Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”საბაზე” კონკურსი გამოცხადდა


ლიტერატურული პრემია "საბა"
ლიტერატურული პრემია "საბა"
ლიტერატურული კონკურსი „საბა“ წელს მერვედ ჩატარდება. 13 იანვარს ოფიციალურად გამოცხადდა “საბაზე” საკონკურსო წიგნების მიღება. გამომცემლობებს წარსადგენი სია თითქმის მზადა აქვთ. შვიდი სხვადასხვა და ერთიც განსაკუთრებული ნომინაცია ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის – ამ ნომინაციებში გამარჯვებულების გამოსავლენად “საბას” ხუთკაციან ჟიურის მალე ათობით წიგნის წაკითხვა მოუწევს.

“საბა” ქართულ ლიტერატურულ პრემიებს შორის ჯერჯერობით ყველაზე სოლიდური პრემიაა. საპრემიო ფონდიც მიმზიდველია – 4000 ლარი გამარჯვებულ ნომინანტს, დაჯილდოების ცერემონიაც მასშტაბურია და მას მედიის თითქმის ყველა საშუალება აშუქებს. აგერ უკვე მერვე წელია, თუ “საბას” მოგანიჭებენ, პოპულარობა გარანტირებულია. გამომცემლობების დაინტერესება იზრდება, შენი ფოტო - რომელიმე ცნობილი ჟურნალის ყდაზე... ინტერვიუები... მეტი ყურადღება. მოკლედ, მთლად ისე არა, როგორც ცნობილი პრემიები დასავლეთში, მაგრამ თავისებურად “საბაც” უცვლის ცხოვრებას ლიტერატორებს.

ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ როდესაც “საბაზე” კონკურსი ცხადდება, ინტერესიც მომენტალურად იზრდება. ვინ წარადგინეს? „შორთ ლისტში“ ვინ მოხვდა? ვის მისცემენ? - ეს საბამდე და: ”როგორ ვერ გავიდა”, ”აშკარად სჯობდა”, ”ნამდვილად ეკუთვნოდა” და მსგავსი შეფასებები - საბას შემდეგ. გულგრილი ამ პრემიის მიმართ, ვისაც ლიტერატურასთან რაიმე შეხება აქვს, არავინ რჩება. რვა წლის წინ კი, 2003-ში, როგორც „საბას” ორგანიზატორი და დამფუძნებელი თი-ბი-სი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ძირკველიშვილი იხსენებს, თი-ბი-სი-მ მაშინ ამ კონკურსის სქემის შესადგენად მიმართა მწერალთა ჯგუფს, რომელშიც შედიოდნენ დათო მაღრაძე, დათო ტურაშვილი, რატი ამაღლობელი. მას შემდეგ პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა. წლების განმავლობაში მხოლოდ საპრემიო ფონდი იზრდებოდა: არ შეცვლილა კრიტერიუმები, არ შეცვლილა პროცედურა, არც ნომინაციების ნუსხა შეცვლილა და ეს რვა ნომინაცია მთელ ლიტერატურულ პროცესს მოიცავს”, - გვეუბნება მაია ძირკველიშვილი. ბევრი იფიქრეს მაშინ სახელზეც, სპეციალური კვლევაც კი ჩაატარეს და ბოლოს სწორედ ამ სახელზე შეჯერდნენ და, აი, რატომ: ” ‘საბაში’ ბევრი ემოცია ერთიანდება. ერთი მხრივ, ეს არის ასოციაცია სულხან-საბასი, რომლის სახელთან არის დაკავშირებული პირველი ქართული ლექსიკონი ”სიტყვის კონა”. რატომ საბა და არა სულხანი? იმიტომ, რომ საბა უფრო თანამედროვეა, ამიტომ შეკვეცილი სახელი ავიღეთ და თან პრემია ”საბა” თანამედროვე ლიტერატურას განიხილავს, იმას, რაც დღეს იწერება.”

„საბას“ ჟიური, როგორც მაია გვეუბნება, ყოველწლიურად იცვლება. ეს „საბას“ პირველი პრინციპია. არის კიდევ ერთი, ასევე უცვლელი პრონციპი: ჟიურის შემადგენლობის მრავალფეროვნება როგორც ასაკის, გემოვნების,ისე ჟანრების მიხედვით.

ბოლო, ფინალისტთა სიაში, ანუ ე.წ. „შორთ ლისტში“, დაახლოებით 40 წიგნი ხვდება. საუკეთესო რომანი, პროზაული კრებული, პოეზია, დებიუტი, პუბლიცისტიკა, თარგმანი, პიესა - ასეთია ძირითადი შვიდი ნომინაცია. მერვე, ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის, გადაეცემა იმ წლის გამორჩეულ ავტორს. ამ საბოლოო სიაში შესული წიგნები ჟიურის ყველა წევრმა უნდა წაიკითხოს.

აქვე გეტყვით, რომ „საბა“ განიხილავს ყველა წიგნს, რომელიც კი წინა წელს. გამოიცა. ხანდახან ისეც ხდება, რომ ყველა წიგნის წაკითხვას ჟიური ვერ ასწრებს. ასეთ დროს, როგორც „საბას“ ჟიურის ერთ-ერთი წევრი, რატი ამაღლობელი, ამბობს, ჟიური ერთმანეთს ენდობა, ზოგადად გადაწყვეტილებების მიღება კი არაერთხელ გასძნელებია: ”შეიძლება ვიკითხოთ, ვისა აქვს ეს წიგნი წაკითხული და შემდეგ ვინაწილებთ ჟიურის წევრები. რაღაც მომენტში ვენდობით ერთმანეთის შეფასებებს. მაგრამ ჩემს პრაქტიკაში არასოდეს მომხდარა, რომ არც ერთი წიგნი ჟიურის არც ერთ წევრს არ ჰქონოდეს წაკითხული. გადაწყვეტილების მიღება კი მაშინ გამჭირვებია, როდესავ ბევრი თანაბარი სიძლიერის ავტორი ყოფილა წარდგენილი. ყოფილა შემთხვევა, ამ შვიდ ნომინაციაში ერთი გასულა მხოლოდ, ჩემი ფავორიტი.”

რატი, რომელიც თავადაცაა „საბას“ პრემიის ლაურეატი, ამბობს, რომ ეს პრემია იწვევს მკითხველების და გამომცემლების, კარგი გაგებით, პროვოცირებას, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფულად წახალისებაზე, რასაც გამარჯვებული ავტორი იღებს. ეს მომენტი არანაკლებ მნიშვნელოვნად მიაჩნია მწერალ დათო ტურაშვილს, თუმცა დათო ტურაშვილი იმასაც ამბობს, რომ „საბაც“, ნებისმიერი სხვა კონკურსის მსგავსად, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას ადამიანების ჯგუფი იღებს, არის სუბიექტური. თუმცა, მისი აზრით, დადებითი მომენტია ის, რომ დამფინანსებელი ჟიურის წევრების გადაწყვეტილებაში არ ერევა: ” ”თი-ბი-სი” არ ერევა ჟიურის საქმიანობასა და გადაწყვეტილებეში და ამ მხრივ ეს პრემია თავისუფალია ჩაწყობებისგან. მაგრამ არის რაღაცები, რაც არ მომწონს. ზოგიერთ წელს ვიგრძენი, მაგალითად, რაღაც გადანაწილება პრემიების, ვიღაცისთვის ანგარიშის გაწევა, მთლად კონიუნქტურას ვერ დავარქმევ, მაგრამ მაინც...”

გამომცემლობა “დიოგენეს” ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე ხშირად არ დასთანხმებია ჟიურის გადაწყვეტილებას და, როგორც თავად ამბობს, მისი პრეტენზიები არასოდეს ყოფილა უსაფუძვლო. მისი სიტყვებით, „საბა“ მართლაც იქცა მთავარ ლიტერატურულ პრემიად, თუმცა ის ვერ ასცდა კონიუნქტურულობას: ”კონიუნქტურაში მე ვგულიხსმობ რაღაც გარემოებებისათვსი ანგარიშის გაწევას. იმის გამო, რომ ამ კონკურსმა მიიღო ასეთი სახე - ის არის მთავარი ლიტერატურული ჯილდო საქართველოში და ამ იმიჯის შექმნას ყველანაირად უწყობენ ხელს დამფუძნებლები, ეს საკმაოდ მძიმე ტვირთია ჟიურისთვის, ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას მთელი საზოგადოების და დამფუძნებლის წინაშე, მე მგონია, რომ ეს, გარკვეულწილად, დაღს ასვამს მათ გადაწყვეტილებას. არ ვამბობ, რომ ეს განზრახ ხდება. ეს შეიძლება მოხდეს უნებლიეთ, როდესაც ყველაფერს ითვალისწინებ და გემოვნებას და შინაგან პასუხისმგებლობას ზღუდავ გარემოებებით.”

თამარ ლებანიძე არ უარყოფს, რომ იყო წყენაც: ” ბოლო წლებია ჩვენ ”საბა”არ გვქონია და ცოტა გულნატკენი ვარ და ძალიან მინდა, რომ გაირღვეს ეს რაღაცნაირი ბლოკადა. ძალიან გამიხარდება, თუ ჩვენი ნომინანტებიდან ”საბას” აიღებს ზვიად რატიანი, კოტე ჯანდიერი.

“გამომცემლობა „დიოგენე“ „საბაზე“ კიდევ ოთხ წიგნს წარადგენს – თამარ ბართაიას პიესას, მაკა ლდოკონენის მოთხრობების კრებულს, ბორის ვიანის თარგმანს და ირაკლი მახარაძისა და ლაშა ხეცურიანის პუბლიცისტიკას. უფრო გრძელია სხვა გამომცემლობების სიები. მაგალითად, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა „საბაზე“ წარადგენს ისეთ ავტორებს, როგორიცაა ზაზა ბურჭულაძე, რომანით ”ადიბასი”, დავით ქართველიშვილის პუბლიცისტიკა, თარგმანებში ორჰან ფამუქის ”ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” და სხვ.

გამომცემლობა ”სიესტას” სიაში მოხვდა დათო ტურაშვილის პროზა,
ბასა ჯანიკაშვილის პიესა ”დიქტატურა”,ლელა სამნიაშვილის პოეტური კრებული ”ფრაქტალები”,ლია სტურუას პოეზია, თარგმანში - მიგელ დე უნამუნოს ესსეები,დარეჯან სუმბაძის პროზა, დებიუტში - დიტო შველიძე და ა.შ.

ალბათ, არ მოვიტყუებით, თუ ვიტყვით, რომ „საბას“ აღება ამ პრემიაზე წარდგენილ თითქმის ყველა მწერალს ანიჭებს სიამოვნებას. მაგრამ ხანდახან არიან გამონაკლისებიც - ისეთები, რომლებიც საგანგებოდ მათთვის დაფენილ წითელ ხალიჩას ერიდებიან, წერენ ჩუმად და მკითხველიც ასეთი უნდათ, რომ ჰყავდეთ. მათ ხმაური არ უყვართ. ასეთია პოეტი მაია სარიშვილი, რომელმაც „საბა“ კრებულისთვის „მიკროსკოპი“ 2008 წელს აიღო. მას ძალიან არ უყვარს კონკურსები. მაშინაც „საბაზე“ მონაწილეობას ერთი სუბიექტური მიზეზით დასთანხმდა, რომელსაც ახლა არ ვიტყვი, მაგრამ დისკომფორტის მიზეზებზე მაია თავად საუბრობს: ”ვერ ვხვდები ამ კონკურსების არსს, აზრს და შედეგს... დაახლოებით ვხვდები, რომ, ალბათ, წამახალისებელი უნდა იყოს, რაღაც მიახლოებითი შეხედულებები მაქვს, მაგრამ გამოკვეთილი - არა და თან მე თვითონ ვგრძნობ დისკომფორტს.”

შესაბამისად, არც “საბას” ელოდა. მაშინ იქნებ ვერც ვერავინ შეამჩნია, რას ფიქრობდა ნომინანტებისგან შორს მდგარი „საბას“ მომავალი გამარჯვებული: „იქ დგომა ჩემთვის ნიშნავდა კატასტროფას. ჯერ ხომ გვითხრეს, რომ წინა რიგში დასხედითო ნომინანტები, მაგრამ იქ ვერ დავჯექი, ცუდად გავხდი, სადღაც ბოლო რიგში ვიმალებოდი. და უარესი იყო, როცა ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს... იმ წითელ ხალიჩაზეც ვერ გავიარე, სადღაც უკნიდან შევძვერი და რომ გადმოვხედე ამდენ ხალხს, პირველი რეაქცია ის იყო, რომ სახეზე ხელები ავიფარე და შემდეგ ეს აღიქვეს, როგორ გაუხარდაო. და, არადა, თვითდაცვითი რეაქცია იყო, ის კი არა, რომ საშინლად გამიხარდა, არა. ნუ მიყურებთ-მეთქი”...

“საბასთან” დაკავშირებული ვნებათაღელვები ჯერ წინაა. ხუთი თვე ლოდინი მოუწევთ ნომინანტებს, მათ გულშემატკივრებს და, უბრალოდ, ლიტერატურით დაინტერესებულ ან, სულაც, ცნობისმოყვარე ადამიანებს, რომ გაიგონ, ვისი იქნება წლევანდელი „საბა“. დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, ივნისის ბოლოს იგეგმება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG