეჭამა
და ამ დროს მოწყალეს თვალით
ტყვეს გადმოხედა ზეცამა:
ახალად სული ჩაედგა,
ახალი ხორცი აისხა;
გულის ხედვა და თვალების,
როგორც ბრმას და ყრუვს, გაეხსნა.
ესმის დღეიდან ყოველი,
რასაც ფრინველნი გალობენ,
ან მცენარენი, ცხოველნი,
როდის ილხენენ, წვალობენ.
რაც კი რამ დაუბადია
უფალს სულიერ-უსულო,
ყველასაც თურმე ენა აქვს,
არა ყოფილა ურჯულო.
ამას ჰგრძნობს, უკვირს თითონაც
ტყვეს თვის ბუნების ცვალება.
შეიგნო, ჭამა გველისა
ქაჯთაგან იყო ზმანება.
სიბრძნე აჩვენეს გველადა,
რომ ჰზიზღებოდა საჭმელად,
თუმც “შენც ჭამეო, მინდიავ”,
არა ზარობდენ სათქმელად.
შეიგნო სიბრძნე ქაჯების
ამიერიდამ ტყვემაო;
მას მუსაიფი დაუწყო
ცამ, დედამიწამ, ტყემაო.
მხოლოდ ბოროტმა მის გულში
ვერ მოიკიდა ფეხია,
სხვა დანარჩენი ქაჯური
ყველა ისწავლა ხერხია.
მას აღარაფრის ეშინის,
თუნდ თავს დაატყდეს მეხია.
ქაჯნი ბრაზობენ, რა ჰხედვენ -
გამეცნიერდა გლეხია.
აღარ აშინებს ტყვეობა,
აღარც ხრიკები ქაჯური,
დღეს თუ ხვალ, იმედიანობს,
ქაჯებს უჭიროს პანჩური.
მალია ტყვიასავითა,
გრძნეული, როგორც გველია,
აღმერთებს, ნუგეშად ჰსახავს
ფშავ-ხევსურეთი მთელია,
გვირგვინოსანი თამარი
სულ-მუდამ ამის მთქმელია:
“ოღონდ მინდია თან მყვანდეს,
მასთან მთიელი ერია,
რაც უნდ ძალიან ეცადოს,
ვერას დამაკლებს მტერია.”
იცის მტრის დასამარცხები
და შემმუსვრელი ფანდია;
თუ დაჭრილს ცოცხალს მიუსწრო,
ნუ აქვს სიკვდილის დარდია.
შუაზე გაჭრილს გაჰკურნავს
მის უებარი წამალი;
მით არ მცირდება ომებში, -
მუდამ ჯარი ჰყავ მრავალი;
შორს არის ამბად წასული
მისი თავგადასავალი.
...

ვაჟა-ფშაველა
გველის-მჭამელი
(ძველი ამბავი)
1901 წ.
In Response

ავტორი: მარიკა ლაფაური საიდან გვწერთ: ჰამბურგი
06.02.2010 06:04
მამუკა, დიდი მადლობა, დღეს განსაკუთრებით დროული იყო თქვენი ეს ლექსით მომართვა!

ავტორი: მარიკა ლაფაური საიდან გვწერთ: ჰამბურგი
05.02.2010 19:45
ვისაც ეს თემა აინტერესებს: დღეს მივიღეთ წერილი RVK-დან, ცენტრალური სისტემატიზაციის ადგილი რეგენსბურგში, რომელზეც ჰამბურგის ბიბლიოთეკის დირექტორმა მიგვითითა. წერილის მიხედვით, ასეთი სისტემატიზაცია RVK-დან არ წარმოებულა. გამოდის, რომ ეს მაინც ადგილობრივი გადაწყვეტილება ყოფილა. მით უმეტეს საინტერესოა, ჩვენი აზრით, ამ საკითხის ბოლომდე გარკვევა.

ავტორი: დათა საიდან გვწერთ: თბილისი
05.02.2010 15:12
ძალიან სამწუხაროა, რომ ოტოს ვერაგული საქციელის შესახებ მხოლოდ საეთერო დროის რამდენიმე წუთი გაიმეტეს, გვამცნეს და აღშფოთდნენ, მაგრამ სულ მალე დაივიწყეს. ჩემი აზრით, ეს ვითომდა უმნიშვნელო ფაქტი არის ჩვენი მტრის დიდი პოლიტიკის ნაწილი, რაც არ შეიძლება რომ ასე უყურადღებოდ დარჩეს. მარიკა, ძალიან მიხარია რომ ასეთ კარგ საქმეს აკეთებ, წარმატებებს გისურვებთ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ, ჩვენი მომავლისათვის ასეთ მშვიდობიან ბრძოლაში!

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: თბილისი
04.02.2010 15:47
მარიკა, მთელი გულით წარმატებებს გისურვებთ, თქვენს საქმიანობაში, ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ!

ავტორი: ninia საიდან გვწერთ: tbilisi
03.02.2010 22:14
ძალიან საინტერესოა... და დასანანია, 1000 სისულელე შუქდება ტელევიზიის საშუალებით, რეალური პრობლემები კი თურმე გვერდზე გვრჩება... ასეთი ჟურნალები, რომლებიც ეროვნულ საქმეს ემსახურება აუცილებლად უნდა დაფინანსდეს. სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს და არა მხოლოდ ენთუზიაზმი. მარიკას ვუსუტვებთ წარმატებას და მისი საქმიანობის ჯეროვნად შეფასებასა და დაფასებას!

ავტორი: ლიკა ასათიანი საიდან გვწერთ: თბილისი
03.02.2010 11:18
რუსეთ-საქართველოს დამოკიდებულებისადმი ოტო ლუხტერჰანდის შეხედულებას გერმანიაში, სამწუხაროდ, ბევრი რიგითი მოქალაქეც იზიარებს. მით უფრო დასაფასებელია მარიკა ლაფაურის და ორგანიზაცია `ლილეს~ მოღვაწეობა.

ავტორი: mako
02.02.2010 21:41
ეს სტატია გუშინწინ მოვისმინე და წასაკითხად თბილისში დაბრუნებას ველოდი. გამეხარდა, რომ ინტერაქტივიც დაურთეს. შარშან ზაფხულს ეს ოტტო ლუხტერჰანდი თავის სტუდენტებთან ერთად საქართველოს სტუმრობდა. გაპანჩურების ნაცვლად მასპინძლები ფეხქვეშ გაეგენ. როდესაც საყვედური ვუთხარი, მიპასუხეს, რომ მასპინძლებს სურდათ სტუმრისთვის ეჩვენებინათ, ქართველები პირველყოფილები და აგრესიულები არ ვართო. სამწუხაროდ, გერმანული არ ვიცი, რომ ოტო და მისი აღსაზრდელები კარგად მიმეთათხა. ქართველებს კი რა? ერთ ყურში შეუშვეს და მომსახურეობის სფეროს მენტალობის დახვეწა განაგრძეს.
In Response

ავტორი: მარიკა ლაფაური საიდან გვწერთ: ჰამბურგი
03.02.2010 02:57
მაკო, სტუმრებს, რომ კარგად დავხვდით, სულერთია ვის, ეს მე მგონი ძალიან კარგია. მე უფრო დამაინტერესებდა, ჩაატარა თუ არა რაიმე ლექცია პროფ. ლუხტერჰანდმა თბილისში, იყო თუ არა რაიმე ფორუმი, სადაც ამ ადამიანმაც მიიღო მონაწილეობა ქართველ კოლეგებთან ერთად. თუ არა,- რატომ არა. ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს.

ავტორი: nodari საიდან გვწერთ: tbilisi
02.02.2010 00:29
გაიხარე მარიკა! ბევრი რამე ვიცი შენი საქმიანობის შესახებ საქართველოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა სფეროში.მინდა გისურვო თანამოსაზრეების დიდი არმია.

ავტორი: მარიკა ლაფაური საიდან გვწერთ: ჰამბურგი
01.02.2010 23:11
დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის.
დარწმუნებული ვარ, რომ კოორდინირებული მუშაობით ბევრის მიღწევა შესაძლებელია. ამის საკუთარი გამოცდილება გვაქვს.

ავტორი: Lacho საიდან გვწერთ: Madrid
01.02.2010 22:49
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება, ყოველგვარი დამატებითი რესურსების გარეშე. თუ თითოეული ჩვენგანი ჩვენ წილ საქმეს გავაკეთებთ და ამას მივეჩვევით, საქმეც ნელ-ნელა წინ წაიწევს.

მადლობა ავტორებს ასეთი საინტერესო სამუშაოსთვის.

წარმატებებს გისურვებთ!

ავტორი: მამუკა მაცაბერიძე საიდან გვწერთ: თბილისიდან
01.02.2010 14:26
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამ დიდებული ქართველის მანდილოსნის, მარიკა ლაფაურს ვგულისხმობ, ფასდაუდებელ ღვაწლში რაც საქართველოსადმი შვილებრივი სიყვარულის გარდა ობიექტურ და კომპეტენტურ ბრძოლისუნარიანობასაც იტევს. მარიკას ცნობიერი თვალსაწიერი კარგად ეთანადება საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ბრძანებით შექმნილი საქართველოს რეალური ისტორიის დამდგენი კომისიის დასკვნას ე.წ. "ქართვიზაციის" თეორიის შესახებ: http://www.sveticxovelijournal.ge/docs/Sapatriarqos.pdf სადაც, სხვა პრობლემებთან ერთად, ოტო ლუხტერჰანდის და მის თანამოაზრეთა იდეურ მამებზეა საუბარი...

ავტორი: sopiko todua საიდან გვწერთ: tbilisi
01.02.2010 13:43
კიდევ ერთხე - დიდი მადლობა. მარიკა ნამდვილად შესაშურ საქმეს აკეთებს და კარგი იქნება, თუ ჩვენი საელჩო გერმანიაში ამ მიმართულებით გააქტიურდება, თორემ კაცს ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, რომ ამ, რბილად რომ ვთქვათ, დაუდებრობაზე რეაგირება მხოლოდ მარიკა ლაფაურის საქმეა. ამ მეტად საჭირო ჟურნალის შესახებაც, სამწუხაროდ, საქართველოში ცოტამ იცის და იქნებ ამაზეც გვეზრუნა? მერე ალბათ ჩვენც აღარ ჩავვარდებით მუდმივად უხერხულ მდგომარეობაში და მარიკასნაირი ადამიანებიც მეტი შემართებით დაიცავენ საქართველოს ინტერესებს ევრიპაში.

ავტორი: ზაზა ფირალიშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
01.02.2010 13:29
უაღრესად საჭირო საქმეა. ასეთი აქტივობების გარეშე ნამდვილად არაფერი გამოგვივა.

ავტორი: ლევანი საიდან გვწერთ: თბილისი
01.02.2010 12:38
ღმერთმა ხელი მოგიმართოს მარიკა. სამწუხაროა, რომ მარტო თქვენი ორგანიზაცია აქტიურობს ამ მიმართულებით. აუცილებელია ჩვენი დიპ-კორპუსის ჩართვა ამ საქმეში და გერმანულ სასამართლომდე საქმის მიტანა.

ავტორი: lia keidia საიდან გვწერთ: tbilisi
01.02.2010 04:40
ეს ყველაფერი ძალიან კარგია და მისასალმებელია. საქართველოს არ ჭირდება ეს ზედაპირული შეხედულებები, არ არის ამის დრო. საჭიროა აი ასეთი აქტიური ქმედებები. იმედს ვიტოვებ ეს არ გაგრძელდება მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე და სახელმწიფოც ხელს შეუწყოფს ასეთ ორგანიზაციებს. გ ი ს უ რ ვ ე ბ თ წარმატებებს.....
     
ტექსტის ზომა - +

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS