Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ვის და რატომ დაურეკა უკრაინაში?


საქართველოში ბევრი საზოგადოებრივი გაერთიანება და პოლიტიკური პარტია გამოეხმაურა უკრაინული გამოცემა “კომერსანტის” მიერ გავრცელებულ სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერს. უკრაინული გამოცემის მტკიცებით, ერთ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვინმე კონსტანტინეს ელაპარაკება. ჩანაწერში გაისმის უცენზურო სიტყვები და მუქარა, რომ თუკი დონეცკში არ ჩაუშვებენ ქართველ დამკვირვებლებს, მაშინ “ჩავა და ქალაქს თავზე დაახურავს.” მეორე შემთხვევაში კი, გამოცემის წყაროს ვერსიით, თარგამაძის თანამოსაუბრეა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც ჰპირდება ქართველ პარლამენტარს, რომ დონეცკში დამატებით ხალხს გაუგზავნის იულია ტიმოშენკოს დასახმარებლად:

მერაბიშვილი: „ახალაიამ მითხრა, რომ მომცემს მოჭიდავეებს და მე მათაც შენ გამოგიგზავნი.“

თარგამაძე: „ისინი უკვე აქ არიან, დონეცკში.“

მერაბიშვილი: „კიდევ მინდოდა გამომეგზავნა, მაგრამ თვითმფრინავები ტექნიკურად ვერ ასწრებენ. შენ მაგათ უთხარი, რომ მეორე ტურისათვის მოამზადონ თვითმფრინავები, რადგან უკრაინულ რეისებს ხომ არ ჩაგვიკეტავენ? მე მინდა 200-300 კაცი გამოვგზავნო. ამის გაკეთება კი ძნელია ჩვენი თვითმფრინავებით.“

საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია, თუ რამდენად შეესაბამება უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული სატელეფონო საუბრის შინაარსი რეალურს, ან რატომ უნდა ყოფილიყო შინაგან საქმეთა მინისტრი დაკავებული მოჭიდავეების გაგზავნით უკრაინაში, თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე კი - სხვა ქვეყნის არჩევნებში დამკვირვებლების მობილიზებით. რაც შეეხება თავად გივი თარგამაძეს, საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა ქართველი პარლამენტარის კომენტარი, რომელშიც ნათქვამია, “300 ადამიანი ტექნიკურ საკითხებზე მართლაც ჩავიყვანეთ დონეცკში და ეს დამალული ფაქტი არ ყოფილაო.”

უკრაინული და ქართული მედიით გავრცელებულ სატელეფონო საუბრის ჩანაწერს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში. ოპოზიციურმა პარტიებმა დაგმეს უკრაინის არჩევნებზე “დამკვირვებლობასთან შეუთავსებელი პირების” მივლინება და თარგამაძე-მერაბიშვილის საუბარს უკრაინის შინაურ საქმეებში დაუფარავი ჩარევა უწოდეს.

“ალიანსს საქართველოსათვის” მიუღებლად მიაჩნია უკრაინის შიდაპოლიტიკურ საქმეებში უხეში ჩარევა. „მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ საფრთხის ქვეშ დააყენა ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობის მომავალი და მთელი პასუხისმგებლობა შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე მთლიანად საქართველოს პრეზიდენტს ეკისრება”, – განაცხადა “ალიანსი საქართველოსათვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 20 იანვარს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

უკრაინული მედიით გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვს “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო”, რომელსაც პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე ხელმძღვანელობს. “მოვითხოვთ ვანო მერაბიშვილისაგან, გასცეს პასუხი საზოგადოებას, რეალურია თუ არა აღნიშნული ჩანაწერი”, - ნათქვამია “დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” უთხრა, რომ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც ჩანაწერს მოუსმენს.

რაც შეეხება გივი თარგამაძეს, პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა: “ახლა უკრაინას გაცილებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე კონცენტრირება სჭირდება, ვიდრე ჩემი სატელეფონო საუბრის მოსმენაზე დროის კარგვააო.”
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG