შემდეგი გადაცემები:


ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,7296
GEL / 
EUR
2,3292
GEL / 
RUB
0,0573

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

პოლიტიკა / საქართველო

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ახალი კონტექსტი (იყო თუ არა შემთხვევითი გიგი უგულავას ვერსია?)

31.01.2010
ავტორი ია ანთაძე
17 იანვარს რუსულ “Newsweek”-ში გამოქვეყნებული ინტერვიუ თბილისის მერთან – გიგი უგულავასთან, ფართო განხილვის თემად არ ქცეულა. რესპონდენტი უარყოფს სათაურში გამოტანილ ფრაზას, რომელიც ინტერვიუს ყველაზე არსებით ინფორმაციას მოიცავს; ჟურნალისტი კი ამტკიცებს, რომ ეს ფრაზა დაცულია მის აუდიოჩანაწერში. საფიქრებელია, რომ, არათუ ჩანაწერი არსებობს, არამედ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ახალ კონტექსტში, „ნიუსვიკის“ ინტერვიუს მთავარ თემას ხელისუფლება კიდევ არაერთხელ დაუბრუნდება.

* * *

ვარდების რევოლუციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს ორი მთავარი პრიორიტეტი ჰქონდა: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს ინტეგრაცია ევრო-ატლანტიკურ სივრცეში. ამ პრიორიტეტებს დაექვემდებარა სახელმწიფოს მართვის ყველა პრინციპი, რომელთა საერთო შინაარსი იყო ძალაუფლების თავმოყრა აღმასრულებელ ვერტიკალზე და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა წრის მაქსიმალურად შეკვეცა. 2013 წელს მიხეილ სააკაშვილს მეორე საპრეზიდენტო ვადა ეწურება და, ბუნებრივია, მისი პრეზიდენტობა სწორედ იმ ორ საკითხთან მიმართებაში შეფასდება, რომლებიც წლების განმავლობაში მის მიერვე სახელდებოდა სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტებად.

დავიწყოთ ნატოთი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ნატოს წევრობასთან დაკავშირებით ეთუზიაზმი მთლიანად ჩამქრალია. ყველას ესმის, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობით, საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ვერ გახდება.

თავისთავად ჩნდება მოვლენების განვითარების სამი სცენარი. პირველი: საქართველოს სახელმწიფო ნებაყოფლობით ამბობს უარს საკუთარი ტერიტორიების ნაწილზე და ახალი საზღვრებით აგრძელებს სვლას ნატოსკენ; მეორე: საქართველო იბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს და გაერთიანებული ქვეყნა ხდება ჩრდილო- ატლანტიკური ალიანსის წევრი. მესამე: პრეზიდენტი ირჩევს იმ ვარიანტს, რომელზეც გიგი უგულავა საუბრობდა „ნიუსვიკის“ ჟურნალისტთან: საქართველო უარს ამბობს ნატოს წევრობაზე, თუკი რუსეთი ფაქტობრივად აბრუნებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ჩვენი სახელმწიფოს იურიდიულ საზღვრებში.

* * *

მიხეილ სააკაშვილს არც ისე ბევრი დრო რჩება გადაწყვეტილებების მისაღებად. პირველი გზა – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ოფიციალურად უარის თქმა – შეიწირავს ნებისმიერი პრეზიდენტის კარიერას, ვინც ამგვარ დოკუმენტზე ხელს მოაწერს. როგორც ჩანს, სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მეორე გზა ტერიტორიების დაბრუნებაა რუსეთის თანხმობის გარეშე. თეორიულად, ეს ომითაც შეიძლება მოხდეს და მშვიდობითაც – თუკი თავად აფხაზები და ოსები მოინდომებენ. ომის გზა მოკლე გზაა, მაგრამ როგორც წელიწადნახევრის წინანდელმა მოვლენებმა დაგვანახა – პრაქტიკულად არარეალური და უშედეგოა. მშვიდობის გზა კი მეტისმეტად ნელია და მიხეილ სააკაშვილს უკვე დააგვიანდა აფხაზებისთვის და ოსებისთვის მშვიდობის შეთავაზება. როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, ვარდების რევოლუციის შემდეგ აფხაზეთშიც გაჩნდა გარკვეული მოლოდინი ახალ პრეზიდენტთან დაკავშირებით. მაგრამ იმ პერიოდმა ჩაიარა და ახლა ათწლეულები დასჭირდება ისეთი ქვეყნის შენებას, რომელში ცხოვრებაც აფხაზებსა და ოსებს მთელი გულით მოუნდებათ. საბოლოოდ, ტერიტორიების დაბრუნების ორივე გზა – ომიც და მშვიდობაც – უახლოეს პერიოდში მიუღწეველი ჩანს. მიხეილ საკაშვილს კი სულ სამწელიწადნახევარი რჩება იმისთვის, რომ რეალურ შედეგს მიაღწიოს.

აი, ამ კონტექსტში იძენს მნიშვნელობას გიგი უგულავას მიერ „ნიუსვიკის“ ჟურნალისტისთვის ნათქვამი ფრაზა, რომ თუ რუსეთი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარს გაიყვანს, საქართველო უარს იტყვის ნატოს წევრობაზე. რუსეთის მხრიდან ჯარის გაყვანა ამ ტერიტორიების საქართველოსთვის დათმობის ტოლფასია. რაც, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ორი პირობიდან ერთს, მეტად მნიშვნელოვანს, შეასრულებს – ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს.

* * *

სხვა საკითხია, რუსეთი რატომ გაიყვანს ჯარს აფხაზეთიდან და ოსეთიდან, საქართველოს ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ, როდესაც ჩვენთვის ნატოს კარი ისედაც დახურულია. მაგრამ არსებულ ვითარებაში, სააკაშვილისთვის ყველაზე მისაღებ გზად, შესაძლოა, მაინც რუსეთთან მოლაპარაკება რჩებოდეს.

PR კამპანია, რომლის თანახმად, ომი ჯერ არ დასრულებულა და, ესე იგი, ის საქართველოს არ წაუგია, – მთლიანად გაკოტრებულია. შესაბამისად, თუ მიხეილ სააკაშვილს არც ტერიტორიის დათმობა უნდა, არც ომი შეუძლია და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვისაც დრო აღარ რჩება, ცხადია, ადრე თუ გვიან, პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წევრებს სწორედ იმ თემასთან დაბრუნება მოუხდებათ, რომელიც გიგი უგულავამ 2010 წლის დასაწყისში, ალბათ, არცთუ შემთხვევით წამოჭრა.
ეს ფორუმი დაიხურა
Comment Sorting
     
კომენტარები
ავტორი: mematiane ioane საიდან გვწერთ: uleblad
10.02.2010 02:02
რა თქმა უნდა არ იყო შემთხვევითი და ამ არაშემთხვევითობას ალბათ ხელს უწყობს ევრაზიაში ტყულებით გაჟღენთილი საზოგადოებრივ პოლიტიკური ატმოსფერო. აი ახალთახალი მაგალითი :

"რუსეთის დუმის (ძალიან გთხოვთხოვთ დუნდულაში არ აგერიოთ,რუსეთის პარლამენტია,მემატიანე იოანე) " ერთიანი რუსეთი"-დან დეპუტატი სერგეი მარკოვი :

"ჩვენ არ ვვაჭრობთ აფხაზებითა და ოსებით (მართალია,მთელი ცივილიზებული სამყაროს საროსკიპოები სავსეა სლავი თუ მოსლავო და არასლავი მზეთუნახავებით,საკმაოდ სარფიანი ვაჭრობაა, გაჩაღებული. მემატიანე) იმიტომ რომ ისინი არ არიან ჩვენი მონები. ესაა სახელმწიფოები რომელთაც გამოიტანჯეს გარკვეული დამოუკიდებლობა (მიაქციეთ ყურადღება სიტყვას "გარკვეული", რაც იმას ნიშნავს რომ შეიძლება იყოს გარკვეული მორჩილებაც,საინტერესო პერსპექტივაა,მემატიანე).
დანაშაული ჩაიდინა არა მარტო სააკაშვილმა.

მთელმა ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ჩაიდინა უუხეშესი შეცდომები როდესაც უარს ამბობდა 15 წლის მანძილზე შეთავაზებულ კომპრომისებზე. 15 წლის მანძილზე რუსეთი უბიძგებდა აფხაზებს და ოსებს საქართველოსთან კომპრომისების ძიებისაკენ..." ამ ღაღადისის მოსმენა შეიძლებოდა "ეხო კავკაზა"-ს დღევანდელ (09.02.2010) გადმოცემაში.

თავი დავანებოთ იმას რომ ნამეტანი მეტისმეტად უღრმესად პატივნაცემი რუსეთელი პოლიტიკოსი ერთმანეთში ურევს ხალხებისა და სახელმწიფოების ცნებებს (აფხაზები და ოსები ვერაფრით ვერ იქნებიან სახელმწიფოები, სახელმწიფოები შეიძლება ეწოდოს მხოლოდ აფხაზეთსა და ოსეთს ) და იმას რომ რუსეთი აფხაზებსა და ოსებს საქართველოსთან "კომპრომისისკენ" უბიძგებდა სახმელეთო ჯარების, სამხედრო ფლოტისა და ავიაციის თუ სპეცსამსახურების რაზმების აფხაზეთის და "ოსეთის" მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის ჟლეტაში და გაძევებაში უაქტიურესი მონაწილეობით. ის არაფერს ამბობს რომ რუსეთის ჯარების და ფლოტის ნაწილეობით გარშემორტყმული "გაურკვეველ გარემოებებში" დაიღუპა საქართველოს პრეზიდენტი ბატონი ზვიად გამსახურდია რომელიც სწორედაც რომ ეძებდა კომპრომისებს; ვთქვათ თუნდაც აფხაზების რადიკალურად განწყობილ ნაწილთანაც რომელსაც ჯერ არ ჰქონდა მიღებული მონაწილეობა ეთნიკურ წმენდაში თუ გენოციდში და რომ მეტიც მას ზოგი ქართველი მას ბრალად სდებდა აფხაზების წახალისებას აფხაზეთის ქართველთა საზარალოდ ანუ აფხაზეთის ქართველთა ჩაგვრას და შევიწროებას.

ეს რა თქმა უნდა ზოგის აზრით ისტორიის "დეტალებია" რომლების დავიწყებითაც შეიძლება მთელი საქართველოს ლაფში თრევა და საქართველოს გლეჯა-დასახიჩრების წყნარად გაგრძელება. კრემლის არემარიდან მომავალ ამ ბინძურ ცილისწამებას სერიოზულ პასუხს რა თქმა უნდა ვერავინ გასცემს და საქართველოს დასახიჩრებული ნაშთის შენარჩუნების გზად არც თუ ისე ცოტა ქართველი ალბათ დაინახავს სერგეი მარკოვის და მისი პატრონების ფეხისქულების ღიცინს და მსგავს "პროცედურებს". მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, იქნებ ნოღაიდელი-მარკოვის ალიანსიც მატ უნებურად იქნებ სულ საწინააღმდეგო რამედ შებრუნდეს. გაუძელით.

ავტორი: cnobismoyvare
07.02.2010 05:15
რუსულ-გერმანული ნეოსტალინიზმი?

"გამალებული ვაჭრობის სცენა : " ნატოში მიმავალ გზაზე საქართველოსთვის არსებითი დაბრკოლება გარდა დეფიციტებისა სამართლებრივი,დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში არის სამხრეთოსეთური და აფხაზური კონფლიქტების მოუგვარებლობა. გერმანელ დამკვირვებელთა უმრავლესობა მიიჩნევს რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას კიდევ დიდი დრო დასჭირდება და სესაბამისად გარკვეული დროით გადაიდება საქართველოს ნატოში შესვლაც.

მაგრამ არიან ისეთებიც რომლებიც სხვაგვარად აფასებენ მდგომარეობას და მიუთითებენ იმაზე რომ ყველაზე უსაფრთხო საზღვრები რუსეთს აქვს სწორედ ნატოს სახელმწიფოებთან.

ბერლინელი პოლიტოლოგი სერგეი ლაგოდინსკი, მაგალითად, თვლის რომ პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება იყოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გამოყოფა საქართველოსგან და საქართველოს ნარჩენის, იმის რაც მისგან დარჩება, უკრაინასთან ერთად პარალელურად შეერთება ნატოსთან" ("გერმანული ტალღა", 23.08.2008°. რუსულ-ქართული კონფლიქტი ამ კვირაში გერმანიაში რჩებოდა მთავარ საგარეოპოლიტიკურ თემად).

ცნობილია რომ თანამედროვე გერმანიაში უნდა ცხოვრობდეს "შტაზის" უამრავი და სოციალური კიბის სხვადასხვა საფეხურებზე განაწილებული თითქოს ყოფილი აგენტი. ამის თაობაზე პერიოდული სკანდალები არყევს გერმანიას.

ცნობილია რომ ინდოეთისკენ მიმავალ სტრატეგიულ გზაზე მცხოვრები "ურჩხულის" , "შოვინისტი" ქართველი ერის, დასჯის გეგმა პალეობიოლშევიკური გეგმა იყო,რომელიც ხმამაღლა გამოთქვა პალეობოლშევიკური კრემლის სამხედრო ატაშემ თბილისში გენერალმა სიტინმა. ისიც ცხადია რომ გასაბჭოების შემდეგ აფხაზეთის " დამოუკიდებელ" საბჭოთა " რესპუბლიკად" გამოცხადება და სამხრეთ ოსეთის შექმნა ქართლში და ამით საქართველოს საზღვრის მეორე მხრიდან შეგლეჯა იყო "ქართული საშინელების" სამაგალითოდ დასჯის ნაწილი.

დღესაც იგივე ხდება,პოსტბოლშევიკური კრემლის მიერ "ქართული საშინელების" სამაგალითოდ დასჯის "მეორე 'განყოფილობა" ( " სახეზე გატყობთ კმაყოფილობას, ვიწყებთ მეორე განყოფილობას", როგორც თქვა ქართველმა კლასიკოსმა) ეხლაც ცხადდება "ქართულ-აფხაზურ" და "ქართულ ოსურ" ომებად. საქართველოს ერთი ომი პალეობოლშევიკურ-პოსტბოლშევიკურ ურჩხულთან ცხადდება ქართველი ურჩხულის ომად ეროვნულ უმცირესობებთან და ამ ფონზე მიდის ვაჭრობა. "ჩვენ თქვენ ამას მოგცემთ თქვენ ჩვენ ეს დაგვითმეთ". იმედია რომ თანამედროვე ქართული ინტელექტუალური გენია ეხლა მაინც გამოიღვიძებს, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, იქნებ რაღაც ნამცეცების გადარჩენა მოხერხდეს. იცოცხლეთ და გაგიმარჯოთ არაპალეობოლშევიკურ-არაპოსტბოლშევიკურ კაცობრიობასთან ერთად.

ავტორი: green საიდან გვწერთ: usa
07.02.2010 01:42
ეს არ არის ანალიზი,ეს არის მერვეკლასელის თვალით დანახული საერთაშორისო მიმოხილვა...რაც შეეხება უგულავას ინტერვიუს,როგორ შეიძლება რუსის გჯეროდეს,იმ რუსის,რომელთა მთელი მოღვაწეობა ქართველებში უიმედობის დანერგვასა და ქართული სახელმწიფოს დანგრევაზეა მიმართული? საერთოდ ქართული ჟურნლისტია დღეს არის "უაზრო,ბოღმიანი ლირიკა"...

ავტორი: ILIA საიდან გვწერთ: BELGIA
03.02.2010 22:45
საქმე იმაშია რომ უახლოეს ხანში ამ საკითხს არ უწერია გადაწყვეტა.ჩვენ უნდა შევხედოთ რეალობას,არც ნატო და არც სხვა ქვეყანა რუსეთს არ დაეჯახება საქართველოს გულიზე.ეს კარგად გამოჩნდა 2008 წლის აგვისტოში,მეტიც არც ევროკავშირში და ნატოში მიღების პერსპექტივაა უახლოეს ხანში.ეს ხელისუფლებამაც კარგად იცის და უგულავამაც მიტომ გააჟღერა ეს ფრაზა.

ავტორი: ika საიდან გვწერთ: Tbilisi
03.02.2010 09:39
საგარეო პოლიტიკაში არის კიდევ ერთი გზა და ეს გზა ევროკავშირში ინტეგრაციის გზა არის. ეს ყველაზე ეფექტური და ხელსაყრელი იქნება საქართველოსთვის. ნატოში ინტეგრაციაზე უფრო ხელსაყრელი - მე ვიტყოდი. სხვათაშორის ხელისუფლაბაშიც იყოს ეს აზრი მყარად ფეხმოკიდებული ომის დასრულების შემდეგ. გავიხსენოთ პრეზიდენტის გამოსვლა ბარსელონაში გასულ წელს, როდესაც მან განაცხადა რომ საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანებზადე მეტად ევროკავშირში გაწევრიანებაა უფრო მნიშვნელოვანიო.
საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების რიტორიკა 2006 წლის იანვარში შეწყვიტა და იმის მერე პირველად ამის შესახებ სწორედ ბარსელონაში ითქვა.

ავტორი: მამუკა საიდან გვწერთ: თბილისი
02.02.2010 01:07
"ათწლეულები დასჭირდება ისეთი ქვეყნის შენებას, რომელში ცხოვრებაც აფხაზებსა და ოსებს მთელი გულით მოუნდებათ."
როგორი ია როგორიიიი?????
ახლა ხომ ცხოვრობენ ისეთში, როგორიც უნდათ? ხო გადახნეს რაც კაი ქონდათ და დააბულდოზერეს და მოიპარეს...აშენეთ აშენეთ ია.
In Response

ავტორი: melanqolikosi
08.02.2010 04:48
არა;მაინც ვერ გავცდით ზოგადად ხალხების გასამართლებას. აფხაზთა ნაწილს საზოგადოდ აფხაზეთშის განადგურებაში ბევრი არააფხაზი "წაეხმარა", ისევე როგორც ქართველთა ნაწილს სრულიად საქართველოს აოხრებაში.,

და საერთოდ დაკვირვებულ კაცს ამ წუთისოდლის ქცევისას ვთქვათ აი ასეთი აზრებიც შეიძლება მოუვიდეს თავში: "სიკვდილი,ო მეგობარო, არა მხოლოდ ასულია ამ ცხოვრებისა, დედაცაა" ( სუფიური ანდაზა".

"სიკვდილი რო მარ იყოს არ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი,მდიდარი და ღარიბი, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა. სიკვდილი რომ არ იყოს არ დაგვჭირდებოდა ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა.
არც ოსტატური სიტყვა-პასუხი. არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით. არც ბედნიერნი, არც უბედურნი, არაფერნი არ ვიქნებოდით. ვინღა გაგვარჩევდა . სიკვდილი რომ არ იყოს მთელი ჩვენი უსასრულო სიცოცხლე არაფერი იქნებოდა. ახლა კი სიკვდილი რომ არის სიცოცხლე სიცოცხლეა" (გურამ დოჩანაშვილი).

ასეა დაბნეული ადამიანი. მოდით კიდევ უფრო ნუ დავაბნევთ. იცით,იყვნენ უბედურებაში ჩავარდნილი ქართველების მშველელი აფხაზებიც" კი"... " რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ და ყველაფრის მიუხედავად იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს როდესაც გავჩნდით ამ დალოცვილ და სასტიკ ქვეყანაზე... ( ერთი კაი ქართველის, ასეთებისც არიან,თქვენ წარმოიდგინეთ, მოტივებზე). იცოცხლეთ და გაგიმარჯოთ აქა-იქ გადარჩენილ კაი ქართველებთან,აფხაზებთან,ოსებთან "და ა.შ."-სთან ერთად.

ავტორი: ვახო მაქარაშვილი საიდან გვწერთ: აიდაჰოდან
01.02.2010 21:54
ია, კიდევ ერთხელ მოარტყით მიზანში. თქვენი სტატიები როგორც ჩანს იმ "ჭიტლაყივით" მწარედ ხვდებათ ზოგიერთებს სოდ-ის ხალხმა რომ უთავაზა ყოფილ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს. დიდი მადლობა ამისთვის! არგუმენტირებულად კი არ აკრიტიკებენ თქვენს ნაწერს... უბრალოდ გეუბნებიან, "ნუ გვირტყავ ვააა" :)
In Response

ავტორი: ავთანდილოვიჩი საიდან გვწერთ: სახლიდან
03.02.2010 03:23
ამხანაგ ვახო მაქარაშვილს,
აი, თქვენი გამნზომილებებიც და არგუმენტებიც გამოჩდა. ან აქეთ უნდა გაიხედო, ან იქეთ. ამიტომ თქვენთან საუბარი არ ღირს.
In Response

ავტორი: ვახო მაქარაშვილი საიდან გვწერთ: აიდაჰოდან
02.02.2010 22:26
ავთანდილოვიჩ,
მე არ მითქვამს რომ ვინმე ვინმეს "ურტყამს". უბრალოდ თქვენი და ზოგიერთების რეაქცია გავს "დარტყმის მოგერიებას". ასე იმიტომ ჩანს, რომ უბრალოდ იას და მისი სტატიების დისკრედიტაციას ეწევით, იმის მაგივრად რომ თქვენი აზრი დასაბუთებულად გამოხატოთ. აბა, სხვა რა უნდა იფიქროს კაცმა, როცა ამბობთ: "სისულელეა, ბლაბლაბლა, ერთგანზომილებიანი და ა. შ." გასაგებია, რომ კომპლექსური და ყოვლისმომცველი ანალიზი ეს არ იყო, მაგრამ ჩემი აზრით ავტორს ცხადად და ლოგიკურად ჰქონდა თავისი სათქმელი ჩამოყალიბებული. თქვენ თუ ამ სტატიაში ლოგიკას ვერ ხედავთ, მაშინ აზრი არ აქვს საუბარს. ისე, თუ ერთგანზომილებიანობა გაღიზიანებთ, პრეზიდენტს შეხედეთ და დატკბით... როგორი მრავალწახნაგოვანი კაცია! :) ტენისის თამაში ცოდნია თურმე მაგრად! :)
In Response

ავტორი: ავთანდილოვიჩი საიდან გვწერთ: სახლიდან
02.02.2010 15:24
ვახო მაქარაშვილს,
ჯერ ერთი: თუ რტესპონდენტი უარყოფს და რედაქციას ჩანაწერი აქვს და ა.შ. ეს უკვე პრობლემატური ბაზაა, აქედან დასკვნების გასაკეთებლად. მეორეცა: ანთაძეს სტატიები ძირითადად ერთგანზომილებიანია, ხოდა ჩემო ბატონო ურტყით და გაიხარეთ.
In Response

ავტორი: ვახო მაქარაშვილი საიდან გვწერთ: აიდაჰოდან
01.02.2010 23:23
რა არის ყურით მოთრეული? ხომ ფაქტია რომ უგულავამ მართლა თქვა ეგ?!
In Response

ავტორი: ავთანდილოვიჩი საიდან გვწერთ: სახლიდან
01.02.2010 22:37
აუ, რა სამიზნე! სალუქვაძესავით ტყვიას ტყვიაში აჯენს! :)))) ამ უსუსურობას რა არგუმენტები უნდა, რაღაცა ყურით მოთრეული ინფორმაციების უსაქმურად გარჩევა.

ავტორი: ფატი საიდან გვწერთ: ქუთაისიდან
01.02.2010 21:49
იას რაც ესიზმრებოდა,ის ელანდებოდაო ან პირიქით.

ავტორი: ავთანდილოვიჩი საიდან გვწერთ: სახლიდან
01.02.2010 15:27
შიდა პოლიტიკაზე სისულელეების მეტი არაფერი წამიკითხავს. გარეთ რა ხდება, ხომ საერთოდ თითქოს არც არსებობს. ომი რომ კვლავ მიმდინარეობს, ამას ანალიტიკოსი ავტორი ვერ ხვდება და რაღა უნდა მოსთხოვო.

ავტორი: dato საიდან გვწერთ: tbilisi
01.02.2010 13:15
ძალიან სუსტი ანალიზია, მომზადებული ქართულ "ექსპერტულ" წრეებში გავრცელებულ კლიშეებზე დაყრდნობით. გულწრფელად მაინტერესებს, საერთაშორისო პოლიტიკის გასაგებად რა წიგნებს კითხულობთ?

ავტორი: zaza საიდან გვწერთ: tbilisi
01.02.2010 12:34
ვერ დაგეთანხმები ია. ჩემი აზრით ისეთი პატარა ქვეყანები, როგორიც საქართველოა დიდ პოლიტიკას ვერასოდეს ქმნიან. მათ მხოლოდ რეაგირება შეუძლიათ. ასე იყო და ასე გაგრძელდება ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლების სათავეში. როგორ ფიქრობ დემოკრატიის ოაზისად რომ ექცია სააკაშვილს საქართველო. მაშინ მიგვიღებდნენ ნატოში? ამ სტატიის ლოგიკით ეს გამორიცხულია. ამიტომ ვინმეზე ამის გადაბრალება არამართებულად მიმაჩნია.

რაც შეეხება თვითონ ოსების და აფხაზების გულის მოგებას. ოსების გულს მოგების წამალი ერგნეთის ბაზრობის აღდგენაა, ხოლო ყველა სხვა გზა ომამდე მიდის. რაც მოხდა კიდეც. აფხაზეთის შემთხვევაში კი იქ რაიმეს თქმა ძალიან ძნელია, რადგან იქ თვითონ აფხაზების გავლენა ძალიან მინიმალურია. რუსების და სომხების დარწმუნება იმაში, რომ რუსეთში ყოფნას საქართველოსთან ყოფნა ჯობია არარეალურად მიმაჩნია იქ დემოგრაფიული ბალანსის გამოსწორებამდე.

ავტორი: levani საიდან გვწერთ: saqartvelodan
01.02.2010 03:27
blablabla
In Response

ავტორი: ავთანდილოვიჩი საიდან გვწერთ: სახლიდან
01.02.2010 15:28
რა ვერ გაიგეთ, ბლაბლაბლაა ნამდვილი.
In Response

ავტორი: manana საიდან გვწერთ: USA
01.02.2010 03:54
უკაცრავად, ვერ გავიგე, ეს როგორ ითარგმნება?

ავტორი: თორნიკე საიდან გვწერთ: თბილისი
01.02.2010 01:17
გამარჯობა!საინტერესო სტატიაა,მაგრამ ჩემი აზრით ,,ვარდების ხელისუფლება''ახლა მხოლოდ თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასულიდა თუ ტერიოტორიულ მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით რაიმე სახის დოკუმენტებს თხზავენ მხოლოდ ხალხისთვის თვალში ნაცრის კიდევ ერთხელ შესაყრელად.ისინი იძულებულნი არიან საერთაშორისო დონეზე გაიტანონ ეს საკითხი, რადგან თვითონ ვერაფერს ვეღარ აკეთებენ.,,ნატო''და ზოგადად ევროპა-ამერიკა ცდილობს რუსეთთან ურთიერთობები დაალაგონ. ამიტომ ჩვენი გულისთვის არავინ თავს არ შეიწუხებს და მხოლოდ ვერბალურ დონეზე გაგვამხნევებენ. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ არც ამერიკას და არც ევროპას არ აწყობს აფხაზეთის და ოსეთის ,,დამოუკიდებლოება'', რადგან ამით რუსეთი კიდევ უფრო გაძლიერდება. მსოფლიო პოლიტიკაში ,,უანგარო მეგობრობა'' არ არსებობს და არც საკუთარი ინტერესები ავიწყდება ვინმეს.

ავტორი: manana საიდან გვწერთ: USA
31.01.2010 22:33
შესანიშნავი ანალიზია.

ავტორი: ია ანთაძე
31.01.2010 21:39
ძვირფასო მეგობრებო, ეს სტატია ამერიკაში წასვლამდე დავწერე და დავტოვე რადიო თავისუფლების ოფისში. ასე იყო ეს ამბავი. ამერიკა არაფერ შუაშია.
In Response

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
01.02.2010 15:46
ია, ეტყობა "სამტრედიელები" განსაკუთრებით ინტერესდებიან თქვენი მოგზაურობის ასპექტებით

ავტორი: ავთანდილოვიჩი საიდან გვწერთ: სახლიდან
31.01.2010 21:00
რამდენი ასეთი უსუსური "ანალიზები" იწერება ამ ქართულ მედიაში?
In Response

ავტორი: ვახო მაქარაშვილი საიდან გვწერთ: აიდაჰოდან
02.02.2010 09:08
სოლომონ, სამი "ავტორი" გასაგებია: კავკასიოლოგი, გერმანე და ანონიმი. მეოთხე რომელია? ეგენი "ერთმანეთის" რეფერენსებს კითხულობენ? :))
In Response

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
01.02.2010 15:45
თავისუფლების ვებ-გვერდის ბლოგებზე მოღვაწე პირებიდან, სულ 4 "ავტორია", ვინც გერმანულ წყაროების რეფერირებითაა დაკავებული...

ეს ისე, "ინფორმაცია კ რაზმიშლენიუ"
In Response

ავტორი: ანონიმი
01.02.2010 06:14
http://web.uvic.ca/~sdoyle/E302/Notes/Policy%20Recommendation.html
In Response

ავტორი: ანონიმი
01.02.2010 06:11
ხსენებულ პრობლემაზე მათთვის ვინც გერმანული იცის...
http://www.wissenschaftliches-arbeiten.de/rezension.htm
In Response

ავტორი: ანონიმი
01.02.2010 00:59
აქ ანალიზი ჰქვია ყველაფერს.

ავტორი: melanqolikosi
31.01.2010 20:56
ისე შეიძლება დაუმთავრებელ გაუთავებელი ომის პირობებშიც კამათი იმაზე თუ ვინ წააგო ან არ წააგო ომი, : ხელისუფლებამ, სახელმწიფომ,ქვეყანამ თუ ერმა, თუ ყველამ ერთად ან ცალ-ცალკე. მთავარი ალბათ ისაა რომ მოკამათეები ძალიან არ გაერთნენ და ამ დაუმთავრებელ გაუთავებელი ომის მორიგი აფეთქების მოახლოება არ გამორჩეთ იმიტომ რომ კრემლს უარი სულაც არ უთქვამს ევროპის და აზიის საბჭოთა,არასაბჭოთა ,ანტისაბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა "რესპუბლიკების" "კავშირის" შექმნის პროექტის თუ პროექტების განხორციელებაზე( ის კი მრავალნაირად შეიძლება გამოიხატოს)... გაუძელით, იცოცხლეთ და გაგიმარჯოთ საქართველოსთან ერთად.

ავტორი: მათე საიდან გვწერთ: სამტრედია
31.01.2010 18:42
ასეთი სისულელის დასაწერად რა საჭირო იყო აშშ გამგზავრება?
     
ტექსტის ზომა - +

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS